ია მეტრეველი: არ მაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო განაჩენს,  ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანს

ია მეტრეველი: არ მაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო განაჩენს, ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინააღმდეგ „ფონდი ქომაგისა“ და  მისი შემომწირველის ბიძინა გიორგობიანის სააპელაციო საჩივარს განიხილება. პროცესი შესაბამისი უწყების ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დღეს 10:00 საათზე იყო ჩანიშნული.

როგორც ფონდი „ქომაგის“ ხელმძღვანელმა ია მეტრეველმა From.ge -სთან საუბარში განაცხადა, მოლოდინი იმისა, რომ მათი საჩივარი დაკმაყოფილდება და სასამართლო მათ სასარგებლო განაჩენს გამოიტანს არ აქვს. ამიტომ მისი თქმით, საჩივრის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში ზემოდგმომ ინსტანციებს მიმართავს.

„რომ გითხრათ რომ სამართლიანობას ველოდები, არა. ქვეყანაში სასამართლო საერთოდ ჩალით არის დაფარული და აბსოლუტურად აღარ არსებობს. უბრალოდ ჩვენ პროცედურულად შევიტანეთ სარჩელი სააპელაციოში და გავასაჩივრეთ. ამის შემდგომ სტრასბურგის სასამართლოს  მივმართავთ“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ქომაგის“ შემომწირველი ბიძინა გიორგობიანი ფონდის ანგარიშზე გადარიცხული 85 000 ევროს ათმაგი ოდენობით დააჯარიმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგობიანს ჯარიმა გაუნახევრა და ფონდში გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობის გადახდა დააკისრა. 

ამასთანავე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფონდმა ბიძინა გიორგობიანის მიერ მის ანგარიშზე გადარიცხული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხოს.

სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე მანანა ჩოხელი განიხილავს.