სამამულო ომი აფხაზეთისთვის 1992–1993 წლები

სამამულო ომი აფხაზეთისთვის 1992–1993 წლები

[ახალი7 დღე ლია ტოკლიკიშვილი მაია გოგოლაძე]


როგორ მზადდებოდა ომი


1992–1993 წლების აფხაზეთის ომს ხანგრძლივი ფარული წინაისტორია აქვს, საბჭოთა ხელისუფლებისთვის აფხაზეთი იყო საქართველოს ეროვნული თვითგამოხატვის დათრგუნვის გარანტირებული საშუალება. იმპერიამ იცოდა, რომ აფხაზეთი იყო ერთადერთი, რისი წართმევის შიშიც კომპრომისზე წაიყვანდა ქართველებს. ჯერ კიდევ 1961 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცკ–ის წინაშე გაკეთებულ საიდუმლო მოხსენებაში პარტიის ცეტრალური კომიტეტის პირველი მდივანი მიხეილ სუსლოვი ამბობდა: „დღეს თუ არა, ხვალ ქართველები დაიწყებენ ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. მათთან ბრძოლა აფხაზეთით უნდა დავიწყოთ. სამეგრელოს, სვანეთს უნდა მიეცეს ავტონომიები, მათში ცალ–ცალკე უნდა გავაღვივოთ კუთხურ–ეროვნული გრძნობა. უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ქართველები აფხაზეთში ჩამოსახლებულები არიან. დასავლეთ საქართველო უნდა დავუპირისპიროთ აღმოსავლეთ საქართველოს. ამის შემდეგ უნდა შევასრულოთ მომრიგებლის როლი“.
ცნობილია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, 1956 წელს ქართველი ახალგაზრდების დახვრეტის ორგანიზატორის, ნიკიტა ხრუშჩოვის გამონათქვამი: „თუ ქართველები ჭკუით არ იქნებიან, მათ მივუსევ აფხაზებს“.

მუქარის ხორცშესხმა მოსკოვმა მაშინვე დაიწყო, როგორც კი ეროვნული მოძრაობის პირველი ტალღა აგორდა 90–იანი წლების საქართველოში. ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის პარალელურად აფხაზებს შორის იწყება ანტიქართული, პრორუსული მოძრაობის პროვოცირება. იქმნება აფხაზური პოლიტიკური ორგანიზაცია „აიდგილარა“. იგი უშუალოდ იმართება მოსკოვიდან – ბლოკ „სოიუზის“ მიერ, რომელიც ებრძოდა საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იდეას საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მიზნით.

1988 წლის ნოემბრის მიტინგებს თბილისში მოჰყვა ანტიქართული გამოსვლები სოხუმში.

1989 წლის 18 მარტს სოფელ ლიხნში შეკრებილმა აფხაზმა პოლიტიკოსებმა აფხაზი ახალგაზრდებისა და პროფანირებული მეცნიერების სახელით გაუგზავნეს მიმართვა საბჭოთა კავშირის ცენტრალურ კომიტეტს. მიმართვაში ისინი ითხოვდნენ აფხაზების დაცვას ქართველი მჩაგვრელებისგან. ამავე წელს ხდება კიდევ რამდენიმე ფაქტი: გუდაუთაში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორისა, და მისი თანმხლები ქართველი მრევლის შეურაცხყოფის მცდელობა; იმავე წლის 15–16 ივლისს უკვე ქართველთა და აფხაზთა ფიზიკური დაპირისპირება ხდება (აფხაზები არიან შეიარაღებულნი). იღუპება 17 ადამიანი (მათგან 11 ქართველი და 6 აფხაზი); იჭრება 448 ქართველი. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ აფხაზთა შეიარაღებული აგრესიის სათავე.

1989 წლის ივლისის ქართულ–აფხაზური დაპირისპირება ომში არ გადაზრდილა. მაშინ მდინარე ღალიძგას ხიდზე, რომელიც გალისა და ოჩამჩირის რაიონების საზღვარზეა აგებული, ქართველების დახმარების მიზნით შეიკრიბა რამდენიმე ათეული ათასი სხვადასხვა რეგიონის ქართველი, უმეტესობა – მეგრელი. ისინი სოხუმისკენ მიდიოდნენ – პროვოკაციის დამკვეთებმა და შემსრულებლებმა უკან დაიხიეს. კონფლიქტი დროებით შეწყდა.

1991 წელს, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია განდევნეს ხელისუფლებიდან და მოსკოვიდან ჩამოყვანილი ედუარდ შევარდნაძით შეცვალეს, სამეგრელო იქცა მოსული და დამხობილი ხელისუფლებების ბრძოლის პოლიგონად. ახალმა ხელისუფლებამ სამეგრელოში ოფიციალური შეიარაღებული შენაერთები გაგზავნა: გვარდია და მაშველთა კორპუსი „მხედრიონი“. შედეგად – დაზარალდა ადგილობრივი მოსახლეობა, მიწასთან გასწორდა სამეგრელო, მთლიანად განადგურდა რამდენიმე სოფელი; რუსული СУ–ებით ბომბავდნენ საქართველოს სამთავრობო ჯარები სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის მიმდებარე დასახლებულ ტერიტორიებს, ბრძოლებით შედიოდნენ ცალკეულ სოფლებში, მათ ასაღებად იყენებდნენ მძიმე ტექნიკას. მაგალითად, ცნობილია სოფელ დარჩელის შემთხვევა, როცა „მაშველთა კორპუსმა“ სოფლის რამდენიმე სახლი ნაღმმტყორცნით ააფეთქა და გამოსვლის საშუალება არ მისცა სახლში მყოფებს.

ბრძოლის ფორმა და შედეგები გათვლილი აღმოჩნდა სამეგრელოს მკვიდრთა დანარჩენ საქართველოსთან დაპირისპირებაზე – აფხაზეთის ზურგის მოშლაზე. ეს ფაქტები ადასტურებენ, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის, ხელით განხორციელდა მიხეილ სუსლოვის გეგმა, რომელიც საქართველოს დასჯის მიზნით მისი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირებას გულისხმობდა.

ქართულ–აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირება პოლიტიკურადაც კარგად გათვლილი გეგმით მზადდებოდა. საქართველოს უზენაესი საბჭოც დათანხმდა ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს – უმაღლესი საბჭოს – შემადგენლობის ასეთი წესით დაკომპლექტებაზე: მიუხედავად იმისა, რომ აფხაზები ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის 16 პროცენტს შეადგენდნენ, ქართველები კი – 48 პროცენტს, აფხაზებს დეპუტატთა მეტი რაოდენობა (28 მანდატი) ერგოთ, ვიდრე ქართველებს (26 მანდატი), დანარჩენი ერების წარმომადგენლებს – 11 მანდატი. თუმცა აღნიშნულ კანონში ჩადებული იყო დებულება, რომ გადაწყვეტილების მისაღებად, კვორუმის შესადგენად, ქართველი დეპუტატების ხმების დიდი რაოდენობა იყო საჭირო, მაგრამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო კვორუმის პრინციპს არღვევდა და კანონით აფორმებდა ანტიქართულ გადაწყვეტილებებს. ასეთი გზით შეუცვალეს სახელები ტოპონიმებს, ისტორიულ ძეგლებს, თანამდებობებიდან გაათავისუფლეს ათობით ქართველი, გამოსცეს კრებული: „აფხაზეთი – დოკუმენტები მოწმობენ. (1937–1953 წლები“).

1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პირველი სესიის ერთ–ერთ სხდომაზე მიიღეს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებისა“ და „აფხაზეთის ასსრ 1925 წლის კონსტიტუციის მოქმედების აღდგენის შესახებ“, რომლის თანახმადაც აფხაზეთი ითვლებოდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად. ამ კონსტიტუციის მეოთხე მუხლის შესაბამისად, იგი „საქართველოსთან ერთიანდებოდა სახელშეკრულებო საფუძველზე“. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილებას ხმა მისცა 36-მა დეპუტატმა, ხოლო კვორუმს (კვალიფიცირებულ უმრავლესობას) სჭირდებოდა 43 ხმა, ხმათა უბრალო უმრავლესობით მიღებულ იქნა აფხაზეთის ახალი სახელწოდება „აფხაზეთის რესპუბლიკა“ (სახელწოდებაში არ იყო მითითებული არც ავტონომია და არც საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის დამადასტურებელი სხვა სიტყვა). შეიცვალა აფხაზეთის გერბი და დროშაც.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ამ სესიის შემდეგ და იქამდეც, 1991 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, როდესაც თბილისში გამსახურდიას წინააღმდეგ ოპოზიციის დაპირისპირება დაიწყო და ხელისუფლების მთელი ყურადღება ამ პრობლემისკენ წარიმართა, სოხუმში სრულიად დაუფარავად მოქმედებდა აფხაზური გვარდია. უკვე მისი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა უმაღლესი საბჭოს სესიის სხდომები. სწორედ ამ ფაქტის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა ქართულმა დეპუტაციამ ვლადისლავ არძინბას მიერ მართული უმრავლესობა და ცალკე დაიწყო სხდომების გამართვა.


რუსული იარაღი ქართულ-აფხაზური დაპირისპირებისთვის


ქართულ–აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების მთავარი არსენალი იყო იარაღი, რომლითაც რუსეთმა ორივე მხარე შეაიარაღა.
1992 წლის აგვისტოში აფხაზებმა უბრძოლველად ჩაიგდეს ხელში გუდაუთის 643–ე საზენიტო–სარაკეტო პოლკი ПВО, ხელში ჩაიგდეს 984 ავტომატი, 267 პისტოლეტი, 18 ხელის ტყვიამფრქვევი, 600 სასიგნალო რაკეტა, 500–ზე მეტი ხელყუმბარა და ნახევარ მილიონზე მეტი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა, საავტომობილო ტექნიკა, წაიღეს სატვირთო და სასურსათო საწყობების, ქიმიური და საინჟინრო სამსახურის მთელი ქონება.

16 აგვისტოს სატრანსპორტო თვითმფრინავებმა განჯიდან გუდაუთის აეროდრომზე 345-ე საპარაშუტო–სადესანტო პოლკის 1500–მდე სამხედრო მოსამსახურე გადმოიყვანეს. ესენი იყვნენ ავღანეთში ნაბრძოლი და თბილისში 9 აპრილის მოვლენებში მონაწილე ჯარისკაცები და ოფიცრები. მათ აფხაზეთში ჩაიტანეს 122 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაციის დესანტის საბრძოლო მანქანა ВМД, ფაგოტებით აღჭურვილი 6 მანქანა–რობოტი (ВТР–РД), 43 ერთეული საზენიტო საბრძოლო მანქანა „სკრეჟეტი“ (ВТР–3D),D 18 ერთეული 120–მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი 2С9 „ნონა“.
ქალაქ გუდაუთიდან წაიყვანეს ფეხოსანთა 6 საბრძოლო მანქანა, სრული საომარი კომპლექტებით: 6 ტყვიამფრქვევი, 367 ხელყუმბარა, „F–1“ და 50 ათასზე მეტი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა.

აფხაზური გვარდია გზადაგზა ივსებდა იარაღის მარაგს. რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება არ მალავდა აფხაზების მხარდაჭერას. 1992 წლის 25 სექტემბერს რუსეთის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც აფხაზებისთვის სრული მხარდაჭერის გადაწყვეტილებას შეიცავდა.
ოფიციალური თბილისის რეაქცია ამ დადგენილებაზე ასეთი იყო: ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში გაფრინდა და შეხვდა პრეზიდენტ ელცინს, საუბარი ისევ საქართველოს მხარდაჭერის დეკლარაციით შემოიფარგლა. ამ შეხვედრის პარალელურად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, იური სკოკოვმა, კრემლის სხვა კაბინეტში მიიღო ვლადისლავ არძინბა. ეს აშკარად უფრო პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა იყო – აფხაზურ გვარდიას ამ შეხვედრიდან ერთ კვირაში, გაგრის შტურმისას, უკვე ჰქონდა თანამედროვე სამხედრო შეიარაღების ВМР–ები, Т–72 ტიპის ტანკები, საარტილერიო დანადგარები ВМ–21, „გრადი“, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „ოსა“ და სხვა.

პარალელურად რუსეთმა იარაღი ქართულ მხარესაც გადასცა. როგორც ნოდარ ნათაძე მიუთითებს (წიგნში „რაც ვიცი“), „რუსებმა, შეთანხმების თანახმად, სოფელ კლდის (ახალციხის მახლობლად) სამხედრო საწყობები გადმოგვცეს... ეს იყო რუსული შეიარაღების გადმოცემა ჩვენთვის, როგორც სსრკ–ის ერთ–ერთი მემკვიდრისთვის. მათ მოგვცეს იმდენი იარაღი, რამდენიც სჭირდება ომში ჩაბმას, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც სჭირდება მის წარმოებას და მოგებას“.
აფხაზური წყაროების მიხედვით, აფხაზურ გვარდიაში დაახლოებით 12 ათასი მებრძოლი იყო გაერთიანებული, საიდანაც 7 ათასამდე ჯარისკაცი სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო. ისინი, ძირითადად, ჩრდილო კავკასიის ქვეყნებიდან და რუსეთიდან ჩამოდიოდნენ. ყველაზე მეტი მათ შორის იყო ყაბარდოელი. სოხუმის ოფიციალური მონაცემებით, ამ ომში აფხაზთა მხარეს 1500–მა ყაბარდოელმა მიიღო მონაწილეობა, დაიღუპა 64, დაიჭრა 68. ყველაზე ცნობილი მათ შორის კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი მუსა შანიბოვია, რომელსაც აფხაზეთის გმირის წოდება მიენიჭა.

აფხაზების მხარეს იბრძოდა 445 ჩეჩენი; დაიღუპა 75, დაიჭრა 177. ყველაზე ცნობილი მათ შორის შამილ ბასაევია, რომელსაც ასევე აფხაზეთის გმირის წოდება მიენიჭა.
რამდენიმე ასეული მებრძოლი იბრძოდა აფხაზეთის მხარეს ადიღედან. დაიღუპა 71.
სამხრეთ ოსეთიდან იბრძოდა 100 ადამიანი ვალერი ხუბულოვის მეთაურობით. ამ უკანასკნელს ლეონის ორდენი მიენიჭა.
აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა 1500–მდე სომეხი. მათ ორი ბატალიონი ჰქონდათ შექმნილი: ბაგრამიანის სახელობის პირველი სომხური და აღმოსავლეთის ფრონტის მეორე სომხური ბატალიონები.

ქართველების წინააღმდეგ ასევე იბრძოდა დონისა და ყუბანის რამდენიმე ასეული კაზაკი. დაიღუპა 60–ზე მეტი.
აფხაზეთის ომში მონაწილეობდნენ როგორც რუსეთის არმიის ოფიციალური სამხედრო შენაერთები, აგრეთვე მოხელისეები, დაქირავებული „ბოევიკები“.
მთლიანად ამ ომში აფხაზების მხარეს დაიღუპა 853 არააფხაზი. მათგან დაახლოებით 500 რუსი იყო.
აფხაზების განკარგულებაში იყო და ომის პირველივე დღეებიდან მათ ემსახურებოდა გუდაუთასთან მდებარე ბომბორას აეროდრომზე განლაგებული მოიერიშეთა საინსტრუქტორო 186–ე საავიაციო პოლკი. პოლკი ორი ესკადრილიისგან შედგებოდა და ჰყავდა 27 СУ–25 და СУ–25 УБ ტიპის თვითმფრინავი.
რუსული ავიაციის საჰაერო თავდასხმებს 315 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. დაინგრა და განადგურდა 500–ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, სამეურნეო დანიშნულების 43 ობიექტი, 12 სამედიცინო და 17 კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულება.
აფხაზების მხარეს ქართველების წინააღმეგ იბრძოდა ბომბორას აეროდრომზე დისლოცირებული კიდევ ერთი საავიაციო ნაწილის 171–ე გვარდიულ გამანადგურებელთა საავიაციო პოლკი. ისინი ავიაგამანადგურებლებით იცავდნენ აფხაზების მიერ კონტროლირებულ საჰაერო სივრცეს და ყრიდნენ ქართულ მოიერიშე თვითმფრინავებს.
ბომბორას აეროდრომზე ჰქონდა ბაზა აფხაზური მხარის კიდევ ერთ დამხმარე 325–ე სატრანსპორტო საბრძოლო შვეულმფრენთა პოლკს.

სოხუმში შესვლიდან გაგრის დაცემამდე


ომის დაწყების საბაბი მაინც ქართულმა მხარემ შექმნა. აფხაზეთში რკინიგზის მაგისტრალის დასაცავად (იძარცვებოდა რუსეთიდან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისკენ მიმავალი მატარებლები) საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა, 1992 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი გვარდიის შენაერთები შეიყვანა.

11 აგვისტოს სახელმწიფო საბჭოს სხდომის სტენოგრამამ შემოინახა ამ ბრძანების ზუსტი ტექსტი: „დაევალოს თავდაცვის სამინისტროს, გენერალ ცქიტიშვილს“. ამ სხდომაზე სახელმწიფოს მეთაურს მხარი არ დაუჭირა თითქმის არც ერთმა ცნობილმა პოლიტიკურმა და სამხედრო პირმა.