[რეზონანსი ია აბულაშვილი]
ოფიციალური მონაცემებით, ტუბერკულოზით პატიმართა 6,6%-ია დაავადებული, არაოფიციალურად კი - თითქმის ნახევარი
ტუბერკულოზის გავრცელებამ საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში ბოლო პერიოდში კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და სწორედ ეს დაავადება წარმოადგენს პატიმართა სიკვდილობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოს ციხეებში მყოფი 24 ათასი პატიმრიდან 1 579, ანუ დაახლოებით 6,6% ტუბერკულოზითაა დაავადებული. უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ ეს მაჩვენებელი ხელოვნურადაა შემცირებული და რეალურად პატიმართა თითქმის ნახევარი ტუბერკულოზითაა ავად.
პენიტენციალური სისტემის დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის დროს, სახალხო დამცველის აპარატმა გამოავლინა, რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები გადაჰყავთ ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, სადაც ასეთი პატიმრები მალევე იღუპებიან.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პენიტენციალური სისტემის დაწესებულებებში სულ გამოვლენილია ტუბერკულოზით ავადობის 1 579 შემთხვევა. მათგან 1 172 პირი ჩართულია "დოტს"-ის პროგრამაში. 60 პაციენტს დაუდგინდა ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული ფორმა.
მულტირეზისტენტული ფორმით გარდაცვლილთა მაჩვენებელი ბოლო პერიოდში კი გაცილებით მაღალია წინა პერიოდებთან შედარებით.
ამავე ანგარიშის თანახმად, ქსნის #19 ტუბერკულოზის დაავდაბეულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან პაციენტები სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში გადაჰყავთ მაშინ, როდესაც მკურნალობის კურის დასრულებული არ არის. რაც შეეხება სამედიცინო ინფრასტრუქტურას, პენიტენციალურ სისტემაში დღეის მდგომარეობით სამედიცინო ნაწილებში იზოლირებული ტუბპალატები აქვს მხოლოდ 8 დაწესებულებას.
სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე წერია, რომ ციხეებში გადატვირთულობა და ცუდად ვენტილირებული ოთახები იწვევს ტუბერკულოზის გავრცელების მაღალ რისკს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს კანონის "პაციენტის უფლებების შესახებ" 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, "სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის ხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით", რაც რეალურად არ სრულდება.
"სიკვდილის ექსპორტი"
პატიმრების რაოდენობა ბოლო წლებში კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. 2011 წლის 1 იანვრისათვის საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში 23 684 პატიმარი იყო განთავსებული. აქედან 22 307 მამაკაცია. 1 171 - ქალი. 93 უვადო თავისუფლება აღკვეთილი პირი. 171 ხანდაზმული. 199 არასრულწლოვანი ბიჭი და 2 არასრულწლოვანი გოგო. მაშინ როცა 2010 წლის 1 იანვარს პატიმრების რაოდენობა შეადგენდა 21 098. ანუ ერთი წლის განმავლობაში პატიმართა რაოდენობა 2 586-ით გაიზარდა. ხოლო 2004 წლიდან 2011 წლის 1 იანვრამდე - 17 030-ით.
სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2006-2010) საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში სულ გარდაცვლილია 513 პატიმარი. 2010 წელს სიკვდილობის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია - მთელი წლის მანძილზე გარდაიცვალა 142 ადამიანი. 2011 წლის 6 თვის განმავლობაში, ანუ 2011 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, გარდაიცვალა 77 ადამიანი.
როგორც "რეზონანსს" სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს. ამ ეტაპზე არა აქვთ ინფორმაცია, თუ ამ 77 ადამიანიდან რამდენი გარდაიცვალა ტუბერკულოზით.
მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს გარდაცვალების შემთხვევათა თითქმის ნახევარი, რომელიც მოდიოდა მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებებზე (49%-ი), 2010 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი თითქმის განახევრდა და ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი პატიმრები ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფლოში გადაჰყავდათ.
ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი და გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობამ გასულ წელს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის თითქმის 46% შეადგინა. ამ მხრივ წამყვან ადგილზე გამოვიდა ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ერთონული ცენტრი. ქალაქის საავადმყოფოებში გარდაცვლილ პატიმართა 43% სწორედ აქ გარდაიცვალა.
სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პატიმართა გადაყვანა ხდებოდა იმ მიზნით, რომ სიკვდილი დაფიქსირებულიყო პენიტენციალური სისტემის ფარგლებს გარეთ.
"უკანასკნელ წლებში საქმე გვაქვს ერთგვარ ფენომენთან, რომელსაც "სიკვდილის ექსპორტი" შეიძლება ვუწოდოთ", - ნათქვამია ანგარიშში.
ვინ აგებს პასუხს პატიმართა ჯანმრთელობაზე
გარდაცვლილ პატიმრათა სოლიდურ ნაწილს დადგენილი ჰქონდა მძიმე და განუკურნებელი დაავადების დიაგნოზი, მათ შორის ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმები. ამ პატიმართა მიმართ სასჯელის გადავადების, ან მათი ვადამდე გათავისუფლების საკითხი არ დასმულა, რაც კანონით არის გათვალისწინებული.
ადამიანის უფლებათა დამცველები თვლიან, რომ სასჯელაღსრულების სფეროში არსებული ჯანდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს პატიმართა ადეკვატურ მკურნალობას და ტუბერკულიოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა დაწესებულებაში დღეს არსებული სამი საცხოვრებელი კორპუსი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე: "სტატისტიკა მუდმივად იცვლება. დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს სამკურნალო დაწესებულებაში 1 300-მდე ტუბერკულოზით დაავადებული პირია. დღეის მდგომარეობით 90 პატიმარი მოთავსებულია ქსნის სამედიცინო დაწესებულებაში მულტირეზიდენტური ფორმით და ეს ადამიანების სიკვდილისათვის არიან განწირული.
"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებს, რომ სახელწიფო ვერ უზრუნველყოფს ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებას. მიმაჩნია, რომ რაც არ უნდა ძვირი ჯდებოდეს ტუბერკულოზის მკურნალობა, მთელი ხარჯები სახელმწიფომ უნდა აიღოს", - განაცხადა "რეზონანსთან" დავით ლორთქიფანიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" ნანა კაკაბაძის თქმით, თითქმის ყოველი მეორე პატიმარი დღეს ტუბერკულოზით არის დაავადებული.
"ტუბერკულოზი ეპიდემიად იქცა. იგი პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზეა ჰეპატიტი. მართალია, დასკვნებში წერენ, რომ გარდაცვლილებს გულსისხძარღვთა დაავადება ჰქონდა, მაგრამ უდიდესი ნაწილი სწორედ ტუბერკულიოზით არის გარდაცვლილი.
"პატიმრები, რომლებიც დღეს ჩვენს პენიტენციალურ სისტემაში იხდიან სასჯელს, გაუსაძლის პირობებში არიან, არ აქვთ სათანადო კვება, მკურნალობა, მედიკამენტები, აწუხებთ ნესტი და უჰარეობა. ეს კი ყველაფერი იწვევს მძიმე დაავადებებს, მათ შორის ტუბერკულოზს.
"მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს და არ მახსენდება არც ერთი პრეცენდენტი, რომ ადამიანები, რომლებიც ძირითადად საპატიმროებში ჯანმრთელები შედიან და იქ სნეულდებიან, მათ შორის ტუბერკულოზით, სახელმწიფოს მათთვის რაიმე სახის კომპენსაცია გადაეხადოს", - განაცხადა "რეზონანსთან" ნანა კაკაბაძემ.
ერთი კონკრეტული შემთხვევა
გუშინ ადამიანის უფლებათა დამცავებმა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობის წინ 23 წლის პატიმრის იოსებ წიკლაურის საქმე გააპროტესტეს. წიკლაური ტუბერკულოზის მძიმე ფორმით არის დაავადებული, კერძოდ მულტირეზისტენტულით.
იოსებ წიკლაურს 8 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. მას ბრალად ედება იარაღის უკანონო შენახვა და ხულიგნობა. პატიმარს სასჯელიდან 2 წელი მოხდილი აქვს.
პატიმრის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელს გიორგი ხიზანიშვილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ადანაშაულებენ. ისინი მოითხოვნე იმ საექსპერტო დასკვნის გაცემას, რომელიც ბიუროს 8 აგვისტომდე უნდა გაეცა.
სწორედ 8 აგვისტოს ამოიწურა ამ დასკვნის გაცემისათვის კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადა - 30 სამუშაო დღე. ოჯახს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ბიუროსთან და 230 ლარიც გადაიხადა, თუმცა ამ დრომდე დასკვნა არ მიუღიათ.
როგორც "რეზონანსთან" პატიმრის ადვოკატმა ჯუმბერ მილორავამ განაცხადა, წიკლაურის მდგომარეობა უმძიმესია, შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს და მისი პატიმრობაში დატოვება არ შეიძლება. ესქპერტიზის ბიუროსაგან სჭირდებათ დასკვნა, რომლის საფუძველზე სასამართლოს უნდა მიმართონ და სასჯელის გადავადება ითხოვონ.
ამჟამად პატიმარი მსჯვრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან ტუბერკლოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრშია გადაყვანილი. ადვოკატს ხელთ აქვს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ერვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა # 1159, სადაც წერია, რომ მსჯავრდებული იოსებ წიკლაურის ზოგადი მდგომარეობა მათ ცენტრში მკურნალობის ყველა ეტაპზე იყო მძიმე და მათთან განმეორებითი ჰოსპიტალიზაციისას (2011 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით) აღენიშნებოდა ზოგადი მდგომარეობის განსაკუთრებული გაუარესება.
"რეზონანსთან" მსჯავრდებულის მამამ ზურაბ წიკლარუმა განაცხადა, რომ მისი შვილი ციხეში დაავადა. პენიტენციალური სისტემა მის მკურნალობას ვერ უზრუნველყოფს და ამბობს, რომ მის შვილს საკუთარი ხარჯებით უმკურნალებს.
როგორც საექსპერტო ბიუროს კანცელარიაში "რეზონანსს" განუცხადეს, დასკვნა არსებობს, თუმცა გიორგი ხიზანიშვილს ხელი ჯერ არ მოუწერია და კანცელარიაში არ შესულა. ცნობისათვის, გიორგი ხიზანიშვილი შვებულებაში იმყოფება.
"რეზონანსი" გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ამ თემაზე უშუალოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მიეღო რაიმე ინფორმაცია, ან ამ პრობლემასთან დაკავშირებით მათი ოფიციალური პოზიცია დაეფიქსირებინა, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.