[საქართველო და მსოფლიო]
ჰიტლერთან ანალოგია რობერტ სტურუამ ერთი თვის წინ გაზეთ „ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში ახსენა: „ეს ხელისუფლება ისევე უნდა მოიშოროს ქართველმა ხალხმა, როგორც გერმანელებმა – ჰიტლერი“. მან 2008 წლის ომიც და 26 მაისის აქციის დარბევაც მკაცრად შეაფასა: „ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ სააკაშვილი უნდა გადამდგარიყო, მიტინგის დარბევის შემდეგ კი აღლუმი არ უნდა ჩაებარებინა“.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სტურუას ინტერვიუს ის ფრაგმენტია, რომელშიც იგი აცხადებს: „ქართველებმა ცოდვები უნდა მოინანიონ. მართვა ეკლესიამ უნდა აიღოს ხელში, მაშინ ქვეყანა გადარჩება. თუ სატანას აღმერთებ, აუცილებლად ცუდად დაასრულებ“!
როდესაც სრულიად საერო ადამიანი, რომელიც არასოდეს ყოფილა შემჩნეული რელიგიური თემატიკით თამაშში, ამგვარ ერთმნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს, ეს გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე ათასობით მორწმუნე ადამიანის პროტესტი. ეს იყო სიგნალი, რომელიც ხელისუფლებას არ გამორჩენია.
დღეს ქართული მედიის შეფასებით, „რეჟისორმა რომ თანამდებობა დაკარგა, მისი ბოლოდროინდელი თამამი განცხადებების ფონზე არავის გაჰკვირვებია. სიუჟეტის ასეთი განვითარება მოსალოდნელიც იყო“.
გუშინ, 16 აგვისტოს, რობერტ სტურუამ თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი სოციალური ქსელ „ფეისბუქში“ ერთი სიტყვით გაახმაურა - „მომხსნეს“. იქვე მან ის ბრძანებაც გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ:
„გათავისუფლდეს რობერტ სტურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2011 წლის 15 აგვისტოდან. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან", - კულტურისა და ძეგლთა დაცის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანებას N 1/64-ში მინისტრი ნიკოლოზ რურუა აწერს ხელს.
ინფორმაცია რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ბოლო ერთი თვე იყო საუბარი იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა პირადად მოითხოვა რურუასგან რობერტ სტურუას მოშორება მისდამი კრიტიკული პოზიციის გამო. ლაპარაკობდნენ იმაზეც, რომ ამ საკითხის უმტკივნეულოდ გადაწყვეტისთვის სამინისტრო სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის გაუქმებას გეგმავდა.მართლაც, არ არის თანამდებობა, – არ არის პრობლემაც!
შესაძლო გათავისუფლების შესახებ თავად რობერტ სტურუაც საუბრობდა. იგი იხსენებდა, რომ რუსთაველის თეატრიდან ყველა რეჟისორი გაგდებული ჰყავთ და ალბათ, ამისთვის მეც უნდა ვემზადოო. სტურუა აღნიშნავდა, რომ ის პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება:
„არ ვმალავ ჩემს შეხედულებას, ხოლო, ხელისუფლება კრიტიკულ აზრს ვერ იტანს. ალბათ, ფიქრობენ, რომ თუ ამ თანამდებობას გააუქმებენ, თეატრიდან წავალ. მე თეატრიდან წასვლას არ ვაპირებ, სულ არ მაღელვებს, რა მერქმევა“.
შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქების შესადარებლად სტურუას ორი სპექტაკლის დასახელებაც კმარა: 70–იან წლებში დადგმული „ყვარყვარე თუთაბერი“ იმდენად ნათელი პოლიტიკური მეტაფორებით იყო სავსე, რომ კულტურის სამინისტრო საგონებელში ჩავარდა, – ვერც სპექტაკლის გაშვებას ბედავდნენ და ვერც მის აკრძალვას. დახურულ პრემიერას თეატრალებთან ერთად შევარდნაძეც დაესწრო. სპექტაკლმა ფურორით ჩაიარა. მაშინდელ ცეკას პირველ მდივანს თავშიც არ მოსვლია მისი აკრძალვა.
სულ რამდენიმე წლის წინ სტურუამ სხვა სპექტაკლი – „ჯარისკაცი, პრეზიდენტი და დაცვის ბიჭი“ დადგა. ამ შემთხვევაშიც იმდენად ნათელი პოლიტიკური ქვეტექსტი იყო, რომ სააკაშვილის რისხვას საზღვარი არ ჰქონდა. მართალია, სპექტაკლი ოფიციალურად არავის აუკრძალავს, მაგრამ გამაფრთხილებელი ზარები უკვე გაისმა. პირველ რიგში, როგორც ეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წესია, დამოკიდებულება რუსთაველის თეატრის დაფინანსების მკვეთრ შეკვეცაში აისახა. იდეოლოგიური თვალსაზრისით კი, სტურუას „დამუშავებას“ ხელისუფლების ერთგული „ჟურნალისტები“ და „ინტერნეტ–ფორუმელები“ შეუდგნენ.
უწმაწური, აღვირახსნილი კამპანიის ინიციატორის, თამარ ჩერგოლეიშვილის ეპითეტები ინტერნეტში სტურუას მიმართ, თავად მისი მისამართით იმგვარი შემკობით დასრულდა, რომ მათ შორის ყველაზე რბილი და ტაქტიანი „ფრაუ გებელსი“ და „თანამეცხედრე“ აღმოჩნდა. თუმცა ბოკერიას მისი თანამეცხედრის „კდემამოსილება“ სრულიად არ აწუხებს, მაგრამ იმას კი უთუოდ მიხვდნენ, რომ საკუთარ სიბინძურეში თავად უფრო გაისვარნენ, ვიდრე რობერტ სტურუა. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ როდესაც ქმრიანი ქალი ასე ხშირად ახსენებს მამაკაცის სასქესო ორგანოს, ეს მის ქმარს უთუოდ უნდა უბიძგებდეს დაფიქრებისკენ.
დაფიქრდნენ და მოიფიქრეს: „გათავისუფლდეს რობერტ სტურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2011 წლის 15 აგვისტოდან“.
გასული საუკუნის 70–იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ დისიდენტი აკადემიკოსის, სახაროვის მეცნიერებათა აკადემიიდან გარიცხვა მოინდომა. მოიწვიეს გაფართოებული სხდომა. აკადემიის პრეზიდენტმა გაახმოვანა მოსაზრება იმის შესახებ, რომ საბჭოთა მეცნიერისთვის მიუღებელი მოსაზრებების გამო, არის წინადადება, სახაროვი გაირიცხოს აკადემიიდან. დარბაზში ჩოჩქოლი დაიწყო: „ეს გაუგონარია! მსგავსი პრეცენდენტი არ არსებობს“! დარბაზის ბოლოს მხცოვანი აკადემიკოსი კაპიცა იჯდა. მან დინჯად თქვა: „არაფერიც! იყო ასეთი პრეცენდენტი“!
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა შვებით ამოისუნთქა და მიმართა: – ბრძანეთ, ამხანაგო კაპიცა! კაპიცამაც ბრძანა: – ასეთი პრეცენდენტი გერმანიაში იყო 40 წლის წინ, როცა ჰიტლერმა აკადემიიდან აინშტაინი გარიცხა!
სხდომა ისე დაიხურა, ამ საკითხზე აღარავის უმსჯელია.