დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - სადავო საკითხი „მოძმე ერებს“ შორის

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - სადავო საკითხი „მოძმე ერებს“ შორის

[ტრიბუნა ლევან ნასრაშვილი]

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის 446-კილომეტრიანი მონაკვეთის დაახლოებით 30% ჯერ კიდევ არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფოთაშორისი კომისია მუშაობას განაგრძობს. გარკვეულ სასაზღვრო ტერიტორიებზე დავა, ძირითადად, ისტორიკოსების დონეზე შეიმჩნევა და ისიც, სახელმწიფოებს შორის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, აქტიური არ არის. 
  

„სადავო საზღვრის“ უმთავრესი მონაკვეთი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსია, კონკრეტულად კი, დაახლოებით, 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც კლდეში გამოკვეთილი სენაკები და მონასტრები მდებარეობს. მას აზერბაიჯანელები საკუთარი წინაპრების, ქრისტიანი ალბანელების, მიერ შექმნილ რელიგიურ ძეგლად მიიჩნევენ და „კეჩიკს“ უწოდებენ. 
  

ქართველებისთვის იგი ქრისტიანულ-მართლმადიდებლური მონასტერია, რომელიც VI საუკუნეში 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, წმინდა დავით გარეჯელმა დააარსა. მონასტრების კედლებზე არსებული ეპიგრაფიული წარწერები და ქართული ფრესკები ალბანური კვალის ძებნის უსაფუძვლობას ამტკიცებს. 


საქართველოში მიიჩნეოდა, რომ ქვეყნებს შორის არსებულმა მჭიდრო პოლიტიკურმა ურთიერთობებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ აზერბაიჯანელებს დავის სურვილი გაუქრო. მართლაც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიჯანში, არც პოლიტიკოსებისა და არც ისტორიკოსების მხრიდან, საკითხი ღიად არ დასმულა. 

  
თუმცა, როგორც ირკვევა, აზერბაიჯანში სადავო საკითხის კიდევ ერთხელ და შედარებით უფრო აქტიურად წამოწევა სურთ - აპირებენ, შექმნან ალბანური ეკლესია, რომლის უმთავრეს მიზნად „აზერბაიჯანელი ერის უძვირფასესი კულტურული და რელიგიური საგანძურის“ დაბრუნება სახელდება. 

  
აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის წევრმა იაგუნ მაფმუდოვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ, ხელისუფლების მხარდაჭერით, უახლოეს პერიოდში აზერბაიჯანის ალბანური ეკლესია შეიქმნება და „აზერბაიჯანის ჩრდილოეთ რაიონების მოსახლეობას, რომელიც ოდესაღაც ქრისტიანული რწმენის მიმდევარი იყო, საშუალება ექნება, წინაპრების რწმენას დაუბრუნდეს... აღდგენილი და რესტავრირებული იქნება ალბანური მონასტრები, სადაც ღვთისმსახურების ჩასატარებლად ყველა პირობა შეიქმნება“. 

  

მაჰმუდოვს, სავარაუდოდ, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არ უხსენებია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი,ის ღიად მხოლოდ „სომხების მიერ მიტაცებული“ ქონების დაბრუნებაზე საუბრობდა. 

  

„1836 წელს ალბანური ეკლესიის გაუქმების შემდეგ მთელი ქონება, ტაძრები და წიგნები სომხურ ეკლესიას გადაეცა, ხოლო მრევლს გრიგორიანული სარწმუნოების მიღება აიძულეს. საბოლოოდ კი, აზერბაიჯანელი ერის უძვირფასესი კულტურული და რელიგიური საგანძური, რომელიც კავკასიური ალბანეთის პერიოდს მიეკუთვნეობდა, სრულად გადანდგურდა“, - ამბობს მაჰმუდოვი, რომელიც არ ახსენებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უმთავრეს სადავო საკითხს, თუმცა ფაქტია, რომ „აზერბაიჯანელი ერის უძვირფასეს კულტურულ და რელიგიურ საგანძურში“ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსაც გულისხმობს, ხოლო აზერბაიჯანის ალბანური ეკლესიის შექმნით კი, „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული საზღვრის დემილიტაცია-დემარკაციის კომისიაზე“, და არამარტო კომისიაზე, გამოსაყენებელ იურიდიულ საფუძველს ამზადებს. 

  

„დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ალბანეთი, როგორც ქრისტიანული სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არსებობდა. ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეოთხე საუკენეში გამოცხადდა. დღემდეა შემორჩენილი ალბანური კულტურის ძეგლებიც“, - აცხადებს „ტრიბუნა.ge“-სთან საუბრისას ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე, რომელიც ფიქრობს, რომ აზერბაიჯანელებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე პრეტენზიების წამოსაყენებლად არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ. 

  

ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მუსლიმების შემოსევებისგან პირველ დარტყმას სწორედ ალბანური სახელმწიფო იღებდა, ხოლო სელჩუკების მიერ ალბანეთის დაპყრობა, ქრისტიანული სახელმწიფოსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან დამპყრობელი ამ ტერიტორიაზე დასახლდა და საკუთარი ენის, რელიგიისა და მმართველობის სტილის დამკვიდრება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამას ქართული და სომხური სახელმწიფოები გადაურჩა. 

  

„XI-XII საუკუნეები არის ზღვარი, როცა კავკასიური, ქრისტიანული ალბანეთი სელჩუკების მიერ დაპყრობილ ისლამურ ერთეულად იქცა. თუმცა, რაღა თქმა უნდა, დარჩა ალბანური კულტურა“, - აღნიშნავს ლორთქიფანიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ალბანური კულტურის ძეგლი არ არის. „დავით გარეჯი ქართული კულტურის ძეგლია, ამის დასამტკიცებლადაც უამრავი წერილობით დოკუმენტი გვაქვს, მათში დეტალურად არის აღწერილი, თუ როდის და ვის მიერ დაარსდა პირველი მონასტერი“. 

  

მიუხედავად ამისა, ლორთქიფანიძე ქართველ და აზერბაიჯანელ ისტორიკოსებს შორის დავის არსებობას ადასტურებს და ამბობს, რომ როცა აზერბაიჯანელი ტურისტები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მოსანახულებლად ჩამოდიან, მათ მიაჩნიათ, რომ ალბანურ კულტურის ძეგლს ათვალიერებენ, რაშიც იგი იმ ისტორიკოსებს ადანაშაულებს, რომლებიც „მცდარ ისტორიას ჰქმნიან“. 

  

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ დავა განსაკუთრებით 2006 წელს დაიძაბა, როცა საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებში მწვავე განცხადებები გაკეთდა. აზერბაიჯანის საგარეო მინისტრის მოადგილის ხალაფ ხალაფოვმა განაცხადა, რომ ბაქო არ აპირებს წინაპრების მემკვიდრეობის დათმობას. ამის საპასუხოდ საქართველოს საგარეო უწყების მაშინდელმა ხელმძღვანელმა გელა ბეჟუაშვილმა ხალაფოვს მსოფლიო ისტორიის წაკითხვა ურჩია და მის მიერ „გაკეთებულ ისტორიულ შეფასებებს“ აბსურდული უწოდა. 

  

ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განმუხტა, რომელმაც სასაზღვრო დავას „საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების დროს წარმოქმნილი უთანხმოება“ უწოდა და აღნიშნა, რომ „მოძმე ერები მის გადასალახად კონსულტაციებს აწარმოებენ“. 

  

გასულ წელს კი, „სასაზღვრო დავის“ მოსაგვარებლად, ქართულმა მხარემ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სანაცვლოდ სხვა ტერიტორიის დათმობის შესახებ მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ამ საკითხზე კონსულტაციებში ჩაბმის შემდეგ ბაქომ დავის გაგრძელების გადაწყეტილება მიიღო და საქართველოს მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე უარი თქვა. 

  

ანალიტიკოსები აზერბაიჯანის უარს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირებენ. კერძოდ კი, ოფიციალური ბაქო მთიან ყარაბაღში არსებულ რელიგიურ ძეგლებს ალბანური კულტურის ნაწილად აღიქვამს, რის დასამტკიცებლადაც, აზერბაიჯანელი ისტორიკოსები რამდენიმე ათწლეულია აქტიურად მუშაობენ, ხოლო, რომელიმე ძეგლის „დათმობა“ მათი ნაღვაწისთვის ხაზის გადასმას ნიშნავს. 

  

 უმთავრეს მიზეზად მაინც მთიანი ყარაბაღის ფაქტორი მიიჩნევა, რადგან „ალბანური კულტურის ძეგლის“ დათმობის პრეცენდენტი ცუდად იმუშავებს მთიანი ყარაბაღისა და იქ არსებული ალბანური კულტურის ძეგლების დაბრუნების საკითხზეც. ფაქტია, იმ ქვეყნის საზოგადოება, რომლის უმთავრეს მიზანსაც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება წარმოადგენს, ყოველგვარ დათმობას უარყოფითად შეხვდება. 

  

თუმცა, არსებობს შეხედულება, რომ აზერბაიჯანმა გადაწყვეტილება მხოლოდ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გავლენით არ მიიღო. მაგალითად, მარიკა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ 1970-იან წლებში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლის სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ბაქოს სხვა ტერიტორიის გადაცემა შესთავაზა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ორჯერ მეტი ტერიტორიის გადაცემას ჰპირდებოდა. 

  

ასე რომ, საკითხი კვლავ ღიად რჩება. საზღვრის დემილიტაცია-დემარკაციის კომისია მუშაობას უშედეგოდ განაგრძობს, რადგან აზერბაიჯანი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე უარის თქმას არ აპირებს. მეტიც, საკუთარ, როგორც ქართველი ისტორიკოსები ამბობენ, უსაფუძვლო პრეტენზიას აზერბაიჯანის ალბანური ეკლესიის შექმნით იურიდიულ საფუძველს უმზადებს. 

  

ანალიტიკოსები, მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის მიერ საკითხის პოლიტიკურ დონეზე დასმას გამორიცხავენ, თუმცა რთული სათქმელია, როგორ განვითარდება ურთიერთობები „მოძმე ერებს“ ( როგორც საქართველოს პრეზიდენტი უწოდებს) შორის. რეალობა კი ასეთია: აზერბაიჯანში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს საკუთარი წინაპრების მემკვიდრეობად მიიჩნევენ.