[რადიო თავისუფლება ჯიმშერ რეხვიაშვილი]
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ნიკოლოზ რურუამ ბრძანებას ხელი 15 აგვისტოს მოაწერა. რობერტ სტურუას თეატრიდან გაშვებას წინ უძღოდა რეჟისორის დაძაბული ურთიერთობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჯაროდ გაკეთებული ქსენოფობიური განცხადებები.
მუსიკა რობერტ სტურუას მიერ დადგმული „კავკასიური ცარცის“ წრის ფინალური სცენიდან, ალბათ, ქართული თეატრის ყველა მოყვარულისთვისაა ნაცნობი. ბერტოლდ ბრეხტის პიესის მიხედვით დადგმული ამ სპექტაკლის ჩათვლით, სტურუამ რუსთაველის თეატრში მოღვაწეობის მანძილზე ქართული თეატრის ახალი ეპოქა შექმნა - თეატრმცოდნეობაში დამკვიდრდა ცნება „რობერტ სტურუას თეატრი“. თუმცა, ქართულ კულტურაში შეტანილი უდიდესი წვლილის მიუხედავად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ მაინც მოაწერა ხელი ბრძანებულებას:
"გათავისუფლდეს რობერტ სტურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2011 წლის 15 აგვისტოდან."
ბათუმში მყოფმა ნიკოლოზ რურუამ ბრძანების გამოცემიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ განმარტა, თუ რატომ გაუშვა სტურუა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან:
„ვერ ვიტყვი, რომ ამ გადაწყვეტილებამ სიამოვნება მომანიჭა. მივიღე პრინციპული გადაწყვეტილება და ვთვლი, რომ ტირაჟირებულ ქსენოფობიას მწვანე შუქი არ უნდა აენთოს დემოკრატიულ ქვეყანაში, მეტადრე ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელსაც ერთხელ უკვე ნაგემი აქვს საკუთარ თავზე.“
ქსენოფობიური შინაარსის გამონათქვამებით რობერტ სტურუამ საზოგადოების ყურადღება ამ ორიოდე თვის წინ მიიქცია. „საქინფორმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რეჟისორმა საქართველოს პრეზიდენტზე უარყოფით კონტექსტში საუბრისას განაცხადა: სომეხია და რა ვქნათ, ეს ხომ არ არის დამალულიო, მოგვიანებით კი რუსთაველის თეატრში გამართულ საკუთარ შემოქმედებით საღამოზე ასეთი რამ თქვა:
„რატომ გვიკვირს, რომ ადამიანები ვერ იტანენ სხვა ერის წარმომადგენლებს? ბუნებაში დევს რაღაც ისეთი, რასაც უნდა შევებრძოლოთ, დამალვით კი მხოლოდ ვითვალთმაქცებთ. წარმოიდგინეთ ახლა, რომ გითხრათ: როგორ მიყვარს ზანგები! ხომ შეიძლება ისინი სულაც არ მიყვარდეს, იმიტომ კი არა, რომ ზანგები არიან, არამედ იმიტომ, რომ ოდნავ უკან დგანან ჩემზე კულტურის მხრივ.“
რობერტ სტურუას ამ გამონათქვამებმა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი აღაშფოთა. ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი გამონათქვამები არ უნდა ეპატიოს არავის, მიუხედავად იმისა, თუ რა დამსახურებისა და მასშტაბის ხელოვანთან გვაქვს საქმე:
„როდესაც რომელიმე ინსტიტუციას ხელმძღვანელობ, ხარ საჯარო პირი (ამ შემთხვევაში საუბარია რობერტ სტურუაზე), ცხადია, გაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა. სტურუა ლაპარაკობდა არა მხოლოდ როგორც კერძო პირი, არამედ ასოცირდებოდა თეატრის დიდ შემოქმედებით ჯგუფთან. უნდა გავიაზროთ, რომ როდესაც შეურაცხყოფას აყენებ სხვა ადამიანებს, - იქნება ეს ეთნიკური თუ რასობრივი ჯგუფი, - ვერავითარ შემთხვევაში შენი ნიჭიერება ამ საქციელის კომპენსირებას ვერ მოახდენს.“
თეო ხატიაშვილის მსგავსად, რობერტ სტურუას ქსენოფობიის შემცველი განცხადებების გამო ბევრი აკრიტიკებს. დრამატურგი ლაშა ბუღაძეც წუხს იმის გამო, რომ დიდ რეჟისორსა და ღრმად განათლებულ ადამიანს, რომელიც, მისი აზრით, არც ქსენოფობია და არც არმენოფობი, ცნობიერი პროვოკაციის მიზნით ნათქვამი ფრაზები არასწორად დაუკავშირდა. ლაშა ბუღაძის თქმით, რობერ სტურუას გაშვებით გრძელდება ძველი, საბჭოთა ტრადიცია:
„საქართველოში ასე ხდებოდა: თეატრიდან რეჟისორს უშვებდა ცენტრალური კომიტეტი. უამრავი მაგალითის მოტანა შეიძლება იმავე რუსთაველის თეატრის ისტორიიდან. სწორედ ხელისუფლება იყო ჩარეული ამა თუ იმ რეჟისორის თეატრიდან განდევნაში, მაგრამ ყოველთვის ცე-კა-ს ჰყავდა დასაყრდენი თეატრში რომელიმე რეჟისორის ან რეჟისორების სახით. ამ შემთხვევაში ასეთი სიტუაციაა: რეჟისორები ამ თამაშში აღარ მონაწილეობენ. დარჩა რეჟისორი და მის წინააღმდეგ ხელისუფლება. ეჭვი არ მეპარება, მოტივაცია სტურუას გაგდებისა არის პოლიტიკური გაღიზიანება.“
ეს არის სააკაშვილის ტიპიური შურისძიება! ჩემი აზრით, სტურუამ მოუგო, ბოდიში და „დააგოიმა“ სააკაშვილი და აიძულა ასეთი ნაბიჯი გადაედგა...
ლაშა ბუღაძის ვარაუდით, რობერტ სტურუას, როგორც წარსულში პოლიტიკური დისკურსის სიმძაფრით გამორჩეული სპექტაკლების ავტორს, შესაძლოა სურდა კიდეც ხელისუფლებასთან კონფლიქტის გამწვავება. საიდუმლოება არ არის, რომ დროისა თუ პერსონალური მიზეზების გამო თეატრმა დაკარგა ძველებული სიმძაფრე:
„მან გადაწყვიტა, რომ ეს დაკარგული თეატრალური სიმძაფრე აღიდგინოს (აღადგინოს) უშუალოდ თავისი გააქტიურებით. რაღაცნაირად მან თავისი თავი გამოიტანა სცენაზე, ანუ თვითონ გახდა თავისი სპექტაკლის მთავარი მონაწილე. ერთი სიტყვით, პერსონალურად წამოვიდა ამ კონფლიქტზე.“
მოქმედ ხელისუფლებასთან კონფლიქტს რობერტ სტურუა მართლაც არ გაურბოდა. რობერტ სტურუამ 2009 წელს „უცნობის“ ტელეშოუში სტუმრობისას განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ადამიანური თვისებები აქვთ წაშლილი. ჟურნალისტი შალვა რამიშვილიც მიიჩნევს, რომ სტურუას თეატრიდან გაშვებას პოლიტიკური საფანელი აქვს.
„ეს არის სააკაშვილის ტიპიური შურისძიება! ჩემი აზრით, სტურუამ მოუგო, ბოდიში და „დააგოიმა“ სააკაშვილი და აიძულა ასეთი ნაბიჯი გადაედგა. ეს არის ტიპიური საბჭოთა ნომენკლატურის საქციელი, როდესაც განსხვავებული აზრის (თუნდაც მიუღებელი აზრის) გამო იდევნება ადამიანი“, - უთხრა შალვა რამიშვილმა რადიო თავისუფლებას.
თუმცა თავად რობერტ სტურუა დევნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებას, როგორც ჩანს, დიდად არ განიცდის. სოციალურ ქსელ ფეისბუკში, საკუთარ გვერდზე, რეჟისორმა დაწერა, რომ თავისუფლებით ტკბება, ქეიფობს და სძინავს. ერთადერთი, რაც აწუხებს, სამსახურიდან შინ წასაღები წიგნების რაოდენობაა.