ქეთო, კოტე და მთელი ქვეყანა

ქეთო, კოტე და მთელი ქვეყანა

[radiotavisupleba.ge  გიორგი გვახარია]

ვაა!

იქნებ მაინც ღირს ბათუმში წასვლა „ქეთო და კოტეს“ სანახავად? ხუმრობა ხომ არ არის? - საქართველოს პატრიარქმა ამ წარმოდგენაზე თქვა, ეს არის რევოლუცია სცენაზეო, მიხეილ სააკაშვილმა კი პირდაპირ განაცხადა, მიუზიკლ „ქეთო და კოტეთი“ ქართულ კულტურაში ახალი ეტაპი იწყებაო! უფრო მეტიც - ეს არის ახალი ჟანრის დაბადებაო...

საქართველოს პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ჩემი კოლეგა გახდა. ხელოვნების შესახებ ჟურნალს რომ გამოვცემდე, მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად დავუთმობდი რუბრიკას სახელწოდებით „პრეზიდენტის აზრით“; გავარკვევდი, მაგალითად, რას ნიშნავს ეს „ახალი ჟანრი“ და რატომ იყო, როგორც თავად აღნიშნა, მისი „სისუსტე“ ბათუმის ოპერის თეატრის განახლება.

ასლან აბაშიძის სისუსტე საბავშვო ოპერა იყო, მიხეილ სააკაშვილის სისუსტე კი ახალი „ქეთო და კოტე“ აღმოჩნდა.

საქართველოს პატრიარქსაც დავუთმობდი რუბრიკას - „პატრიარქი ხელოვნებაზე“. მართლა მაინტერესებს, რა არის ამისთანა ეს „ქეთო და კოტე“, რომ ილია მეორეს სიტყვა „რევოლუცია“ წამოაცდენინა!

ჩვენ რომ კარგი ქვეყანა ვიყოთ, ახალ „ქეთო და კოტეზე“ ინფორმაციას ჟურნალ-გაზეთებიდან შევიტყობდით; კრიტიკოსების მოსაზრებებს გავეცნობოდით, რეცენზიებს წავიკითხავდით. რა მაგარი იქნებოდა: „ასავალ-დასავლის“ რეცენზენტი წერს, რომ „ქეთო და კოტე“ მართლაც არის „პოსტმოდერნისტული კიტჩი“, გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ თეატრალური მიმომხილველი ამტკიცებს, რომ დოიაშვილს „ჟანრის კრიზისი“ აქვს, „ალია“ კი „ქეთო და კოტეში“ პიტერ ბრუკის გვიანდელი შემოქმედების გავლენას ხედავს.

რა მოხდა, არ შეიძლება? ჟურნალ-გაზეთების ნაკლებობას ხომ არ ვუჩივით? თეატრმცოდნეები, არტკრიტიკოსებიც ბლომად გვყავს. ეგაა, რომ ძალიან რთული და სახიფათოც კი გახდა საქართველოში ხელოვნების კრიტიკა. უწინ კრიტიკულს იტყოდი რამეს და დიდი-დიდი მხატვარი (ან რეჟისორი) დაგხვედროდა სადარბაზოსთან, დიდი-დიდი სახეში ეხეთქა და შეეგინებინა. ახლა... ახლა, შესაძლოა, მთელი ერის მოღალატედ შეგრაცხონ, რუსეთისგან დაფინანსებულად. „ბოღმად“, „შურიანად“... ახლა შესაძლებელია, მთლად საქართველოს პრეზიდენტმა დაუქნიოს თითი კრიტიკოსს. რადგან იგი არა მარტო არტკრიტიკოსი გახდა, არამედ ავტორიც - მხატვარი, რეჟისორი, რესტავრატორი...

კარგი, ავტორი თუ არა, „თანაავტორი“ მაინც!

და რატომ, იცით? ერთ მშვენიერ დღეს მიხვდა, რომ ხალხი არა ჰყავს. გენიოსები დასავლეთში წავიდნენ. აქ ვინც დარჩა, კარგი ხელოვანი, სომხებზე ბოდავს სისულელეებს... რაღაც „აკადემიებში“ ერთიანდება და შეთქმულებებზე მსჯელობს. არავინ დარჩა, არავინ! ისეთი, თან ნიჭიერიც რომ იყოს, თანაც ქვეყნის „პოლიტიკურ კურსს“ რომ იზიარებდეს. დავიწროვდა ეს წრე და ერთი და იგივე ხალხმა ყველაფრის კეთება დაიწყო - თან ქანდაკებებს დგამენ, თან კოსტიუმების მხატვრები არიან, თან რეჟისორები, თანაც - მუსიკოსები, მსახიობები; დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკო... დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკო... დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკო...

და საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი!

ეს წრე, „ხელოვანთა წრე“ იმდენად დავიწროვდა, რომ ქართულ კულტურაში ჟანგბადის კატასტროფული დეფიციტი გაჩნდა. ხელისუფლება მიხვდა, რომ რამდენიმე სახელი დატვირთვას ვეღარ გაუძლებდა. ახალი სახეების ძებნა კი იმ ხალხს, ვინც კულტურის პოლიტიკაზე აგებს პასუხს, რა თქმა უნდა, დაეზარა (როდის ჰყვარებიათ საქართველოში სიახლე?!). ამიტომაც გასულ კვირაში საოცარი ახალი ამბავი შევიტყვეთ: პაატა ბურჭულაძემ, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ნაციონალურმა ტელეარხებმა ლამის სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს, „ქეთო და კოტეში“ შეასრულა ერთ-ერთი როლი, თამარ გვერდწითელმა კი - ხო, სწორედ აი ამ თამარმა - ხელისუფლების დაფინანსებულ „ქოლგებში“ იმღერა, მიშელ ლეგრანთან ერთად. პოლიტიკური კურსის არათანმიმდევრულობა ახლა კულტურაზე აისახა... აისახა ლოგიკურად: როცა სივრცეს ავიწროვებ, გეშინია ახალი სახელების და, რაც მთავარია, კრიტიკის, დგება ეტაპი ფასეულობების, პრინციპებიის სრული აღრევისა, ეს ყველაფერი ლოგიკურად სრულდება „ქეთო და კოტეთი“, რომელსაც სახელისუფლო არხების გოგონებმა (კულტურის მიმომხილველებმა) უკვე უწოდეს „პოსტმოდერნისტული სტილის“ (!) სპექტაკლი.

სხვა ინფორმაცია პირადად მე ბათუმის ოპერის თეატრის წარმოდგენაზე არ მაქვს. მთავრობაში ერთი ნაცნობიც არ მყავს, რომ დავურეკო და აზრი ვკითხო (ბუნებრივია, ახალი „ქეთო და კოტეს“ სანახავად მთელი მთავრობა მიაშურებდა ბათუმს)... სხვა, აბა, ვინ მოხვდებოდა პრემიერაზე? სპექტაკლს 1500 სტუმარი დაესწროო - გვაუწყა „რუსთავი 2“-მა. ვინ იყვნენ ეს სტუმრები, არ დაუკონკრეტებიათ. რა საჭიროა? ისედაც ვიცით. საქართველოს პრეზიდენტი მეუღლითურთ, საქართველოს პატრიარქი, პარლამენტის თავმჯდომარე. ალბათ, ვერა იქნებოდა კიდევ, ქობალია. ხელისუფლების ერთგული რამდენიმე ჟურნალისტი და ასევე რამდენიმე, ხელისუფლების ერთგული, ოპოზიციონერი...

ესაა დღეს ის საქართველო, რომელიც ტელევიზორში ჩანს, რომლის შესახებ წერენ საქართველოს ჟურნალ-გაზეთები. დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკო... დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკო... დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკო...

„ქეთო და კოტეა“ საქართველო - „პოსტმოდერნისტული სტილის“ ქვეყანა.