იდუმალებით მოცული „თოჯინების კუნძულის“ ისტორია (VIDEO)

იდუმალებით მოცული „თოჯინების კუნძულის“ ისტორია (VIDEO)

ეს ისტორია გასული საუკუნის ბოლოს, მექსიკის შუაგულში, ქალაქ ხოჩიმილკოს ახლოს მდებარე პატარა კუნძულზე დაიწყო.  La Isla de la Munecas ასე ჰქვია კუნძულს, რომელზეც მხოლოდ ერთი ადამიანი დონ ხულიან სანტანა ცხოვრობდა. კუნძულის სახელწოდება ქართულად  „თოჯინების კუნძულად“ ითარგმნება და ის მსოფლიოში, ერთ-ერთი, ყველაზე იდუმალი და საშიში კუნძულია.

როგორც მექსიკის მცხოვრებლები ყვებიან,  დონ ხულიან სანტანამ მთელი ცხოვრება იზოლირებულად, სრულ მარტოობაში გაატარა, ის არავისთან არ კონტაქტობდა და მუნჯივით დადიოდა. მექსიკაში ამ ადამიანზე ლეგენდები დადის. ეს ლეგენდები კი, მისი ხელით შექმნილ „თოჯინების კუნძულს“ უკავშირდება.

გადმოცემის თანახმად, დიდი ხნის წინ, როცა ახალგაზრდა დონ ხულიანი მდინარის პირას თევზაობდა უბედური შემთხვევის მომსწრე გახდა. მის შორიახლოს მდინარეში სამი გოგონა ბანაობდა, უცებ  მდინარე ადიდდა და გოგონათაგან,  ერთ-ერთი, ყველაზე პატარა დინებამ წაიღო. გოგონას დახრჩობას სანტანაც შეესწრო, მაგრამ მის გადასარჩენად ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.

მას შემდეგ სანტანა ამ მდინარის ნაპირებს არ შორდებოდა, ერთხელაც მდინარემ მის თვალწინ დასახიჩრებული თოჯინა გამორიყა. სანტანამ ეს ნიშნად მიიღო და ჩათვალა, რომ გოგონას სული კუნძულს არ ტოვებდა. სწორედ, ამ დღის შემდეგ, დაიწყო მისი უცნაური ქმედებები. კაცმა თოჯინა კუნძულზე წაიღო და ხეზე დაკიდა. იმ დღის შემდეგ, მის გვერდზე სხვა, ათასობით თოჯინა გაჩნდა. სანტანა ყველგან აგროვებდა თოჯინებს, არ ჰქონდა მნიშვნელობა სად იპოვიდა მათ, როგორი იყვნენ ისინი, მოჰქონდა მაღაზიებიდან,  ქუჩებიდან, სანაგვეებიდან. ფიქრობდა, რომ ამ გზით გოგონას მოხეტიალე სულის დამშვიდებას შეძლებდა.

50 წლის განმავლობაში კუნძულზე ათასობით თოჯინა შეიკრიბა, მათი უმეტესობა მახინჯია, ზოგს თვალი არააქვს, ზოგს ხელი, ზოგს ფეხი. თოჯინების სხეულის ნაწილები, ცალ-ცალკე ჰკიდია ხეებზე, საერთო სურათი საშინელი და ამაზრზენია. მიუხედავად ამისა, კუნძული მაინც იზიდავს იდუმალების მოყვარულ ტრისტებს. ალბათ, ამიტომ მექსიკის მთავრობამ 2010 წელს კუნძულს რესტავრაცია გაუკეთა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, მასზე ბილიკები და ინფრასტრუქტურა გააკეთეს, თოჯინებისა და მისი მოწყობის „დიზაინისთვის“ხელი დღემდე არავის უხლია.

სანტანას გარდაცვალების შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს. ზოგიერთები ამბობენ, რომ ის  უკვალოდ გაქრა, ზოგი კი იმას ამტკიცებს, რომ მან თავი სწორედ იმ მდინარეში დაიხრჩო, სადაც  წლების წინ გოგონას დახრჩობა ნახა.