[რეზონანსი გიორგი ფუტკარაძე]
საქართველოსა და რუსეთს პირველად გაუჩნდათ შანსი, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიონ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე აცხადებს, რომ ფუნდამენტური საკითხები კვლავ შეუთანხმებელი რჩება, მხარეები საბაჟო სამსახურების დონეზე უკვე განიხილავენ შვეიცარიული მხარის მიერ წარმოდგენილ გეგმას, რომელიც გულისხმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებულ საბაჟო პუნქტებზე საერთაშორისო მონიტორების განლაგებას. ექსპერტები ფიქრობენ, რომ პროცესი გადაწყვეტისკენ უფრო მიდის, ვიდრე არარაციონალური პოლიტიკისკენ.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, პასკალ ლამის განცხადებით საქართველოსა და რუსეთს პირველად გაუჩნდათ შანსი, პრობლემა მოაგვარონ. როგორც "აპსნი.ჯი" წერს, ლამის თქმით, პირველად გახდა შესაძლებელი გარკვეული შეთანხმების მიღწევა რუსეთის მსო-ში გაწევრიანების თაობაზე.
როგორც ცნობილია, რუსეთის გაწევრიანებისათვის საქართველოს თანხმობა აუცილებელია. ქართული მხარე კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო გამშვებ პუნქტების ლეგალიზებას ითხოვს. თავდაპირველად თბილისი ამ პუნქტებზე ქართველი, ხოლო შემდეგ კი საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსებას ითხოვდა, თუმცა, რუსეთი ამას არ თანხმდება.
სააგენტო "როიტერის" ცნობით, მიმდინარე კვირაში მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საბაჟო გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით ორი ქვეყნის მებაჟეებმა ტექნიკური დეტალები განიხილეს. ხოლო ოფიციალური შეხვედრა კი სექტემბერში იგეგმება და შვეიცარიის შუამავლობით გაიმართება.
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მიაწოდოს საქართველოს ინფორმაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტვირთების გადაადგილების შესახებ და რომ ეს საკითხი მან შვეიცარიის პრეზიდენტთან უკვე შეათანხმა და ასევე განიხილა პრეზიდენტ ობამასთან. მოგვიანებით ამ საკითხს სერგი კაპანაძეც გამოეხმაურა, რომელიც რუსეთის რუსეთთან მოლაპარაკების დროს ქართულ მხარეს წარმოადგენს. კაპანაძემ აღნიშნა, რომ შვეიცარულმა მხარემ ივლისის რაუნდის წინ თბილისს შესთავაზა დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო მონიტორების განლაგებას იმ სავაჭრო კორიდორებში და საბაჟო პუნქტებზე, რომელსაც საქართველო რუსეთის ფედერაციასთან განიხილავს.
არის თუ არა მხარეთა პოზიციები დაახლოებული და რა შანსები არსებობს საკითხის დადებითად გადაწყვეტის, "რეზონანსთან" საუბრისას კაპანაძეს ამის დაკონკრეტება უჭირს. ის ამბობს, რომ უკვე გაიმართა ტექნიკური შეხვედრა, სადაც საბაჟო ექსპერტები შეხვდნენ ერთმანეთს, რათა მხარეთა პოზიციები უფრო ნათლად იყოს გარკვეული. "როგორი იქნება ინფორმაციული გაცვლის სისტემა, რა ტიპის ინფორმაცია შემოვა და ა.შ., - ამას სჭირდება საბაჟო ექსპერტები. რაც შეეხება სექტემბრის შეხვედრას, სპეკულირებას ვერ დავიწყებ როგორი იქნება რუსეთის შემხვედრი ნაბიჯები, მაგრამ თუ მათ მსო-ში შესვლა უნდათ, ასეთი ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ", - ამბობს კაპანაძე
მისი თქმით, ფუნდამენტურ საკითხებზე ფუნდამენტური განსხვავებები რჩება. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება კიდევ ერთ საკითხზე - საბაჟო გადასახადის ამოღებაზე, თუმცა, ჯერ გარკვეული არაფერია. "ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს არის ერთ-ერთ მთავარი თემა", - ამბობს კაპანაძე. ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის თქმით, მოლაპარაკებებში პროგრესი მაინც შეიმჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური საკითხები შეუთანხმებელია.
"ყინული მაინც დაიძრა, ეს პოლიტიკური საკითხია და ამ საკითხის დაძვრა ამერიკული და რუსული პოლიტელიტის მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ზედმეტად ხისტი პოზიცის დაკავება ქართული პოლიტიკისათვის მომგებიანი არ იქნება", - ამბობს კალანდაზე.
მისი თქმით, ვეტოს გამოყენება და ფეხების ბაკუნი ოპტიმალურ შედეგებს ვერ მოიტანს, მიუხედავად იმისა რომ რუსეთმა საზღაური უნდა გადაიხადოს მსო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ.
"მგონი პროცესი გადაწყვეტისკენ უფრო მიდის, ვიდრე არარაციონალური პოლიტიკისკენ", - ამბობს კალანდაძე.