[რეზონანსი გიორგი ფუტკარაძე]
დედაქალაქის საბავშვო ბაღებში უბნების მიხედვით დიფერენცირებული გადასახადის შემოღებით თბილისის მერიამ ქალაქი მდიდრების და ღარიბების უბნებად დაჰყო - მიიჩნევენ ფსიქოლოგები და ფიქრობენ, რომ თუკი უბნების ამგვარი დაყოფა გაგრძელდა, სამომავლოდ საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს, შესაძლოა, მოზარდებს შორის დაპირისპირება დაიწყოს.
ახალი გადაწყვეტილებით კი, თუკი თქვენ გლდანში ცხოვრობთ, ბაღში მინიმალურ გადასახადს გადაუხდით თქვენს შვილს, ხოლო თუ ვაკეში ან საბურთალოზე - მაქსიმალურს.
თავად მერიაში კი გადასახადების განსხვავებულობას ბაღების მიერ შეთავაზებული სერვისებით ხსნიან და მდიდრების და ღარიბების უბნების გამოყოფას კატეგორიულად უარყოფენ.
დედაქალაქის მერიამ თბილისში მოქმედი საბავშვო-ბაღების თანადაფინანსების ინდივიდუალური ტარიფები გუშინ დაასახელა. თუ რა დაუჯდება ბავშვის სასურველ ბაღში მიყვანა მშობელს, დეტალური ინფორმაცია ცცყლშვთყწკპყპუ-ზეა განთავსებული.
ძველი თბილისის, წავკისის, შინდისის, კოჯრისა და ტაბახმელას ბაღებში თითო ბავშვზე ყოველთვიური გადასახადი 30 ლარით განისაზღვრა.
გლდანი-ნაძალადევის რაიონში არსებულ საბავშვო ბაღებში საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, რომლებიც არ ფიქსირდებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში ან რომელთა სარეიტინგო ქულა აღემატება 200 000-ს, პირველი ბავშვის მომსახურების ღირებულება შეადგენს 35-დან 55 ლარამდე. ოჯახიდან მეორე ბავშვის მომსახურების ღირებულება თითქმის ნახევრდება, მესამე და მომდევნო ბავშვის მომსახურება კი უფასოა.
40-დან 60-ლარამდე განისაზღვრა დიდუბე-ჩუღურეთში განთავსებული საბავშვო ბაღების თანადაფინანსების ტარიფები.
ყველაზე მაღალი გადასახადის გადახდა მშობლებს თავიანთი შვილების ვაკე-საბურთალოს რაიონში მდებარე საბავშვო ბაღებში შეყვანისას მოუწევთ - სწავლის ყოველთვიური მინიმალური ზღვარი 50 ლარითაა განსაზღვრული, რიგ ბაღში კი გადასახადის სახით 80 ლარია დაწესებული.
ზუსტად ერთი დღის წინ კი თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ქაცარავა ირწმუნებოდა, რომ მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში მაქსიმალური გადასახადი 50 ლარი იქნებოდა.
"მაქსიმალური გადასახადი იქნება დაახლოებით 50 ლარის ფარგლებში", - აცხადებდა ქაცარავა, რომელიც ამბობდა რომ მერიის გადაწყვეტილება ბაღებში სოციალური სამართლიანობის აღდგენას ემსახურება. ამასთან, მისი თქმით, ბაღებთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიღებულია ფსიქოლოგებთან, სოციოლოგებთან და ექსპერტებთან ერთად, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ სკოლამდელი განათლების საკითხებში.
რაც შეეხება გადასახადებს, ქაცარავას თქმით, მშობლებს გადასახადების გადახდა მაინც უწევდათ. ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიზანია გადასახადების მოწესრიგება, სისტემატიზაცია და მისი გამჭვირვალობა, რაც საბოლოოდ ემსახურებას ხარისხის ამაღლებას საბავშო ბაღებში. მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ერთი ბავშვის შენახვა საშუალოდ 80-90 ლარი ჯდება და ყველა ბაღი მერიისგან დაფინანსებას მიიღებს 10-დან 60 ლარამდე. რაც შეეხება ტარიფის დიფერენციაციას, მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება თავად ბაღებმა მიიღეს.
"რაც შეეხება ფასების განსხვავებას რაიონების მიხედვით, ამას განსაზღვრავს, თუ რა წრეები აქვს თითოეულ ბაღს, რა დამატებით სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს. ზოგან მოთხოვნა მაღალია და ფასიც იზრდება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სტანდარტებს აკმაყოფილებს ბაღი", - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
ცვლილებები, რომელიც ახლა ხორციელდება, მერიამ წინა კვირაში გაახმოვანა. საბავშვო ბაღების "მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული მართვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ" ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეიქმნა არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი - თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტო - რომელიც თბილისელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ახალი მეთოდოლოგიით სწავლებასა და გაუმჯობესებულ მომსახურებას სთავაზობს.
მერიის ინფორმაციით, გადახდის ახალ სისტემაზე გადასვლა საბავშვო ბაღების ადმინისტრაციული მართვის მეთოდების რეფორმას უკავშირდება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თითოეულ ბაღს შესაძლებლობა ექნება, დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ხარისხის შესაბამისი, ინდივიდუალური გადასახადი დააწესოს, მაგრამ ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რაც რეალურად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ერთი ბავშვის შენახვას სჭირდება.
რა თანხას მოიცავს ერთი ბავშვის შენახვისთვის საჭირო ხარჯები, მერიის ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის.
ახალი სისტემით, მშობელი საბავშვო ბაღის ასაკის მეორე შვილის სწავლებაში, პირველი შვილის სწავლის ღირებულების 50%-ს გადაიხდის, ხოლო მესამე ბავშვის სწავლება უფასო იქნება. განსხვავებული მიდგომა იქნება სოციალურად დაუცველთა მიმართ. 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვებისა და ასევე იმ მოზარდების სწავლების გადასახადს, რომელთა აღზრდა ინკლუზიური მეთოდით მიმდინარეობს, თბილისის მერია დაფარავს.
გარდა ამისა, როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მომავალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღებში გაუქმდება ყველა ის დამატებითი გადასახადი, რომლებიც წლების განმავლობაში არაოფიციალურად არსებობდა, მშობლების უკმაყოფილებას იწვევდა და ბავშვებს შორის არათანასწორ სასწავლო გარემოს ქმნიდა. მერია იმასაც ირწმუნება, რომ რეფორმის შედეგად, ყველა ბავშვს, განურჩევლად მისი სოციალური მდგომარეობისა, საშუალება ექნება თანაბარ პირობებში აღიზარდოს და დამატებით ყველა ის სასწავლო წრე გაიაროს, რომელიც ადრე ფასიანი იყო და შესაბამისად - მიუწვდომელი.
თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტომ ბავშვების მიღება უკვე დაიწყო. პირველ ეტაპზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ბაღებში მხოლოდ იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების 2-5 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებიან, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000 არ აღემატება. ყველა სხვა კატეგორიის მსურველთა რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება.
რამდენად გამართლებულია უბნების მიხედვით ტარიფის დიფერენციაცია - ფსიქოლოგებს ამაზე მხოლოდ უარყოფითი პასუხი აქვთ. ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ განსხვავებული გადასახადის დაწესებით მერიამ უბნებში ქონების მიხედვით დაჰყო, რამაც შესაძლოა მძიმე პედაგოგიური შედეგები მოიტანოს.
"არაა გამორიცხული, რომ სხვა ანალოგები მოიძებნოს, თუმცა, როდესაც ბავშვებმა იციან, რომ ისინი ღარიბი უბნის მცხოვრებნი არიან ან პირიქით, ეს მომავალი თაობების მენტალიტეტზე აუცილებლად აისახება", - ამბობს საყვარელიძე. ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე ამბობს, რომ შესაძლოა დიფერენცირებული ტარიფი პრაქტიკიდან გამომდინარე დაწესდა, რომ მოსახლეობა გლდანში მეტს იმდენს ვერ გადაიხდიდა, ვიდრე ცენტრში მცხორებნი.
"ის ფაქტი, რომ ვიღაც ღარიბი უბნის მკვიდრად ჩათვლის თავს, არ არის სასიამოვნო, თუმცა, ვეჭვობ, რომ ამ ეტაპზე ბაღის ბავშვების ფსიქოლოგიაზე გავლენა მოახდინოს, მაგრამ თინეიჯერობის ასაკში ნამდვილად მოახდენს გავლენას", - ამბობს ნიჟარაძე და იქვე დასძენს, რომ უახლოეს პერიოდში არა, თუმცა, თუკი ასეთი უბნების დიფერენციაცია გაგრძელდა, მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირება გაიზრდება.