[გაზეთი „ქართული სიტყვა“]
აგვისტოს ომიდან სამი წელი გავიდა და, ცნობილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების მიუხედავად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კვლავ ღიაა. „ეს პრობლემა დიალოგს
მოითხოვს, დაელაპარაკეთ მოსკოვს!“
– ეუბნებიან
საქართველოს პრეზიდენტს დასავლელი პარტნიორები. ამასწინათ მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალური წერილი გააგზავნა კრემლში და მედვედევისგან უპირობო დიალოგი მოითხოვა... ამასობაში, პოლიტიკური კულუარებიდან ცნობილი ხდება, რომ საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სააკაშვილი-მედვედევის შესაძლო შეხვედრა იყო...
როგორ განვითარდება მოვლენები? „ქართული სიტყვა“ ნოდარ ნათაძის თვალთახედვას გთავაზობთ.
ბატონო ნოდარ, მიხეილ სააკაშვილმა მედვედევს შეხვედრა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე სთხოვა...
–
სააკაშვილის ეს წინადადება, თავისთავად, სახელმწიფოს ღალატია.
რატომ?
–
რატომ
და,
მას
არ
აქვს
უფლება, წინასწარი პირობების გარეშე ელაპარაკოს სახელმწიფოს, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა. რატომ ღალატობს პრეზიდენტი საქართველოს? ღალატობს იმიტომ, რომ რუსეთის აგენტია. სააკაშვილი მედვედევისაგან უპირობო დიალოგს კი არ უნდა ითხოვდეს, არამედ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოხსნა უნდა მოსთხოვოს და მასთან დიალოგი მხოლოდ ამის შემდეგ გამართოს. მანამდე კი, სალმის ღირსადაც არ უნდა ჩათვალოს.
ამბობთ, სააკაშვილი რუსეთის აგენტიაო. მედვედევმა კი, თავის გახმაურებულ ინტევიუში განაცხადა, იდიოტური ავანტიურა განახორციელა სააკაშვილმა და ხელის ჩამორთმევის ღირსადაც არ ვთვლი, მან ჩემი მოქალაქეები დახოცაო...
– აგვისტოს ომი როგორც წარიმართა, ცნობილია, მაგრამ მაინც გავიმეორებ: 6 და 7 აგვისტოს რუსებმა აწარმოეს სამხედრო მანევრები საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ რუსეთის ჯარი გადაადგილდა აფხაზეთსა და ცხინვალში. საქათველოს ტერიტორიაზე, მშვიდობისმყოფელების გარდა, რუსებმა სხვა ნაწილებიც შემოიყვანეს, დაიკავეს სტრატეგიული საკვანძო პოზიციები, მოახდინეს თავიანთი ჯარების კონცენტრაცია. მარტოოდენ მანევრით დაიწყეს და დაამთავრეს ომი. მანევრი სამხედრო მოქმედების ისეთივე ელემენტია, როგორც სროლა, საავიაციო დაბომბვა და ა.შ.
რუსებმა ომი 7 აგვისტოს მეორე ნახევარში მოიგეს. მერე, აგენტ სააკაშვილს უბრძანეს, გაისვრი დაცლილი ქალაქ ცხინვალისკენ, რომლის მოსახლეობაც ორი კვირით ადრე იყო ევაკუირებული. ესვრი ამა და ამ ტიპის ჭურვს, რომელიც მაინცა და მაინც რეკომენდირებული არაა მსოფლიოში და გააფორმებ დოკუმენტს შენი ქვეყნის ომის მდგომარეობაში ყოფნის თაობაზეო. სააკაშვილმა ყველაფერი ეს გააკეთა 7 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრში. რუსეთმა კი, საომარ მდგომარეობაში თავისი, ასე ვთქვათ, ყოფნა რვა აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში დააფიქსირა.
სააკაშვილმა „საპროპაგანდო ომიც“ მოაგებინა რუსებს, რაც არანაკლებ არსებითია, ვიდრე სროლა და ბომბები. ყველამ არ იცის, რომ ომის მსვლელობისას სააკაშვილმა, როგორც მთავარსარდალმა, რუსული გეგმა განახორციელა: როდესაც როკის გვირაბიდან დამატებითი რუსული ნაწილები უნდა გამოსულიყვნენ (სხვათა შორის, მათ ძალიან შედეგიანად ბომბავდა ქართული არტილერია გენერალ დევი ჭანკვეტაძის ხელმძღანელობით), რუსებს გაუფუჭდათ ვენტილაცია. სამხედრო ნაწილებით გამოტენილი ოთხკილომეტრნახევრიანი გვირაბი უჰაეროდ დარჩა და იქ ამოიხრჩობოდნენ, მაგრამ ეს რომ არ მომხდარიყო, სააკაშვილმა რამდენიმე საათით დაზავება გამოაცხადა, ანუ მტერს იმის საშუალება მისცა, რომ თავისი სამხედრო ნაწილები დამსახურებული, მაგრამ სამარცხვინო განადგურებისგან გადაერჩინა. სწორედ ამიტომ ვამბობ: სააკაშვილი ასპროცენტიანი სახელმწიფო მოღალატეა!
პუტინი და მედვედევიც ამტკიცებენ, პირველად სააკაშვილმა ისროლა, საქართველომ დაიწყო რუსებთან ომიო...
– მედვედევი რომ ამბობს, სააკშვილმა ომი დაიწყოო, ამით ისეთ თეზისს აყენებს, რომლის უარყოფაც არგუმენტირებულად შესაძლებელია და ამის შესახებ წეღან მოგახსენეთ. ტალიავინის დასკვნა გახლდათ ყალბი, ანუ ამ კომისიას ფაქტების დამდგენი კომისია ერქვა, მაგრამ რვა აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ნაწილების მოძრაობის ფაქტი ვერ დაადგინა და განაცხადა, ასეთი ფაქტი ვერ ვიპოვეთო. ეს პასუხი არ გახლავთ. ტალიავინის კომისიას უნდა ეთქვა: დავადგინე, რომ რუსული სამხედრო ნაწილების მოძრაობის ფაქტი არ ყოფილა, ან დავადგინეთ, რომ მოძრაობა იყოო. ტალიავინის დასკვნა სიტყვებით თამაში და იაფფასიანი დემაგოგიის ნიმუშია.
სხვათა შორის, მედვედევმა ერთი საგულისხმო განცხადებაც გააკეთა, საქართველოსთან ომს დიპლომატიურ მარცხად მივიჩნევთო. ამ განცხადების ქვეტექსტი როგორია?
– ამ განცხადებაში, ჯერ ერთი, მედვედევის, ასე ვთქვათ, ინტელექტუალური დეფიციტი იკითხება – თუ სააკაშვილის სცენარი რუსეთისთვის დიპლომატიური მარცხით დასრულდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს გაუთვლია რუსების მოქმედება.
საერთოდ, მედვედევის ინტერვიუ სააკაშვილის თხოვნაზე, შენი ჭირიმე, შემხვდიო, პასუხი არ გახლდათ. ეს იყო ამერიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიღებული ტექსტის პასუხი... საქართველოსთან ომის რუსებისთვის დიპლომატიურ მარცხად აღიარება იმის ნიშანია, რომ რუსებმა თავიანთი მარცხი გაცნობიერეს.
მედვედევმა თავი მოიწონა, ჯარი გავაჩერე, რომ თბილისის ასაღებად არ წასულიყოო...
– დიახ, გააჩერა, მაგრამ ისიც უნდა თქვას, თუ ვისი ზარის შემდეგ გააჩერა, თუმცა ამას არ ამბობს. თბილისთან მომდგარი ჯარების გაჩერება არც ღმერთს ჩაუგონებია მისთავის და არც – კეთილ სურვილებს.
ზარი, ალბათ, ვაშინგტონიდან იყო, მაგრამ ეს შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ... აგვისტოს ომს მსოფლიო კრიზისი მოჰყვა და, როგორც ჩანს, ახალი კრიზისიც გველოდება. ახლახან, პუტინმა თეთრ სახლს, ღია ტექსტით, პარაზიტი უწოდა... ახალი მსოფლიო კრიზისი პუტინს საფრთხეს უქმნის?
– მსოფლიოში კრიზისი არის და ეს კრიზისი ფინანსურ სფეროს ეხება, მაგრამ კაცობრიობის საბედნიეროდ, დასავლეთის ძლიერება, გადამწყვეტი ძლიერება, ფინანსებს არ ემყარება. დასავლეთის ძლიერება ემყარება რეალურ საქონელსა და სიმდიდრეს. რეალურ სიმდიდრეში კი, პირველი ადგილი ინტელექტუალურ პოტენციალს, „ნოუ ჰაუს“ უჭირავს – კვალიფიცირებული კადრების რაოდენობას და ა.შ. ასე რომ, ფინანასური კრიზისი დასავლეთის ძალას ვერ შეარყევს. აშშ-ს სახელმწიფო ვალის გადიდების ნებართვა, როგორც ჩანს, იმისთვის სჭირდება, რომ გადაიარაღების პროგრამის დამთავრებას ჩქარობს.
დასავლეთისათვის ეს ფინანსური კრიზისი ისე გადაივლის, როგორც მსუბუქი ღელვა ზღვაზე, რუსეთისათვის კი, ძალიან მძიმე იქნება. სწორედ ეს გახლავთ პუტინის გაჭირვება არჩევნების წინ. ნავთობის ფასების კოლოსალურმა ზრდამ რუსეთის ეკონომიკას ვერ უშველა და ვერც უშველის, რადგან რუსეთს ის სამრეწველო და სამეცნიერო პოტენციალი არ აქვს, რომ ეს ფული ქმედითად აითვისოს. ნავთობით ნაშოვნ ტრილიონებს ბუნებრივი გამრავლების უნარი არ აქვს და ეს რუსეთმაც იცის და დასავლეთმაც.
2012 წელი კარზეა მომდგარი, პუტინი უკვე ემზადება არჩევნებისთვის, რა შანსები აქვს?
– დღეს პუტინი რუსეთის კარიკატურული ფიგურაა, მაგრამ ადრე რუსეთში უზარმაზარი ავტორიტეტი იმით მოიპოვა, რომ გაბედა და, დაიწყო ჩეჩნების ჩეხვა. რუსეთის მოსახლეობამ მაშინ პუტინს, ამ კაციჭამიას, ტაში დაუკრა, თუმცა პუტინი ისევ რუსულმა პრესამ ამხილა საკუთარი სადარბაზოების აფექებაში. პუტინმა ერთადერთი საგარეო ომი აწარმოა საქართველოსთან და ამ ომშიც გაბითურდა. ახლა იგი კუთხეში მიმწყვდეულ ვირთხასავისთაა და ამიტომ სახიფათოა, რადგან კუთხეში მიმწყვდეუულმა ვირთხამ ხტომა იცის და თვალებშიც გეცემა. შეიძლება, ცოტა გაბედული პროგნოზია, მაგრამ მგონი, მას თვითონ რუსები გაანადგურებენ დემონსტრაციულად. რუსეთმა, სახელმწიფოებრივად რომ გაუჭირდათ, სტალინი გაიმეტეს – იმიტომ მოკლეს, რომ კორეის ომის წააგო. მოკლეს და, მეორე დღიდან დაიწყეს „ოტტეპელი“.
ახლა რუსეთს უკან დახევა სჭირდება და ამას გააკეთებს, გააკეთებს პუტინის ჩამოხრჩობის ხარჯზე. შეიძლება, მედვედევი გამოიყენონ ამ ოპერაციაში, მაგრამ მერე, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, დაიწყებენ ნამდვილი ფიგურების ძებნას. ძალიან დიდი შანსია, რომ ასეთ ვითარებაში კასიანოვი, მთავრობის ყოფილი თავჯდომარე, გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე.
პუტინი აღარ იქნება, პუტინი დასავლეთისთვის უკვე მიუღებელი ფიგურაა. რუსეთი შეიცვლის კურს შერბილებისკენ და ამისათვის უნდა ჩამოახრჩონ პუტინი და ჩამოახრჩობენ კიდეც! ცოტა მეტაფორულად ვლაპარაკობ, მაგრამ პუტინს აუცილებლად მოიცილებენ და მოიცილებენ დემონსტარციულად.
ორი ძალის – დასავლეთისა და რუსეთის აშკარა დაპირისპირების ეპიცენტრში ჩვენ აღმოვჩდით და ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში საქარველოს მომავალი როგორ გესახებათ?
– აბსოლუტურად კონკრეტულად გეტყვით: რუსები გაიყრებიან საქართველოდან, საერთოდ, ამიერ და ჩრდილო კავკასიიდანაც იმიტომ, რომ შავი ზღვის ათვისება დასავლეთის მიერ უკვე დაწყებულია. აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება რუმინეთსა და ბულგარეთში რაკეტების განლაგების თაობაზე, როგორც სახმელეთო, ასევე, საზღვაო ბაზირების შესახებ. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ შავი ზღვა კარგავს რუსულ-თურქული ტბის სტატუს. შავი ზღვა ხდება ღია ზღვა, ანუ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომელიც ისედაც ძალიან სუსტია, გავლენას კარგავს ამ რეგიონში.
შავი ზღვის ათვისება დასალეთისათვის პირველხარისხოვანი ამოცანაა. როგორც კი, ლიბიაში ეს ამბები მორჩება, სირიაში გამეორდება იგივე, დასავლეთის ზურგი – ხმელთაშუა ზღვა გაწმენდილი იქნება რუსეთის აგენტებისაგან და დაიწყება ინტენსიური შემოსვლა შავ ზღავში, რუსული იმპერია დაინგრევა, თუმცა ჩვენი, ქართველების პრობლემა ამით არ წყდება. თუ ჩვენ არ ვივარგეთ, ვერაფერს მივიღებთ.
2012 წელი საქართველოსთვისაც გადამწყვეტია...
– მივადექით ყველაზე ტრაგიკულ თემას და ყველაზე დიდ კითხვის ნიშანს. ეს ხელისუფლება რომ საქართველოს მიზანმიმართულად ანგრევს, ყველამ ვიცით, ეს კეთდება რუსეთის დავალებით, მაგრამ დასავლეთის ღირებულებების სახელით, თან ამას მოსდევს დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია, თუმცა საზოგადოების ელიტურ ნაწილში არის ეჭვი, რომ ამ ხელისუფლების დამანგრეველ პოლიტიკას დასავლეთი დადებითად უყურებს... ჩვენი ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ დასავლეთი ამ ჭკუიდან მოვატრიალოთ, პარტნიორს უნდა აჩვენო, რომ რაღაც ძალა ხარ, აჩვენო ხარისხი. ერთადერთი საყრდენი კავკასიაში, რომელზეც გადის გზა ცენტრალური აზიისკენ, საქართველოა, დასავლეთის ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირე ქართველი პატრიოტი, ე.წ. ქართველი ნაციონალისტია.