[ქართული სიტყვა]
„2013 წელს სააკაშვილი პრეზიდენტი ვეღარ იქნება. იგი ვერც პრემიერი გახდება. „ნაცმოძრაობაში“ რამდენიმეა, ვისაც პრეზიდენტობა უნდა – უგულავა, ბაქრაძე თუ მერაბიშვილი. სააკაშვილს კი, აქვს თავისი გეგმა – საქართველოს პრეზიდენტი იქნება ვინმე უხერხემლო პოლიტიკური ფუგურა, რომელიც მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.“
„კონსერვატორი“ ზვიად ძიძიგური, როგორც იტყვიან, „ექვსიანის“ ფარგლებში მილიონი ამომრჩევლის ხმას ელის და პირობა დებს, რომ კოლეგებთან ერთად, ყველა ღონეს იხმარს ქართველების გასააქტიურებლად. მიაჩნია, რომ საარჩევნო კოდექსის შეცვლისთვის ბრძოლა კვლავ მიდის, თუმცა იმაშიც დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გამარჯვების საწინდარი მაინც ხალხის ხმაა.
ბატონო ზვიად, აგვისტოს ომიდან სამი წელი გავიდა. თვლით თუ არა, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა და როგორ? სააკაშვილის ხელისუფლება დღენიადაგ გვარწმუნებს ეს გარდაუვალი პროცესი იყოო...
– ომის პროვოცირებაში დიდი მონაწილეობა მიიღო თავად მიხეილ სააკაშვილმა და აბა, სხვა რა უნდა ქნას, უნდა დაგვარწმუნოს, რომ ეს გარდაუვალი იყო. ძალიან კარგად გვახსოვს წინაპირობები, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი და შემდეგ, როგორ სამარცხვინოდ ჩაება ამ ომში ხელისუფლება და ჩვენი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი სააკაშვილი. ის, თუ რატომ არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებითაცაა არგუმენტირებული. ის, რაც მაშინ სააკაშვილმა გააკეთა, სრული უპასუხისმგებლობა და საკუთარი ქვეყნის ბედით ჟონგლიორობა იყო – ხალიჩებით, ტრიბუნებით და დროშებით ცხინვალისკენ გაემართა, რათა მეორე დღეს რაღაც კიდევ ერთი შოუ მოეწყო.
ფაქტობრივად, მისმა ამ ქმედებამ გამოიწვია ისეთი ტერიტორიების, ანუ კოდორის ხეობისა და ახალგორის რაიონის დაკარგვა, რომელზეც პრეტენზია არასდროს არავის ჰქონია.
ვის ეკისრება წაგებულ ომზე პასუხისმგებლობა? მედვედევმა თავის ინტერვიუში ამის „ბედნიერება“ სააკაშვილს გადაულოცა და განაცხადა, სააკაშვილი ცხინვალში ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძოდაო...
– ჩემი აზრით, სააკაშვილი ჟონგლიორობდა საქართველოს ბედით და დაკარგა ტერიტორიები. რუსეთი დათვი, ოკუპანტი და ცუდია და ამის დამტკიცებას საქართველოს ტერიტორიების ჩაბარება არ სჭირდებოდა. რუსეთი რუსეთია და თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ როცა შენ ქვეყნის პრეზიდენტობას იჩემებ და თითქოს ქვეყნის გაერთიანების სურვილი გაქვს, გონივრულად და ჭკვიანურად უნდა მოიქცე და საკუთარ ქვეყანას პროვოკაციებს არ უნდა უწყობდე, თუმცა აგვისტოს ომი წარმატებად გამოაცხადა.
სააკაშვილი იყო და არის ბედნიერი, ვინაიდან ამ ომის შემდეგ, შეინარჩუნა ხელისუფლება და მთელ საქართველოს თვალში ნაცარს აყრიდა, როდესაც აცხადებს, რომ რუსები დაამარცხა. კარგად მახსოვს, გამალებით მუშაობდნენ სააკაშვილის სადეზინფორმაციო საშუალებები, რომ ომიდან 2-3 თვის შემდეგ თბილისში გამოკითხულთა 28%-მა თითქოს თქვა, რუსებს ომი მოვუგეთო. ეს იმის ნათელი დადასტურება, თუ როგორ შეუძლია ხელისუფლებას იმოქმედოს ხალხის ფსიქოლოგიაზე და შეცდომაში შეიყვანოს. სააკაშვილმა ამას გაუთავებელი კონცერტებით, ჯაჭვებითა და პიარ-ღონისძიებებით მიაღწია.
კარგად მახსოვს, როცა ბიჭების გვამები მზის ქვეშ ეყარა და იხრწნებოდა, გვამებიც კი არ გამოიტანეს, იმდენად იყვნენ დაპანიკებულები, იქეთ გახედვაც არ უნდოდათ და ამ დროს რუსთაველზე კონცერტებს მართავდა მიხეილ სააკაშვილი და ყველას უმტკიცებდა, ჩვენ ყველაზე მაგრები ვართო. ეს ამაზრზენი იყო, რის გამოც სააკაშვილი, ადრე თუ გვიან, პასუხს აგებს.
ბევრი ექსპერტის შეფასებით, რამდენიმედღიანი ომი ცხინვალის ჩაბარების სპეცოპერაციას უფრო ჰგავდა. ლორდთა პალატის ევროკავშირთან ურთიერთობის კომიტეტმაც თავის მოხსენებაში ჩაწერა, სააკაშვილმა ცხინვალის დაბომბვით მოხერხებულად მისცა რუსებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საშუალებაო. თქვენი აზრით, მაინც რა მიზანები ამოძრავებდა ხელისუფლებას?
– ჩაბარება მიზანი არ იყო. სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი საქართველოს საქმეებში ღიად და პირდაპირ ფართომასშტაბიან ჩარევას ვერ გაბედავდა, მაგრამ პირიქით მოხდა – რუსეთი ეძებდა საამისოდ მიზეზს და მთელ მსოფლიოს, პირველ რიგში კი, აშშ-ს განუცხადა, შენ თუ შეგიძლია ერაყში შესვლა, მე შემიძლია საქართველოში შევიდე, შენ თუ შეგიძლია აღიარო კოსოვოს დამოუკიდებლობა, მე შემიძლია ვაღიარო აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობაო. ეს იყო რუსეთის მხრიდან „პალაჟენიის“ დაყენება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის და მას შემდეგ რუსეთი, როგორც თანასწორს, ისე ელაპარაკება აშშ-ს. მანამდე ამას ვერ აკეთებდა.
აგვისტოს მოვლენების შესწავლა აუცილებლად უნდა მოხდეს მას შემდეგ, როდესაც სააკაშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში და საზოგადოებას ზუსტი ინფორმაციები უნდა მიეწოდოს.
დღეს ღიად საუბრობენ მესამე ძალაზე, ანუ თეთრ სახლზე, რაზეც მედვედევმაც მიანიშა და განაცხადა, საქართველოში ამერიკელმა ემისრებმა მოუხშირეს სიარულსო. მართლაც, რის და ვის იმედად ჩაება საქართველო ასჯერ ძლიერ რუსეთთან ომში?
– თუ ვინმეს ჰგონია, რომ აშშ თავის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ასეთი ტიპის ქმედებებს უჭერს მხარს, ძალიან სცდება. ამერიკას არავითარ შემთხვევაში არ აწყობდა რუსეთის ტონალობის შეცვლა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც შეიცვალა სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ. ამიტომ ის, რომ თითქოს კონდოლიზა რაისმა, ან ბუშმა უთხრა სააკაშვილს, მიდი, ომი დაიწყე და ჩვენ აქ ვართო, აბსურდად მიმაჩნია. აშშ ნებისმიერ საერთაშორისო დატვირთვის მქონე ნაბიჯს ანალიტიკური ინსტიტუტებისა და მრჩეველთა მთელი არმიის გადაწყვეტილებების შემდეგ იღებს. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილმა ყველა ფაქტის წინაშე დააყენა.
მედვედევმა ისიც თქვა, მიმადლოდეს სააკაშვილი, დღეს რომ ისევ პრეზიდენტია და თბილისი არ ავიღეო...
– რუსეთს არ ჰქონდა არავითარი უფლება, რომ თბილისში შემოსულიყო. კონფლიქტის საზღვრის მიღმა გამოსვლის უფლება საერთოდ არ ჰქონდა. რუსეთი ოკუპანტია, ამაზე ორი აზრი არაა, მაგრამ მასთან გამწვავებული ურთიერთობა საქართველოს ასარჩევი იყო და საქართველოს ხელისუფლებამ ეს არჩევანი გააკეთა – რუსეთთან გამწვავებული ურთიერთობით მტრის ხატი შეექმნა. ჯაშუშების თეატრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი არჩევნების წინ, 2006 წელს დადგა, ლანძღვა-გინება და ყველაფერი იქითკენ იყო მიმართული, რომ საბოლოო ჯამში, აგვისტოს მოვლენები მომზადებულიყო.
ბატონო ზვიად, რას იტყვით, რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ წარმოებულ თითქმის ოცწლიან ინტერვენციულ პოლიტიკაზე?
– არ ვამბობ, რომ 1992 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა სწორია, მაგრამ როცა ასჯერ უფრო პატარა, ასჯერ უფრო სუსტი ხარ, როდესაც გაქვს წინაპრების გამოცდილება, ასეთ დროს მეტი ჭკუა და საკუთარი ქვეყნის სყვარულია საჭირო, რომ მისი ინტერესით მანიპულირება არ დაიწყო.
რატომ არ სრულდება სარკოზი-მედვედევის შეთანხმება? როცა მედვედევს ამაზე ჰკითხეს, უპასუხა, 100%-ით, ანუ ისე შესრულდა, როგორც რუსეთს ესმისო. რა ენაზე ლაპარაკობს ეს კაცი?
– თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა და ნიკოლა სარკოზიმ ეს შეთანხმება წარმატებად და გადარჩენად გამოაცხადეს, მაგრამ შეთანხმებაში არის ბუნდოვანი პუნქტები შეიარაღებული ნაწილების დისლოკაციასთან, მათ გაყვანასთან და ა.შ. დაკავშირებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, რუსეთს შეუძლია თქვას, რომ 100%-ით შეასრულა ეს პუნქტები, მაგალითად, პერევიდან ჯარი გაიყვანა. სინამდვილეში, ეს დოკუმენტი, რომელსაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა, საქართველოსთვის ისეთი შედეგის მომტანი იყო, რა შედეგიც დღეს გვაქვს – დამატებით ტერიტორიებზე რუსული ძალებია განლაგებული და ძალიან გართულდა საქართველოს მთლიანობის აღდგენა, უფრო სწორად, რბილად რომ ვთქვათ, ამან დიდი ვადით გადაიწია. ახალი ხელისუფალი რომ მოვა, მასაც დასჭირდება, ნაბიჯ-ნაბიჯ იაროს, რომ თუნდაც შევარდნაძის დროს არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებით, ცხინვალთან მიმართებაში, აღადგინოს.
მამუკა არეშიძემ განაცხადა, გამოსავალი ამ ორი რეგიონის საქართველოს მხრიდან დამოუკიდებლობის აღიარებაშიაო...
– ერთი ვიცი: დღეს ისეთი მდგომარეობაა, არც აფხაზს და არც ოსს საქართველოს გაგონება არ უნდა. მიუხედავად ამისა, თუ სწორად იქნება პოლიტიკა დაგეგმილი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, საქართველომ იფიქროს გამთლიანებაზე, ოღონდ არა ასეთი ხელისუფლების პირობებში, როდესაც ყოველდღიაურად ვშორდებით აფხაზებსა და ოსებს.
ბატონო ზვიად, ხაზგასმით ამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტიაო. რატომ უჭირს ამ სიტყვის წარმოთქმა თქვენს ექსპარტნიორ ნინო ბურჯანაძეს?
– არ ვიცი, ეგ არაა ჩემი თემა.
ბატონო ზვიად, ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთ რუსულ საიტზე მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და სხვა მაღალჩინოსანთა სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გამოვქყენდა. აქედან რა დასკვნა გამოიტანეთ?
– მოვუსმინე და კიდევ ერთხელ განმიმტკიცდა აზრი, რომ ჯერ დაიჭირეს ფოტოგრაფები და შემდეგ, დაიწყეს ამ საქმის შეკერვა. ისინი იმიტომ დაიჭირეს, რომ ხელისუფლებას ეკლესისთან იმჟამად არსებული კონფლიქტი გადაეფარა. ეს სააკაშვილის სტილია, რომელსაც ხშირად მიმართავს, თუმცა არ ეგონა, რომ ფოტოგრაფების საქმე გამოიწვევდა რამდენიმეკვირიან ვნებათაღელვას. ფიქრობდნენ, რომ ხმაური ორ დღეში ჩაცხრებოდა, მაგრამ ჟურნალისტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავიანთი სოლიდარობით, აქტიური და ოპერატიული ქმედებებითა და შეუპოვრობით მიაღწიეს ამ ბიჭების გათავისუფლებას. ეს იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი უფლებების დასაცავად. ყველა ჟურნალისტს ვულოცავ ამ წარმატებას.
სახელისუფლებო ტელეკომპანიებმა გაავრცელეს ინფორმაცია „ჩრდილოვანი კაბინეტის“ შექმნის შესახებ. ისიც ითქვა, რომ „ექვსიანი“ დაკავებულია ხელისუფლების გადანაწილებით და თქვენ, თურმე, თავდაცვის მინისტრის პორტფელი გერგოთ...
– ხელისუფლებას ძალიან უნდა, თავისი მედია-საშულებების მეშვეობით გამოაჩინოს, რომ „ექვსიანი“ მხოლოდ ხელისუფლების განაწილებითაა დაკავებული და ამიტომ წინ წამოწია „ჩრდილოვანი კაბინეტის“ თემა. ეს არაა ახალი პოლიტიკური მოვლენა. ყველა ოპოზიცია, განსაკუთრებით ევროპაში, იყენებს „ჩრდილოვანი კაბინეტის“ ფორმირების მეთოდს. ეს კარგი საშუალებაა, რომ ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში შეხვიდე. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ ასეთი ტიპის საქმიანობას და პერსპექტივაში, როდესაც საერთო გეგმებს შევათანხმებთ, როდესაც პოლიტიკურ პროგრამას ჩამოვაყალიბებთ, აქტიურობას დავიწყებთ. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, წარმოგვიდგენია, რომ „ჩრდილოვანი კაბინეტის“ ფორმირება უნდა მოხდეს, მაგრამ ის, რომ უკვე ჩამოვარიგეთ თანამდებობები იმ ეტაპზე, როდესაც ჯერ საერთო პოლიტიკური პროგრამების შეჯერების ეტაპზე ვართ, ეს ხელისუფლების მხრიდან აშკარა სურვილის დადასტურებაა, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს იმ ძალის კომპრომეტაცია, რომელიც კონკურენტად მიაჩნია.
მე რომ თავდაცვის მინისტრი უნდა ვიყო, ამის შესახებ ჟურნალისტებისგან შევიტყვე. როგორც გავიგე, პრეზიდენტი იქნება ალასანია, პარლამენტის თავმჯდომარე – უსუფაშვილი, იუსტიციის მინისტრი – დავითაშვილი. ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომელსაც თავი სერიოზულ და კომპეტენტურ ტელეკომპანიად მიაჩნია, დავითაიას ვარაუდებზე ააგო მთელი მითი და პირამიდა, მერე, თვითონვე დაიწყო ამის გაქილიკება. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკურ კოალიციას დაუწყო კბენა მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ საქმიანობა არ დაგვიწყია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობის გააქტიურების შემდეგ, ასეთი ქმედებები, ყალბი და დამცინავი სიუჟეტები მოიმატებს. ეს ჩვენთვის სახალისოა.
ისე, არასდროს გიოცნებიათ თავდაცვის მინისტრობაზე? ურიგო პოსტი როდია!..
– არასდროს მიფიქრია, რომ თავდაცვის მინისტრობა ჩემი საქმეა. ჩვენ გვაქვს არჩევნები მოსაგები და ამისათვის გვჭირდება მილიონი ამომრჩევლის გააქტიურება. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ქართველი ხალხის გააქტიურებას. ესაა საწინდარი გამარჯვების. აგვისტოშიც გვაქვს მუდმივი შეხვედრები და შემოდგომაზე ვაპირებთ საქმიანობის ფართოდ გაშლას.
არჩევნების გზით შევცვლითო, რომ ამბობთ, ცხრათვიანი მოლაპარაკებით ხელისუფლებას მაინც ვერ გამორჩით მნიშვნელოვან ცვლილებებს. კიდევ იმედოვნებთ, რომ საარჩევნო კოდექსი გაუმჯობესდება, თუ უმაგისოდაც გაქვთ გამარჯვების იმედი?
– 2007 წელს, როდესაც კოდექსი იგივე იყო, რაც დღეს არის, როცა მედიასივრცეც სახელისუფლებო იყო, ჩვენ მოვუგეთ ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ ეს მოვახერხეთ ხალხის გააქტიურებით. ასე რომ, საარჩევნო კოდექსი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი მილიონი კაცის გააქტიურება. მილიონი ხმა არის გამარჯვება და შემიძლია, ამაში დაგარწმუნოთ. საზოგადოებამ კარგად ნახა, თუ რა პროცესების შედეგად მივიღეთ მხოლოდ ფასადური დათმობები – ორმა პარტიამ არჩია სახელისუფლებო ნავში გადაბარგება, მაგრამ ეს იყო მათი არჩევანი. ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო კოდექსისთვის ბრძოლას, მაგრამ ეს არ იქნება საქმიანობის ერთადერთი თემა. ჩვენ სოციალურ-პოლიტიკურ თემებსაც უნდა შევეხოთ, განსაკუთრებით იმ თემებს, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას.
„ნაცმოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე რამე გსმენიათ?
– „ნაცმოძრაობას“ ჩვენზე უკეთ ესმის, რომ 2013 წელს სააკაშვილი პრეზიდენტი ვეღარ იქნება. მისმა ერთმა ნაწილმა ისიც იცის, რომ იგი ვერც პრემიერი გახდება. იქ ცალკეული დაჯგუფებებია, რომელთაც თავიანთი პოლიტიკური მიზნები აქვთ. რამდენიმეა, ვისაც პრეზიდენტობა უნდა – უგულავა, ბაქრაძე თუ მერაბიშვილი. არის ასეთი მოლოდინები გაჩენილი „ნაცმოძრაობაში“ და რაც უფრო მოახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, იქ მით მეტად დაიძაბება მდგომარეობა.
2013 წელს მიშა აღარ იქნება პრეზიდენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემაკავებელი ფაქტორები „ნაცმოს“ ბევრი წევრისთვის აღარ იარსებებს. ჩაიძირება თუ არა გემი, ეს დამოკიდებული იქნება საქართველოს მოსახლეობაზე. სააკაშვილს აქვს თავისი გეგმა – საქართველოს პრეზიდენტი იქნება ვინმე უხერხემლო პოლიტიკური ფუგურა, რომელიც მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. თუ სააკაშვილმა მოახერხა და გადააგორა ასეთი ტიპის ბუტაფორიული სიტუაცა, შემდეგ, კვლავ ორი ვადით მოგვევლინება პრეზიდენტად. ასეთია მისი გეგმა და ეს რომ ჩაიშალოს, აუცილებელია საქართველოს მოსახლეობის აქტიურობა.
ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ: ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა მხოლოდ არჩევნებია, არავითარი რევოლუციები, „რაგატკები“ და კომბლები. ყველა იმისთვის მოვემზადოთ, რომ დანიშნულ დღეს მივიდეთ საარჩევნო ყუთთან, ჩავაგდოთ ბიულეტენი, რომელშიც შემოხაზული იქნება ოპოზიციური პარტია. თუ ეს მილიონმა ადამიანმა გააკეთა, სააკაშვილის ხელისუფლება ავტომატურად გადადის ოპოზიციურ რეჟიმში. საქართველოს ძალიან სჭირდება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა, სხვაგვარად საქართველოს სახელმწიფოს ფორმირება ვერ მოხდება.
ბატონო ზვიად, მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის შესახებ დოკუმენტს ხელს რატომ არ აწერთ? „ლეიბორისტების“ მტკიცებით, ეს ოპოზიციის თვითლუსტრაციის საუკეთესო საშუალებაა...
– ასეთ დოკუმენტზე ათჯერ მაქვს ხელი მოწერილი. მაშინ, სხვათა შორის, „ლეიბორისტებს“ ხელი არ მოუწერიათ. თუ რამე დოკუმენტზე საჭიროდ ჩავთვლით ხელის მოწერას, ჩვენ თვითონ შევადგენთ და მოვაწერთ. ის ტონი და ფორმა, რომლითაც ნათელაშვილმა მოითხოვა, ხელი მოგვეწერა ამ დოკუმენტზე, ჩემთვის მიუღებელია. ეს ტონი ასეთია: პოლიტიკური „რვიანი“ შეკრულია ხელისუფლებასთან, ისინი არიან „პროსტიტუტკები“, დაანებეთ ლაპარაკს თავი, მოცუნცულდით ყველანი და ხელი მოგვიწერეთ იმპიჩმენტის დოკუმენტზეო. ასეთი ტიპის ინტერვიუ წავიკითხე ერთ-ერთ გაზეთში და ამის შემდეგ გამორიცხული იყო, „კონსერვატიულ პარტიას“ ხელი მოეწერა ამ დოკუმენტზე.
ნათელაშვილმა და ყველამ საკუთარი თავის ლუსტრაციაზე იფიქროს. ყველას თავისი საქმე აქვს. რა დოკუმენტსაც შემოგვთავაზებდა შალვა ნათელაშვილი, ხელს ვუწერდით და ეტყობა, ამის შემდეგ ჩათვალა, რომ უკვე შეურაცხმყოფელი ტონით უნდა მიმართოს ოპოზიციონერ კოლეგებს. ოპოზიციასთან მაგარი ბიჭობა არ არის რამის დამტკიცება, თუ ვინმეს უნდა სააკაშვილთან ბრძოლა, მას ებრძოლოს. არც მე მიმაჩნია ბევრი კოლეგის ქმედება სწორად, მაგრამ ჩემი ძირითადი საქმიანობა არაა მათი კრიტიკა, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ქვეყანას ერთი მტერი ჰყავს – ხელისუფლება და მისი შეცვლა ჩვენი ერთადერთი და უმთავრესი მიზანია.