ვინ იქნება აფხაზეთის მესამე

ვინ იქნება აფხაზეთის მესამე "პრეზიდენტი"?

[ახალი 7 დღე  ზურაბ მაზნიაშვილი]

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. როგორც რუსი ჟურნალისტები და ექსპერტები ამტკიცებენ, აქამდე აქ არც ერთ ზაფხულს არ ყოფილა ასეთი მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა. ხალხის ინტერესი გასაგებია: ვინ შეცვლის სერგეი ბაღაფშს, რომელიც, მიუხედავად თავისი ანტიქართული შეხედულებებისა, უნდა ვაღიაროთ, რომ საღად უყურებდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის მიღწევის პერსპექტივას, მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები აფხაზების სამშობლოში დაბრუნების გეგმაზე, ყველაზე გამოცდილ დიპლომატს აფხაზთა შორის ესმოდა, რომ რუსეთის გავლენა აფხაზეთზე უნდა დაბალანსდეს – ბალანსისთვის ბაღაფშმა აირჩია თურქეთში მყოფ, მუჰაჯირობის ტალღას გაყოლილ აფხაზურ დიასპორასთან კავშირი. გარდაიცვალა ამ გეგმის განხორციელებამდე.

ბაღაფშის პოლიტიკა პოპულარული იყო ხალხში. ბაღაფშის შემცვლელად აირჩევენ იმას, ვინც წინამორბედი პრეზიდენტის პოლიტიკას გააგრძელებს – ეს კი ძალიან საშიშია. რუსული მედია უკვე ვარაუდობს, რომ მოსკოვს ჰყავს თავისი ფავორიტები. თუმცა, როგორც ყველგან, აფხაზეთშიც ასეთი ფავორიტებიც ვერ იგებენ არჩევნებს ხალხის მხარდაჭერის გარეშე. მომავალი საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილი იყო 2012 წლისთვის. თუმცა აქ საპარლამენტო არჩევნებს არასდროს ახლავს ისეთი ინტერესი, როგორიც საპრეზიდენტოს. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონშემოქმედი ორგანო ძველებურად დაქვემდებარებულის როლს თამაშობს, აფხაზურ გეგმებს ერთი კაცის ხელი სჭირდება. მაგრამ ვისი? ეს ჯერ კიდევ არ იციან აფხაზებმა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებს მხოლოდ 2014 წლის მიწურულს ელოდნენ და ბაღაფშის შეცვლაზე თითქმის არავინ ფიქრობდა.
სწორედ ამიტომ ვარაუდობენ აფხაზეთის შიდა პოლიტიკაში ჩახედულები, რომ ეს არჩევნები იქნება აფხაზეთისთვის ყველაზე ძნელად ჩასაბარებელი გამოცდა. ამიტომ არის მლოდინი, რომ ადრე დამკვიდრებული გამოთქმა – 2004 წლის ცხელი შემოდგომა – რამდენიმე დღეში ასე შეიცვლება: 2011 წლის ცხელი ზაფული.

ექსპერტები სრულიად სამართლიანად აღნიშნავენ, რომ საქართველოს ფაქტორი აფხაზურ პოლიტიკაში მარგინალური გახდა. მან იმუშავა სხვადასხვა პოლიტიკურ რეალობებსა და, მათ შორის, არჩევნებშიც. მაგრამ დღეს უპირველეს პოლიტიკურ პრობლემად იქ განიხილება რუსეთის სამხედრო–პოლიტიკური გავლენის საკითხი. რას იღებს აფხაზეთი ამ გავლენის საფასურად? ეს არის ყველაზე აქტუალური კითხვა დღეს ენგურს გადაღმა. ამ კითხვას გვერდს ვერ აუვლის პრეზიდენტობის ვერც ერთი კანდიდატი. თუმცა გარკვეული პასუხი არც ერთი მათგანის წინასაარჩევნო კამპანიაში არ თქმულა. ეს არც არის გასაკვირი: თუ პრეზიდენტობის კანდიდატებს გადავანაწილებთ სამ ჯგუფში – რუსეთის ფიგურები, პროდასავლელები და მკვეთრად ნაციონალები – გასაგები გახდება, რომ არც ერთ მათგანს არ უნდა აწყობდეს რუსეთის ფაქტორის ღიად უარყოფით კონტექსტში გამოტანა. მიზეზიც გასაგებია: რუსეთს აფხაზეთში ყველაფრის გაკეთება შეუძლია, წითელი ნაჭრის აფრიალება მის ცხვირწინ მხოლოდ მაყურებელთა ტრიბუნებს გაართობს.

ექსპერტები არჩევნებში ყველაზე დიდ შანსს უწინასწარმეტყველებენ ალექსანდრე ანქვაბს, აფხაზეთის მოქმედ ვიცეპრეზიდენტს, ყოფილ პრემიერმინისტრს. მას აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის დიდი საბჭოური და პოსტსაბჭოური გამოცდილება. საბჭოთა მილიციის პოლკოვნიკი საბჭოთა საქართველოს ემსახურებოდა, საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ – სათავეში ჩაუდგა აფხაზეთის სამართალდამცავი სისტემის ჩამოყალიბებას. მოსკოვთან კი ამავე წლებში ბიზნესინტერესებმა დააკავშირა. მისი პროფესიული და იდეოლოგიური პორტრეტის ყველა შტრიხი რუსული ყალმით არის შესრულებული. არსებობს კიდევ ერთი ცნობა მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან – ანქვაბი იყო თითქმის ერთადერთი ადამიანი სოხუმის ხელისუფლებაში, ვინც ვერ ახერხებდა არძინბასთან თანამშრომლობას და ამის დამალვა არასდროს უცდია. ანქვაბი პოლიტიკაში არის ძალოვანი სტრუქტურიდან მოსული და მკაცრი, ხისტი, ძალოვანი მეთოდებით მართვის მომხრე. ეს მისი მხარდამჭერებისთვის პლუსად ითვლება, თუმცა ამავე ხელწერის გამო ხშირად აკრიტიკებენ მოწინააღმდეგეები.

სერგეი შამბას სრულიად საწინააღმდეგო თვისებებს მიაწერენ. იგი ბაღაფშის შემდეგ მიიჩნევა ყველაზე გამოცდილ დიპლომატად თვითაღიარებულ რესპუბლიკაში. მოქმედი პრემიერმინისტრი დიპლომატიაში გაწაფა თითქმის ყველა საერთაშორისო დონის მოლაპარაკებაში მონაწილეობის გამოცდილებამ. მას, როგორც აფხაზეთის ინტერესების წარმომადგენელს, იცნობენ ყველგან: ჟენევაში, გაეროში, ევროკავშირში, აშშ–ში. მის მთავარ პოლიტიკურ შტრიხად მიიჩნევენ მოქნილობას, საკუთარი ქმედების მართვის უნარს, დემოკრატიული მმართველობის არჩევანს, მოსკოვზე ყველაზე ნაკლებ დამოკიდებულებას. 

ექსპერტები მეტ–ნაკლებ შანსებს უწინასწარმეტყველებენ რაულ ხაჯიმბასაც, რომელმაც, უკვე წლებია, აფხაზურ პოლიტიკაში დაიმკვიდრა ოპოზიციონერის სახელი. ხაჯიმბამ ვერ აჯობა ბაღაფშს და ამ მარცხმა მას პოლიტიკური ტაქტიკის კორექციის აუცილებლობა უკარნახა. მეორე მხრივ, ერთადერთი დაუძლეველი მეტოქის სამუდამო გასვლა ორთაბრძოლიდან ხაჯიმბას მხარდამჭერებს მისი გამარჯვების შესაძლებლობაში არწმუნებს. მოსკოვი მას მუდამ იფარავდა – ის ხომ საბჭოთა უშიშროების ძველი კადრია. მართალია, მას, როგორც ბაღაფშის ოპოზიციაში მყოფს, ხშირად უხდებოდა აფხაზეთზე რუსეთის აულაგმავი ფინანსური გავლენის მხილება, მაგრამ – დაშვებულობის ფარგლებში – ტაქტიკური იარაღის დოზით, რომელიც ისვრის არჩეულ მიზანში, თუმცა მანევრებს აკეთებს ცრუ მიმართულებებზე. ამ ხელწერამ მოსკოვის პირმშოს ტრადიციონალისტისა და ნაციონალისტის იმიჯი მოუხვეჭა. ეს კი უკვე მანევრირებული ბრძოლის წარმატებაა. შეცვლილი ტაქტიკის გამართლებაა. 

ასეა თუ ისე, საქართველოს სახელმწიფოს იურიდიულ ტერიტორიაზე, აფხაზეთის ფაქტობრივად დამოუკიდებელ რესპუბლიკაში ზუსტად ერთ კვირაში რიგით მესამე პრეზიდენტს აირჩევენ. რას მისცემს არძინბასა და ბაღაფშის მემკვიდრე აფხაზებს? რუსული გავლენისა და დამოუკიდებლობის ილუზიის სტაგნაციას? რა პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დააყენებს რიგით მესამე აფხაზი ლიდერი საკუთარ თავს? ჩვენთვის, ქართველებისთვის, შედეგისა და პოლიტიკური რეალობის მიუხედავად, სულ ერთი არ არის, ვინ იქნება მესამე.