ბაღათურია: „ქართული ოცნების“, „კრებისა“ და „დასის თანამშრომლობის მიზანი ქვეყნის სააკაშვილისგან გათავისუფლება იქნება

ბაღათურია: „ქართული ოცნების“, „კრებისა“ და „დასის თანამშრომლობის მიზანი ქვეყნის სააკაშვილისგან გათავისუფლება იქნება

„ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“, „სახალხო კრებისა“ და „ქართული დასის“ საარჩევნო პერიოდში თანამშრომლობის ფორმატი მალე გამოიკვეთება. როგორც ბაღათურიამ From.ge-სთან საუბარში განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კონსულტაციები და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ „ქართულ დასსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის თანამშრომლობა უკვე დიდი ხანია აქტიურად მიმდინარეობს.

„თანამშრომლობის მიზანი ქვეყნის სააკაშვილის კლანური მმართველობისგან გათავისუფლება წარმოადგენს და ეს თანამშრომლობა აუცილებლად დაიწყება“, - განაცხადა ბაღათურიამ.

რაც შეეხება არჩევნების დროს რა ფორმატით იქნება წარმოდგენილი სიები, ბაღათურია განმარტავს, რომ  საბოლოო პოზიციები ჯერჯერობით არც ამაზე არ არის ჩამოყალიბებული. მისი თქმით, თანამშრომლობის ფორმატი არჩევნების დროს შესაძლოა ერთიანი ან ორი სხვადასხვა სიით იყოს წარმოდგენილი.

„მე მხარს ერთიან ფორმატს ვუჭერ, მაგრამ კოლეგების აზრი არ ვიცი. ეს კი ანგარიშგასაწევი და გადამწყვეტია. თუმცა პრობლემას ვერც ორ საარჩევნო სიაში ვხედავ. ეს მაინც ერთიანობა იქნება. ყოველშემთხვევაში ისე ჩამოვყალიბდებით, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება“ - აღნიშნა მან.

ბაღათურია, ასევე, არ გამორიცხავს, რომ ამ რეჟიმის დარჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც დაემუქროს საფრთხე.

„მე ვფიქრობ, რომ რა ფორმით გვექნება ეს ურთიერთობა ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლო მომავალში უნდა გახდეს ცნობილი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას და როგორ გავაკეთებთ და ეს მალე უნდა გაჟღერდეს, იმიტომ რომ საზოგადოება არ უნდა დავაბნიოთ“, - დასძინა ბაღათურიამ.