ალექსი პეტრიაშვილი: სააკაშვილის უნებლიე აღტკინება,რეალობის  არაადექვატურია

ალექსი პეტრიაშვილი: სააკაშვილის უნებლიე აღტკინება,რეალობის არაადექვატურია

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დებატები შედგა

პეტრიაშვილს ევროპარლამენტში საქართველოს  წინასაარჩევნო ვითარების  განხილვა მნიშვნელოვნად მიაჩნია  და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებმა  არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით,  შეშფოთება გამოთქვეს.

მისი განცხადებით, დებატებისას  ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოში რეალურად  პოლიტიკური  ნიშნით ადამიანების დევნა ხდება, რომ კონკრეტულად,  ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალას და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს რეალურად პოლიტიკური საქმიანობის გამართვისა და  წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის შესაძლებლობა არ ეძლევა.

პეტრიაშვილის თქმით,  ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება,  რომ დებატების ინიცირების ძალისხმევამ  ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიცია  „ქართულ ოცნებას“ ვერანაირი შედეგი ვერ მოუტანა დეზინფორმაციაა და აღნიშნავს, რომ  „მიხეილ სააკაშვილის სიტყვებიდან რეალურად გამოჩნდა,  კოვზი ნაცარში ვის ჩაუვარდა“.

„მას ძალიან არ უნდოდა დებატები გამართულიყო, თუმცა დებატები მართლა შედგა და  მივიჩნევ, რომ  ეს  ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ,  ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოდის ძალიან შემაშფოთებელი სიგნალები საქართველოდან და მათ  ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და პოლიტიკური ნიშნით დევნას თავი დაანებოს,  რომ აუცილებელია ყველა ღონე იხმაროს იმისათვის,  რომ  ჩვენს ქვეყანაში  რეალურად  თანასწორი წინასაარჩევნო გარემო შეიქმნას“, - განაცხადა პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ  ამ თვალსაზრისით,  ძალზე მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი ეშტონის  წარმომადგენლის განცხადება, რომ  „ხელისუფლების წინასაარჩევნოდ ქმედება, არჩევნების ლეგიტიმურობის  მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იქნება.“

პეტრიაშვილის თქმით, დებატებისას მოხდა ხაზგასმა იმისა, რომ მომავალი არჩევნები მთელი ქვეყნისთვის, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებისთვის  და ქართველი საზოგადოებისთვის გამოცდაა.

„ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ბედი და ქვეყნის  შემდგომი განვითარება.  საერთაშორისო საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ ის არ დაუშვებს ხელისუფლების მხრიდან მანიპულირებით, ხელის შეშლით, ზეწოლით, დაშინებებითა თუ დაჯარიმებებით  ხელისუფლებამ  ოპოზიციური ძალისთვის  არათანაბარი წინასაარჩევნო გარემო შექმნას“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ასევე საუბარი იყო,  ორ სახელისუფლებო ტელეარხზე, რომელსაც  აქვს გაცილებით მეტი შესაძლებლობა მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას,  ასევე კონკრეტულად,   სატელიტური თეფშების დაყენებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე და აშ.

„მივიჩნევ,  რომ ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია და ინსტიტუცია,  როგორიც ევროპარლამენტია და  იქ გამართული დებატები  ძალიან კარგი და ნიშანდობლივი გამოხატულება იმისა,  თუ როგორ ყურადღებით ადევნებს თვალყურს ევროთანამეგობრობა საქართველოში მიმდინარე პროცესებს და არა კონკრეტულად,   არჩევნების დღეს ელოდება არამედ,  საქართველოს ხელისუფლების მისამართით,  ძალიან კონკრეტულ გზავნილებს მანამდე გააკეთებს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ  ხელისუფლების გადამკიდე ჩვენი ქვეყნის ცალკეული საელჩოები ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყვნენ ქვეყნის საქმიანობითა და ქვეყნისთვის საჭირობოროტო საკითხების ლობირებით,  კონკრეტულად ერთი  პოლიტიკური ძალისთვის ნეგატიური იმიჯის შექმით არიან დაკავებულნი.

„რა თქმა უნდა,  იქ იყო მსჯელობა, იყო გამოსვლელები და  დადგა ძალიან რეალური სურათი. ერთ-ერთი გამომსვლელი გამოვიდა  და თქვა, რომ საქართველში  დიდი ფულის შემოსვლაა და ეს სახიფათოაო.  ამის პასუხად  იყო ის, რომ  კანონმდებლობით არ ისჯება,  რომ ადამიანს  დიდი ფინანსური რესურსი ჰქონდეს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამიტომ  ხელისუფლებამ  ამ ნიშნით ადამიანის დევნა უნდა დაიწყოსო.  ამიტომ საქართველოს პრეზიდენტის უნებლიე აღტკინება, რომ დებატების მიმდინარეობისას,  რაღაცები მის სასარგებლოდ განვითარდა, რეალობის  არაადექვატურია“, - განაცხადა პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება არ მუშაობს  „როდესაც  ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ევროპარლამენტარებს,  ევროკომისიას და სხვა მნიშვნელოვან ევროპულ სტრუქტურებს  სიმართლე  მივაწვდინოთ“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.