[გაზეთი
„ქართული სიტყვა“]
საერო ცხოვრება – პოლიტიკა და ყვითელ-ყვითელი ამბები, საზოგადოებას, როგორც ჩანს, მობეზრდა, უფრო მეტიც, აღიზიანებს. უსახსრობით გატანჯულ ხალხზე არც ხელისუფლება ფიქრობს და არც – ოპოზიცია. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კი, ნიღაბი ყველა პოლიტიკურ ლიდერს ჩამოხსნა – მეფეც შიშველია, მთავრობაც და ოპოზიციაც. არჩევნები ახლოვდება, ხალხი ლიდერს ეძებს, მაგრამ რიტორიკულ კითხვაზე – ვის ვენდოთ? ვის გავყვეთ? რა გვეშველება?! – პასუხი არ აქვს. გაიძახიან, ერთადერთი იმედი ეკლესიაც, თურმე, მთავრობის აგენტებითაა სავსეო... თემა, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აინტერესებს და აღელვებს საზოგადოებას, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებია. სად და როგორ იკვეთება საერო და სასულიერო ცხოვრება? რა მისია აქვს ეკლესიას და რა მოვალეობა აკისრია ერს? „ქართულ სიტყვა“ ჟურნალისტს, კათალიკოს დავით მეხუთის შვილიშვილ ნანა დევდარიანს ესაუბრა.
ქალბატონო ნანა, როგორც აღმოჩნდა, წმინდა სინოდში არ იყო ერთიანობა რელიგიის კანონთან დაკავშირებით. გაზეთებში ბეჭდავენ და ხალხის სამსჯავროზე გამოაქვთ, თუ ვინ მისცა ხმა ამ კანონს და ვინ – არა. ხმა დადის, საპატრიარქოში მთავრობის აგენტები შევიდნენო, სომეხი მღვდლები თავს მართლმადიდებლად ასაღებენ, სინამდვილეში კი, სომხურ საქმეს აკეთებენო. ერთი სიტყვით, წმინდა სინოდშიც არეულობაა, თურმე...
– დავიწყოთ იმით, რომ აჟიოტაჟი, სინოდში ერთი აზრი არ ჰქონდათო, ჩემი აზრით, სრულიად არაა საჭირო. წმინდა სინოდი სათათბირო ორგანოა და იმიტომ იკრირება, რომ რაღაც საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და კამათობენ, მსჯელობენ და მერე, გამოაქვთ გადაწყვეტილება. საერთოდ, მართლმადიდებლობა ძალიან დემოკრატიულია იმ მხრივ, რომ დასავლური ქრისტიანობისაგან განსხვავებით, ჩვენთან მრევლს იმის უფლებაც აქვს, რომ მღვდელმთავარი ამხილოს თუ, რა თქმა უნდა, მღვდელმთავარი შეუფერებელ საქციელს სჩადის. ამ შემთხვევაში, სრულიად ზედმეტად მეჩვენება იმის განხილვა, სათათბირო ორგანოში ვინ ვის მიემხრო. ჩვენ ხომ არ მოგვწონს, როდესაც ეკლესიის საქმეებში ხელისუფლება ერევა? მაშინ, რატომ ვაძლევთ ჩვენს თავს უფლებას, რომ ჩავერიოთ ეკლესიის შიდა საკითხებში?
ახლახან, ერთ-ერთ გაზეთს ინტერვიუ მისცა მღვდელმა, რომელმაც დაწყევლა ის პარლამენტარები, რომლებმაც ხმა მისცეს რელიგიის კანონს. ამ ინტერვიუს გამოეხმაურა საპტრიარქო და თავის ვებ-გვერდზე კორექტულად გაკიცხა მაწყევარი მღვდელი, გარკვეული პასუხისმგებლობა გაზეთსაც დააკისრა...
– წყევლას მაშინ მიმართავს ადამიანი, როდესაც საკუთარ უძლურებას გრძნობს და სხვას ვეღარაფერს აკეთებს. ჯერ ერთი, დანამდვილებით არ ვიცი, იყო ასეთი წყევლა თუ არა. შეიძლება, რომელიმე სამღვდელო პირმა გადადგა ასეთი ნაბიჯი, მაგრამ ამის გამწვავება, გამძაფრება სწორად არ მიმაჩნია იმიტომ, რომ ჩვენ, ყველანი ვცდებით ხოლმე, სასულიერო პირებიც ადამიანები არიან და ხანდახან სცოდავენ. არ მივცემ თავს იმის უფლებას, რომ რომელიმე სასულიერო პირზე ვიმსჯელო, რადგან ის სასულიერო პირია, მე კი, – საერო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ რამეში ვარ ჩახედული, ვთვლი – როგორც ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ ეკლესიის შიდა საქმეში, ასევე, საპატრიარქოც არ უნდა ჩაერიოს მედიაში. არის სხვა მექანიზმებიც: ვართ სხვადასხვა ეკლესიის მრევლი და აბსოლუტურად ყველასთან არსებობს შიდა კონტაქტების საშუალება. სულ არაა საჭირო საიტზე გამოიფინოს თემა და საერთო მსჯელობის საგანი გახდეს.
„კა-გე-ბე“-ში არსებობდა ე.წ. მეხუთე განყოფილება, რომელიც ეკლსიას კურირებდა. ჩინიანი მღვდლებიც მსახურობდნენ, თურმე, ეკლიესიაში. ეს თითქოს ტაბუდადებული თემაა, მაგრამ ხალხში უკვე საუბარია, რომ ეკლესიაში არიან მთავრობის აგენტები...
– აგენტომანია ამ ხელისუფლების ხელწერაა და თუ ჩვენ ამას დავეთანხმებით და წავყვებით, ძალიან შორს წავალთ. კომუნისტების დროსაც ინერგებოდა აზრი, ეკლესიაში „კა-გე-ბე“-ს აგენტები არიანო, მაგრამ მაშინ ძალიან ცოტა იყო სასულიერო პირი. დღეს ადვილია ეკლესიაში წასვლა და მსახურება, აღარაა იდეოლოგიური მუხრუჭები და მრევლიც ძალიან გაიზარდა. კომუნისტების დროს, განსაკუთრებით ადრეულ პერიოდში, ეკლესიაში მსახურება პირდაპირ სიცოცხლის რისკთან იყო დაკავშირებული, რადგან კომუნისტები არასასურველ მოძღვარს სახელს უტეხდნენ და მრევლიც, თითო-ოროლა რომ იყო შემორჩენილი, გაეცლებოდა. ეს იყო უშიშროების კარგად დაგეგმილი ტაქტიკა და ვისთანაც საერთო ენას ვერ პოულობდნენ, მის დისკრედიტაციას იწყებდნენ. მარტო „მეხუთე განყოფილება“ კი არა, მინისტრთა საბჭოში იყო რელიგიის საქმეთა რწმუნებულის პოსტი და მისი მეშვეობით ხდებოდა ზეწოლა საეკლესიო პირებზე. სხვა ამბავია, თუ როგორ უმკლევდებოდა ამას ეკლესია.
საქართველოში, მით უმეტეს, კომუნისტების დროს, პატრიარქებსაც უსწორდებოდნენ – მათ წინააღმდეგ შეთქმულებები იგეგმებოდა და ეს მეთოდი, როგორც ამბობენ, ახლაც აქტუალურია..
– ძალმომრეობითი მეთოდებით პატრიარქების მოშორება ძირითადად დასავლურ ქარიოსტიანობას ახასიათებს...
შეიძლება, მაგრამ ბაბუათქვენი, დავით მეხუთე, როგორც ამბობენ, მოწამლეს...
– იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ არსად, არასოდეს მითქვამს, რომ მოწამლეს, თუმცა არა ერთხელ მითქვამს, წარმოიდგინეთ, რა უბედურია ის ადამიანი ამ ცხოვრებაშიც და იმ ცხოვრებაშიც, რომელმაც პატრიარქი შეიძლება, მოწამლოს. იმაზე მეტი მსჯავრი რა უნდა გამოვუტანო, რასაც უფალი გამოუტანს! დარწმუნებით იმის თქმა, რომ მოწამლეს, არ შემიძლია. ისე, რათ უნდოდა მოწამლვა, ჰქონდა დიაბეტი და ინსულინზე იყო დამოკიდებული. რამდენიმე დღე ინსულინი რომ არ გაეკეთებინა, მოწამვლის ფასი არ იქნებოდა?!
ხალხში ამბობენ, საპატრიარქოში შეთქმულება იგეგმება და პატრიარქის შემცვლელი მთავრობის „ხელდასხმული“ იქნებაო... ამის თაობაზე, ალბათ, უფრო მეტი გსმენიათ...
– წინასწარ არავინ იცის, ვინ იქნება საქართველოს მომავალი პატრიარქი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ახლო მომავალში მოვლენები. ამ ხელისუფლებამ ის იდარდოს, თუ ვინ მოვა 2012-2013 წლებში. ეკლესიაზე ნუ იდარდებს. ეკლესია ვადებით შებოჭილი არაა. ხელისუფლება ხმას ავრცელებს და აგუებენ ხალხს, მაინც ის იქნება პატრიარქი, ვინც ჩვენ გვინდაო. სულ ტყუილად ჰქონია ხელისუფლებას, რომ რაც უნდა და ვინც უნდა, იმას მოიყვანს. ყველაფერი იქნება ისე, როგორც უფალს უნდა!
საქართველო ღვითისმშობლის წილხვედრია და გავბრწყინდებით... რამდენი ხანია, ველით ამ დღეს...…
– ვამბობთ, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრიაო და გვგონია, რომ ეს ჩვენი ორდენი, ჯილდო, დამსახურებაა. სინამდვილეში, დავუკვირდეთ შინაარს – „ღვითსმშობლის წილხვედრი“, დედამ გააჩინა შვილი და უკვე იცოდა, რომ დაბადებამდე გადაწყვეტილი იყო მისი ბედი – კაცობრიობის ცოდვები უნდა ეტვირთა, ჯვარზე უნდა გაეკრათ. აი, ამის წილხვედრი ვართ, მოწამეობრივი გზის წილხვედრია საქართველო და არა – ბედიერების. თუ მართლმადიდებლები ვართ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ დევნაც იქნება, დაპირისპირებაც და შემოტევებიც...