[რეზონანსი. ლილი ხმალაძე]
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვართან ქართული მხარის მიერ მშვიდობიანი მსვლელობების მზადების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და ქართულ მხარეს პროვოკაციაში ადანაშაულებს.
ცნობას უარყოფენ შსს-ში. ახალგორელები ამბობენ, რომ სოფელ ლამისყანასთან რამდენიმე კარავი უკვე გაშლილია და მსვლელობისათვის სამზადისი კვლავ მიმდინარეობს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის ცნობით, ქართულ საგუშაგოზე სპეცრაზმის მობილიზებაც მოხდა. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი ამბობს, რომ მსგავსი არაფერი სმენია და ოსური მხარის ინფორმაციას "წინასაარჩევნოდ" გავრცელებულ პროვოკაციას უწოდებს.
მშვიდობიანი მსვლელობის შესახებ ინფორმაცია სააგენტო "რესს" პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის ოფისში მიაწოდეს.
ოსური მხარის ინფორმაციით, მშვიდობიანი მიტინგების საშუალებით ქართული მხარე აგვისტოს ბოლოსთვის ე.წ. სახელმწიფო საზღვართან პროვოკაციებს გეგმავს. ეს ინფორმაცია დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასაც მიაწოდა.
"ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, 26 აგვისტოსთვის, საქართველოს ხელისუფლების წაქეზებით, საქართველოს მთელ რიგ ტერიტორიებზე, რომლებიც სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვართან მდებარეობს, იგეგმება ე.წ. "მშვიდობიანი მიტინგები" სამხრეთ ოსეთის ყოფილ მცხოვრებთა მონაწილეობით", - ნათქვამია წერილში.
ოსური მხარის განცხადებით, პროვოკაციის განხორციელების შემთხვევაში, ე.წ. საზღვარზე ვითარება მკვეთრად დაიძაბება.
"ცხინვალის ხელისუფლება იძულებული იქნება მიიღოს ყველა ზომა, რათა არ დაუშვას ე.წ. საზღვრის არასანქცირებულ გადაკვეთა", - ნათქვამია წერილში.
ოსური მხარის ინფორმაციით, ამაზე პასუხისმგებლობას დე ფაქტო რეჟიმი ქართულ მხარეს და ევროკავშირის დამკვირვებლებს აკისრებს.
ახალგორელების ცნობით, სოფელ ლამისყანაში ბოლო ორი დღეა რამდენიმე კარავი მართლაც გაშლილია და მსვლელობისათვის სამზადისიც მიმდინარეობს. ადგილობრივებმა "რეზონანსს" უთხრეს, რომ, მათი ინფორმაციით, ქართული მხარის მიერ მშვიდობიანი მსვლელობის მოწყობა იგეგმება. თუმცა, მათთვის უცნობია, ვინ არის ორგანიზატორი, ან კონკრეტულად რა სახის იქნება ეს აქციები.
მოსახლეობის თქმით, ამ აქციის გამო თავადაც ღელავენ და მიაჩნიათ, რომ შესაძლოა რაიმე პროვოკაცია მოხდეს. როგორც ახალგორელები ამბობენ, მათ დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მადგილე სერგეი სანაკოევი შეხვდა, სიფრთხილისაკენ მოუწოდა და ურჩია, პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად ყურადღება არ მიაქციონ. ახალგორის გამშვები პუნქტის პოლიციის უფროსმა თემურ ბურდულმა გვითხრა, რომ ამის თაობაზე არაფერი იცის და შსს-ს პრესსამსახურში გადაგვამისამართა. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ მსგავს განცხადებას სერიოზულად არ განიხილავენ.
"სერიოზული კომენტარის გაკეთება ამაზე შეუძლებელია. თქვენ კიდევ დეტალებზე მელაპარაკებით, სერიოზულად არც განვიხილავთ ამ განცხადებას", - ამბობს შოთა უტიაშვილი.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ლამისყანაში რამდენიმე კარავი მართლაც არის, თუმცა, მისთვის უცნობია, ვინ ან რატომ გაშალა ისინი. მისი ინფორმაციით, სპეცრაზმის გარკვეული მობილიზაცია ქართულ საგუშაგოზეც იყო. ზაქარეიშვილის თქმით, ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნია, ამიტომ რთულია საუბარი, თუმცა, თუ ასეთი მსვლელობა მართლა გაიმართება, მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცილებს ქართული მხარე პროვოკაციას, თუ გამყოფ ზოლს არ გადაკვეთს.
"ვიცი, რომ ლამისყანასთან რამდენიმე კარავი არის გაშლილი, მაგრამ ვინ გაშალა, რა ორგანიზაციაა, ან რას აკეთებენ, წარმოდგენა არ მაქვს. ისიც ვიცი, რომ ქართულ საგუშაგოზე სპეცრაზმის გარკვეული მობილიზაცია იყო, ალბათ იმიტომ, რომ პროვოკაცია არ დაეშვათ.
"აშკარად რაღაცეები ხდება და დეტალურად ვინ რას აკეთებს, არ ვიცი. ამიტომ ძნელია ამაზე საუბარი. ბუნდოვანია ყველაფერი. შესაძლოა, ეს არ იყოს პროვოკაციული და გულწრფელი პროტესტი გამოაცხადონ, მაგალითად, ოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებით. მთავარია არ გადალახონ ის ხაზი, სადაც რუსი ოკუპანტები მათ ტერიტორიად თვლიან. თუ ეს მოხდა, ყველაფერი მოსალოდნელია.
"მაგალითად, ამას წინათ ხალხი ჯონჯოლზე იყო წასული და ესროლეს კიდევაც და დაჭრეს ადამიანები. ანუ, რუსებისაგან ყველაფერი მოსალოდნელია. რაც არ უნდა სამშვიდობო იყოს აქცია, მოსალოდნელია მისი პროვოკაციული ხასიათი. არ შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ უიარაღო ხარ, გამოწვევაზე გადახვიდე შეიარაღებულ ადამიანთან, მათგან ყველაფერი მოსალოდნელია. ამიტომ, ეს სამშვიდობო აქციები კარგი იქნება, თუ ისინი გამყოფ ხაზს არ გადალახავენ", - ამბობს ზაქარეიშვილი.
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი ამბობს, რომ არც სამშვიდობო აქციიაზე და არც რაიმე სახის სამზადისზე ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, ცხინვალის ხელისუფლება პროვოკაციულ განცხადებებს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად და ქართული მხარის გამოსაწვევად აკეთებს.
"სიმართლე გითხრათ, მსგავსი არაფერი მსმენია. რასაც ოსური მხარე ამბობს, ეს მხოლოდ პროვოკაციული განცხადებებია. ასეთი ფაქტის შესახებ არაფერი ვიცი. არც რაიმე მსვლელობის სამზადისზე, არც ახალგორში მოსახლეობისა და სერგეი სანაკოევის შეხვედრაზე არაფერი ვიცი. ვფიქრობ, ეს ოსური მხრიდან პროვოკაციული განცხადებებია. ახლა მათთან წინასაარჩევნო კამპანია იწყება და ქართული მხარის პროვოცირება და საერთაშორისო საზოგადეობის ყურადღების მიქცევა სურთ", - ამბობს სანაკოევი.