[რეზონანსი ელისო ჩაფიძე]
31 ივლისს ბათუმში, გაზეთ "ბათუმელების" პრესკაფეში საჯარო ლექცია გამართა დიდი ბრიტანეთის პრესის საბჭოს წარმომადგენელმა. უილიამ გორი ქართველ ჟურნალისტებსა და ამ საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას ბრიტანული ეთიკური სტანდარტებისა და თვითრეგულირების მექანიზმების შესახებ ესაუბრა.
აქვს თუ არა ჟურნალისტს უფლება, ფეისბუქზე გამოხატოს თავისი შეხედულებები იმ თემებზე, რასაც აშუქებს, ვინ უნდა აგოს პასუხი ფაქტების დამახინჯების შემთხვევაში: ჟურნალისტმა თუ რედაქციამ? აქვს თუ არა პოლიციელს უფლება, სოციალურ ქსელებში შეფასებების გამო იჩივლოს პრესის საბჭოში და როგორ დატოვა ასეთი პოლიციელის სიდედრი გაწბილებული ბრიტანეთის პრესის საბჭომ? - ამ თემებზე გაზეთ "ბათუმელების" ოფისში ქართული ეთიკის ქარტიის საბჭო ორი დღის განმავლობაში სწავლობდა დასავლურ გამოცდილებას.
ქარტიის 9 - კაციან საბჭოს, პრეს-კაფეს, სადაც კვირაში ერთხელ მაინც იმართება საჯარო დებატები და რეგიონალურ გაზეთებს ერთი რამ აერთიანებთ: ისინი არა მარტო ფინანსურად ძლიერდებიან ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორების დახმარებით, არამედ მათი მხარდაჭერის იმედიც აქვთ კრიტიკულ სიტუაციებში.
"რომ არა ევროკავშირი და სხვა დონორი ორგანიზაციები, ის, რასაც მე თავისუფალ მედიას ვეძახი, საქართველოში საერთოდ არ იარსებებდა", - ამბობს ეთერ თურაძე, გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი.
"ბათუმელები" 2009 წელს აღმოსავლეთ ევროპის წლის საუკეთესო გაზეთი გახდა. ამ ნომინაციაზე ისინი ევროკომისარმა და ჭუშე-მა წარადგინა და ეს იყო "ბუცერიუსის" სახელობის პრიზი. სირთულეების მიუხედავად "ბათუმელები" დღესაც ამაყობენ ამ საპატიო ჯილდოთი.
ეთერს ქართული მედიის პრობლემების ჩამოთვლას ვთხოვ.
"პირველ რიგში ჩვენი პრობლემაა ობიექტურობა. ძლიერი მედია, ტელევიზიები საქართველოში არ არიან დამოუკიდებლები და ისინი უფრო პროპაგანდას ეწევიან", - ამბობს ეთერ თურაძე.
"ჟურნალისტი, რომელიც პროპაგანდას ეწევა, არ არის ჟურნალისტი. ის უფრო პიარ-მენეჯერია. მათ კი უფრო მაღალი ხელფასები ექნებათ. ამას უნდა შეეგუოთ", - ნახევრად ხუმრობით გვამშვიდებს უილიამ გორი. "სამაგიეროდ, თქვენ საზოგადოება უფრო გენდობათ და უფრო მეტ პატივს გცემთ".
აბა, მოდით, ახლა ბრიტანელი ექსპერტის სიტყვები სოციოლოგიური კვლევით გადავამოწმოთ. კვლევითი ორგანიზაცია სკკს-მ ორჯერ ჩაატარა ბოლო წლებში კვლევა მედიის შესახებ. თუ 2010 წელს ქართველი მედია-მომხმარებლების 12 პროცენტი ენდობოდა ქართულ მედიას, 2011 წელს ეს ციფრი 5 პროცენტამდე შემცირდა.
არადა, იყო დრო, დამოუკიდებელი ტელევიზიების და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ადამიანები მზად იყვნენ, ქუჩაშიც კი გამოსულიყვნენ, რაც თუნდა ვარდების რევოლუციის დროს გვახსოვს.
და მაინც, რა არის ჩვენი მთავარი პრობლემა?
"მედია ვერ ჩამოყალიბდა თავისუფალ ბიზნესად. სარეკლამო ბაზარი მონოპოლიზებულია და, შესაბამისად, მონოპოლიზებულია რეკლამაც. თავისუფალ ჟურნალისტებში კი მწვავედ დგას პროფესიონალიზმის პრობლემა", - ამბობს ეთერ თურაძე.
ამ პრობლემების მოსაგვარებლად ევროკავშირმა ბოლო წლების განმავლობაში სამ მილიონამდე ევრო დახარჯა. ძირითადად - საზოგადოებრივი მაუწყებლის დასახმარებლად, ეთიკის ქარტიის შესაქმნელად და რეგიონული მედიის გაძლერებისათვის.
"ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იქცეს ნამდვილად საზოგადოებრივ არხად. დავეხმარეთ მათ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის შექმნაში, რაც ძალიან ახლოსაა "ბი-ბი-სის" სტანდარტებთან, დავაფინანსეთ მედია-მონიტორინგი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს და შედეგად მივიღეთ ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნების დროს კანდიდატებს კვალიფიციურად და დაბალანსებულად აშუქებდა. ასევე ვაპირებთ, მომავალშიც ხელი შევუწყოთ რეფორმებს საზოგადოებრივ მაუწყებელზე", - ამბობს ოლივერ რაისნერი, საქართველოში ევროკავშირის მედია-პროექტების მენეჯერი.
ის უკვე 7 წელია, საქართველოშია, ქართულსაც კარგად ფლობს და შესანიშნავად ესმის ქართული მედიის გასაჭირი. სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაჩენას მიესალმებოდა, ხოლო ქართულ მედიაში ზოგადად - საჯარო ინფორმაციაზე მეტ ხელმისაწვდომობას.
საჯარო ინფორმაციის მოპოვება ქართული დამოუკიდებელი მედიისათვის იმდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომ რეგიონული პრესის ასოციაციამ გასულ წელს დიდი აქციაც მოაწყო. ყველა გაზეთის პირველი გვერდი გამოვიდა მხოლოდ ამ წარწერით: "მოგვეცით საჯარო ინფორმაცია". რეგიონალ მედიას თბილისში გაზეთი "რეზონანსი" და ჟურნალი "ლიბერალი" შეუერთდნენ.
მართალია, ამ ერთჯერადი აქციით საჯარო მოხელეების დამოკიდებულება ინფორმაციის გაცემის კუთხით არ შეცვლილა, მაგრამ მედიის ნაწილს ექსპერტთა ჯგუფის მიერ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების განხილვისა და მიღების იმედი აქვს. საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში გასული წლის ნოემბერში შევიდა და ის ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებსა და დამატებებს შეიცავს, რაც ჟურნალისტებს და, ზოგადად, მოქალაქეებს, საჯარო ინფორმაციის მოპოვებას გაუადვილებს, ურჩ საჯარო მოხელეებს კი სანქციებს დაუწესებს.
ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტი 2007 წლის შემდეგ რეგიონალური მედიაცაა. როგორც ბატონი ოლივერ რაისნერი აღნიშნავს, ადგილებზე დამოუკიდებელი მედია-საშუალებების გაძლიერება ქვეყნის თვითმმართველობისთვის ძალიან მნიშვნელობანია.
რეგიონული მაუწყებლების ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგი იყო რეგიონული ტელეკომპანიებისათვის საგადასახადო ტვირთის შემცირება. "ევროკავშირმა გასულ წლებში დააფინანსა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტი "მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება".
"ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ჩავატარეთ შიდა კვლევა რეგიონული მაუწყებლების საჭიროებების შესახებ. შემდეგ ევროპელი პარტნიორების დახმარებით შევქმენით განვითარების 3-წლიანი სტრატეგიული გეგმა, რომელსაც ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და ვახორციელებთ", - ამბობს ნათია კუპრაშვილი, რეგიონალ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
ევროკავშირის მხარდაჭერილი კიდევ ერთი საქმე მედიის დამოუკიდებელი თვითრეგულირების მექანიზმის შექმნაა. 2-წლიანი მოსამზადებელი სამუშაოები და შეხვედრები უძღოდა წინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიღებას.
2009 წლის 4 დეკემბერს 137-მა ქართველმა ჟურნალისტმა ხელი მოაწერა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რომლის პირველი პუნქტი ასე ჟღერს: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".
და დაიწყო ქართული თვითრეგულირების რთული, მაგრამ საინტერესო და არაორდინალური ისტორია. აღმოჩნდა, რომ ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტი იყო "იმედის" "მოდელირებული ქრონიკის" წამყვანი ნათია კობერიძე.
ქარტიის 9 - კაციან საბჭოს პირველი საჩივრის განხილვა სწორედ "მოდელირებულ ქრონიკასთან" დაკავშირებით მოუხდა. ადვილი არ არის, როცა მედიის წარმომადგენლები საკუთარ კოლეგებს დარღვევებზე მიუთითებენ, მაგრამ ეს ნამდვილად სჯობს, ვიდრე ის, რომ ხელისუფლება ჩაერიოს მედიის რეგულირებაში.
"ჩვენი მედიის მთავარი პრობლემა ხომ დამოუკიდებლობაა, თავისუფლებაა, განსაკუთრებით - ხელისუფლებისაგან", - ამბობს ნათია კუპრაშვილი.
"ეთიკის ქარტია სჭირდებათ მომხმარებლებს, ჩვენს მკითხველსა და მაყურებელს და შემდეგ - თავად ჟურნალისტებს", - ასე აფასებს ქარტიის მნიშვნელობას ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.
ქარტია ახლა პერიოდულად მოსახლეობასთან შეხვედრებსა და საინფორმაციო კამპანიას გეგმავს, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ დაიცვან თავი არაეთიკური ჟურნალისტებისაგან, მათ პირად ცხოვრებაში მედიის ჩარევისაგან.
"ევროპულმა მედიამ დამოუკიდებლობისაკენ დიდი გზა გაიარა. თქვენც მოგიწევთ ამ გზის გავლა. ის შორია, მაგრამ ამ გზის გავლა დემოკრატიისაკენ ღირს", - ამბობს ოლივერ რაისნერი და მედიის დასახმარებლად სხვა დასავლური ინსტიტუტების გაძლიერებას და მეტი თანხების მობილიზებას მიესალმება.
საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" კვლევის მიხედვით, საქართველომ 2010 წელს 99 ადგილი მიიღო. ის ამ პოზიციაზე 81 ადგილიდან გადავიდა. სამწუხაროდ, საქართველო კვლავ რჩება ნახევრად თავისუფალ ქვეყანად მედიის თავისუფლების კუთხით და თუ არ გავაქტიურდით, მხოლოდ ერთი-ორი საფეხური გვაშორებს ნომინაციას - არათავისუფალი.
თუმცა, კვლევა განაჩენად რომ არ იქცეს, მით უმეტეს, ფოტორეპორტიორების დაკავებისა და 26 მაისს პოლიციის მიერ ათეულობით ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფონზე, როგორც ჩანს, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად მედიის მეტი აქტივობაა საჭირო.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით.
მის შინაარსზე პასუხის-მგებელია მხოლოდ გაზეთი "რეზონანსი" და პუბლიკაციის ავტორი. მასში გამოთქმული მოსაზრებები არ ეკუთვნის ევროკავშირს.