„ქართულმა ოცნებამ“ ალექსანდრ ვერშბოუს ინფორმაცია კოალიციის წინააღმდეგ განხორციელებულ  ქმედებებზე  მიაწოდა

„ქართულმა ოცნებამ“ ალექსანდრ ვერშბოუს ინფორმაცია კოალიციის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე მიაწოდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდნენ და ინფორმაცია კოალიციაზე განხორციელებული ზეწოლების შესახებ  მიაწოდეს.

ალასანიას თქმით,  ასევე, შეხვედრაზე მნიშვენლოვანი ადგილი  მომავალ საპარლამენტო არჩევნების თემას და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს დაეთმო.

„ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივები განვიხილეთ. ჩვენი კოალიცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის სრულ ინტეგრაციას მხარს უჭერს. გენერალური მდივნის მოადგილისგან მოვისმინეთ ის, რაც მართლაც სწორია, რომ საქართველოს ნატო-ში გაერთიანება, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიულ რეფორმებზე, საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე და პირველად ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლაზე იქნება დამოკიდებული. მთელი ნატო ყურადღებას აპყრობს საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას. ჩვენ ვისაუბრეთ იმ უკანონობებზეც, რასაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქვს ადგილი. გენერალური მდივნის მოადგილე დაგვპირდა, რომ ეს ის საკითხებია, რომლებზეც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ისაუბრებენ, რათა ისინი გამოსწორდეს“, - განაცხადა ალსანიამ.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ შეხვედრაზე ყურადღება  იმ ქმედებებზე გაამახვილა, რაც  „ქართული ოცნებისა“ და კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხორციელდება, მათ შორის გაუმართლებელ ჯარიმებზე, დაუსაბუთებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე და ა.შ.

"საუბარი შეეხო იმ გაუმართლებელ ჯარიმებს, აბსოლუტურად დაუსაბუთებელ სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომელიც ქმნის არასამართლიან საარჩევნო გარემოს ქვეყანაში", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

რაც შეეხება თავად ვერშბოუს, კობახიძის თქმით, გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ნატო არ არის მხოლოდ მილიტარისტული სამხედრო ორგანიზაცია, არამედ მისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებების კონსოლიდაცია.

„ოქტომბრის არჩევნები არის მნიშვნელოვანი ტესტი ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ შეფასებები იმის შესახებ, თუ რამდენად არის დაცული ქვეყნაში დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ იმის მიხედვით გაკეთდება, თუ როგორ ჩატარდება ოქტომბრის არჩევნები და რამდენად იქნება დემოკრატიული და სამართლიანი გარემო შექმნილი.