თავისუფალი ინდუსტრიული ზონების დოღში ვერა ქობალიაც ჩაერთო. მინისტრი ირწმუნება, რომ თბილისში თიზ-ი 2 წელიწადში ამოქმედდება და არემარე აყვავდება. სინამდვილეში კი საქმე მეტად რთულადაა, ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის არსებული გაუგებრობის გამო პროექტი შეჩერებულია.
მთავრობის სხდომის დაწყების წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ერთი პირის მოქნევით განაცხადა, რომ თბილისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნება. მისივე თქმით, აეროპორტში ამოქმედდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც 1500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას ებრაულ-ქართული კომპანია “ტერა 1” უზრუნველყოფს. ზონა ოპერირებას, დაახლოებით, 2 წელიწადში დაიწყებს. თბილისში თიზ-ი 109 კვ_კმ-ზე მოეწყობა და ოფიციალურად 2012 წლის 1-ლი ივნისიდან გაიხსნება.
”საქართველოს ეკონომიკისათვის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს იქნება ადგილი, სადაც, დაახლოებით, 1500-მდე ადამიანი დასაქმდება. გვექნება საშუალება მოვახდინოთ ექსპორტის დივერსიფიკაცია და გაზრდა. ზონაში რამოდენიმე პროექტი განხორციელდება, მათ შორის ელექტრომოწყობილობებისა და სამშენებლო მასალების წარმოების თვალსაზრისით”, - განაცხადა ვერა ქობალიამ.
მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის, როგორც მდგრად მინისტრს წარმოუდგენია. სხვათა შორის, ეს ინდუსტრიული ზონა 2011 წლისთვის უნდა ამოქმედებულიყო, ანუ სულ რამდენიმე თვეში. თუმცა, საქმე ჯერ არც დაწყებულა. ესე იგი ამ მიმართულებით პრობლემებია, თორემ დასაწყები ამდენ ხანს დაიწყებოდა.
თურმე საქმე ისაა, რომ ქართულ-ებრაული კომპანია “ტერა 1” აეროპორტის მიმდებარედ, თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოსაწყობად შესაბამის ლიცენზიას არ ფლობს. სახელმწიფო “ტერა 1”-ისგან ლიცენზიის მისაღებად 250 ათას დოლარიან საბანკო გარანტას ითხოვს. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, საბანკო გარანტიის მოთხოვნამ მთავარი ინვესტორი, ებრაული კომპანია “ტერა ჯგუფი” ცოტა დააბნია და ამ დრომდე საბანკო გარანტიის გასაცემად თანხმობა არ გაუცია.
“ტერა 1”-ის ინფორმაციით, თავდაპირველად “ტერა ჯგუფს” სახემწიფომ განსხვავებული პირობები შესთავაზა, თუმცა საბოლოოდ სახელმწიფომ პოზიცია შეიცვალა.
სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენის” ცნობით, 2008 წელს “ტერა 1”-მა აეროპორტის მიმდებარედ 45 ჰექტარი მიწა, 30 მლნ დოლარად, იმ პირობით შეიძინა, რომ 10 ჰექტარზე თავისუფალ ეკონომიკურ ზონას მოაწყობდა, თუმცა მთავარ ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის არსებული გაუგებრობის გამო პროექტი შეჩერებულია.
ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით კიდევ ორი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქმნება - ქუთაისსა და ფოთში. თუმცა მთავრობა ინტენსიურად მუშაობს, რომ ასეთი ზონა შეიქმნას ხელვაჩაურში, რაზეც თურქ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ფოთ-ის თიზ-ის ამოქმედება უკვე იმდენჯერ გადაიდო, რომ მისი მუშაობის აღარავის სჯერა, განსაკუთრებით კი ფოთელებს და მათ შორის იმათ ვინც პორტში მუშაობს.
პორტში დასაქმებულმა ადამიანებმა კარგად უწყიან, რომ არავითარი ინდუსტრიული ზონა ფოთში არ იხსნება და როდესაც ოფიციალურად გაიხსნება, რეალურად არც მაშინ იმოქმედებს; ანუ დაახლოებით ისე როგორც ქუთაისშია.
იმერთქალაქში თიზ-ი ვითომდა კი ფუნქციობს, მაგრამ რას აკეთებს ამ ზონაში ეგვიპტური “ფრეში” და სად მიედინება იქ შექმნილი მატერიალური დოვლათი, გამოცანად რჩება. ფაქტი ერთია, თბილისში ვარკეთილში განთავსებულმა ელექტრომაღაზიამ “ფრეშის” პროდუქცია უხარისხობისა და მაღალი ფასის გამო უკან დააბრუნა.