[ახალი 7 დღე. ზურაბ მაზნიაშვილი]
სომეხი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საქართველო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. სწორედ, ეს იმედი გაუზიარა ვინმე ლევონ გალუსტიანმა „აფსნიპრესის“ მკითხველს წერილში „საქართველოს საკითხი აფხაზურ არჩევნებში“. სომხური ფაქტორი ქართულ–აფხაზურ ურთიერთობაში ისევ საქართვველოს წინააღმდეგ მუშაობს.
„ისევ“ – იმიტომ, რომ ამ საქმეს ემსახურებოდა მუდამ: აფხაზეთის ომის სამზადისშიც, ომის დროსაც და შემდეგაც. ომის საშინელი დღეებიდან აფხაზეთის ქართველებს ყველაზე დიდი კოშმარი აფხაზური გვარდიის ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონის სისასტიკემ გამოაყოლა, ომის შემდეგ აფხაზეთში დარჩენილ ქართველებს ყველაზე სასტიკად სომხები ეპყრობოდნენ.
არმენოფობია რომ არ დამწამონ, იმასაც ვიტყვი, რომ ბევრი სომეხი რუსეთის ჯარისგან საქართველოს დამცველთა რიგებში იდგა. ისტორიული გახდება გაგრის დამცველი თბილისელი სომხის, ვოვა სელიპანოვის სიტყვები, რომლებიც მან მაშინ თქვა,, როდესაც გადახსნილი ხელყუმბარით რუსულ ბეტეერს შეუვარდა – ალბათ ვერც ერთი ქართველი ვერ დაიჯერებს, რომ სელიპანოვმა სიკვდილის წინ შესძახა: ქართველს ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი ურჩევნიაო, სხვები კი სხვაგვარად ფიქრობენ. მაგალითად, ლევონ გალუსტიანმა მიიჩნია, რომ აფხაზების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ქართველებთან დაპირისპირება იყო ისტორიული სამართლიანობა. და ამ მონაპოვარს უნდა დაცვა. იგი ურჩევს აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატებს, მეგობრული ურთიერთობა დაამყარონ მეზობელ საქართველოსთან:
„რესპუბლიკას“ უნდა ჰქონდეს მეგობრული ურთიერთობა რეგიონის წარმომადგენელ სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით მეზობლებთან. ამ აზრს იზიარებს პრეზიდენტობის სამივე კანდიდატი: ანქვაბიც, ხაჯიმბაც და შამბაც. სამივე დარწმუნებულია, რომ საქართველო ბოლოსდაბოლოს აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.“
გალუსტიანი არ გვიმხელს, რამ დაარწმუნა სამივე კანდიდატი ასე შეურყევლად საქართველოს გადაწყვეტილებაში. ის, უბრალოდ, გვიხსნის მიზეზს, რატომ არიან ასე დაინტერესებული აფხაზეთის მკვიდრნი საქართველოთი. გალუსტიანი:
„ორი ქვეყანა მძიმე წარსულით, გაურკვეველი აწმყოთი და ბურუსით მოსილი მომავლით ... ენგურის მარცხენა სანაპიროდან სულ უფრო ხშირად ისმის მოთხოვნები სოხუმთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მოთხოვნით. თავად აფხაზეთშიც ყურადღებით ადევნებენ თვალს ასეთი მეტამორფოზის პროცესს.“
არ არის დადგენილი, რა ხმები ესმის ენგურს აქედან იქით მყოფ ექსპერტს ან რას ეძახის იგი დიპლომატიურ ურთიერთობას, რის დამყარებასაც თურმე ქართველები სთხოვენ თავიანთ ხელისუფლებას.
სამაგიეროდ ექსპერტი თანმიმდევრობით გვაცნობს აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატთა შეხედულებებს საქართველოსთან ურთიერთობის პერსპექტივაზე – თითქოს რამე ახალს ამბობდეს იმის თქმით, რომ ალექსანდრე ანქვაბი ამ ურთიერთობის აღდგენის ერთადერთ გზას ხედავს საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაში. თურმე ანქვაბს მასთან საუბარში უთქვამს, რომ „წარსული ურთიერთობების რეანიმაცია აღარ მოხდება, რადგან აფხაზეთი არ ვაჭრობს თავისი დამოუკიდებლობით...
ასე რომ, ჩვენს აღმოსავლელ მეზობელს ერთი გამოსავალი აქვს. ჩვენ ძალიან მარტივი არგუმენტები გვაქვს – ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი გზა, ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს მიწაზე. ჩვენ პრეტენზიას არ ვაცხადებთ სხვის ტერიტორიაზე, მაგრამ არც ჩვენსას დავუთმობთ ვინმეს. ასეთია ჩვენი საგარეო პოლიტიკის არსი.“
გვაცნობს რა ანქვაბის საგარეო პოლიტიკის კურსს, რომელშიც სინამდვილეში ჩანს ძველი აგრესია საქართველოსადმი, ქართული მხარის არგუმენტების სრული იგნორირება და არცნობა, სომეხი „შუამავალი“ უხვად იძლევა დარიგებებს ორი მიმართულებით, თითქოს ამას იმიტომ აკეთებდეს, რომ გული სტკივა ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩამოვარდნილი მტრობის გამო: „არ შეიძლება ცხოვრება მუდმივ შეურიგებლობაში, არც საქართველოსა და არც აფხაზეთს ეს არ სჭირდებათ და ამაში დარწმუნებულია ანქვაბი. დიალოგის მიღწევისთვის საჭიროა მოხდეს შეთანხმება თავდაუსხმელობაზე.“
შემდეგი ხაჯიმბაა, რომლის პირობა საქართველოს წინაშე ტყუპისცალივით ჰგავს ანქვაბისას. „შეთანხმება მშვიდობიან ურთიერთობაზე უნდა გახდეს პირისპირ მოლაპარაკებათა პირობა“, – ციტირებს მეორე კანდიდატის სიტყვებს და მისი პირით უხდის მადლობას იმ ქართველ ექსპერტებს, რომლებმაც წამოაყენეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების წინადადება. ცხადია, გალუსტიანი და ხაჯიმბა მამუკა არეშიძეს გულისხმობენ. ჯახიმბა მადლობას კი უხდის არეშიძეს, მაგრამ მაინც მიაჩნია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას. ხაჯიმბას თურმე გული სწყდება, რომ საქართველოს მხრიდან აქამდე ვერ მიაღწიეს თანხმობას თავდაუსხმელობის შესახებ.
საქართველოსთან თანაბარუფლებიანი მეზობლური ურთიერთობის მომხრე ყოფილა მესამე კანდიდატი სერგეი შამბაც, რომელსაც დამატებით მხოლოდ ის უცნობებია სომეხი ექსპერტისთვის, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგი შეუძლებელია. შამბა უფრო მომავალზე ამყარებს იმედს: „დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, როცა საქართველოს სახელმწიფო, მისი ხელისუფლება და საზოგადოება გაიგებენ, რომ მათ მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობა საუკეთესო გამოსავალია აფხაზეთთან ნორმალური ურთიერთობის აღსადგენად. ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება მალე, მაგრამ პირველი ნიშნებს უკვე ვხედავთ.“ დასარულს ლევონ გალუტიანი კიდევ ერთხელ გადმოგვცემს შამბას აზრს – ამჯერად მესამე პირში და ხაზს უსვამს სამივე კანდიდატის მოთხოვნას – ისინი მოხარულნი იქნებიან საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი – მათ სურთ ქართულმა მხარემ ხელი მოაწეროს აფხაზეთზე თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას.