აქ ყველაფერი ისეა, როგორც 15–20 წლის წინ იყო მთელ საქართველოში, კიდევ უფრო ადრე, ასეული წლების წინ კი, ყველგან: წყალი ორ დღეში ერთხელ საუბნო წყლებზე 2–3 საათის განმავლობაში, ნიავის დაბერვაზე – დღეების განმავლობაში გამორთული შუქი, დახევებული, ქვა–ღორღით სავსე გზები სოფლის იმ ნაწილებში, რომლებზეც არასდროს გაივლიან მაღალი რანგის სტუმრები, რა თქმა უნდა, ხელისუფლებიდან.
ადგილობრივი მმართველებისა და მათი გარემოცვის წევრების სახლებს იცნობთ ყველაფრით: არც ნაციონალების დროშითა და არც, როგორც თბილისში, სახლის სადარბაზოებთან ჩამომდგარ Renault Meagane-ებთან გაჭიმული ფერმკრთალსახიანი მძღოლებით. იცნობთ ასფალტის გზებით, რომლებიც სოფლებზე გამავალი დიდი გზებიდან მხოლოდ მათი სახლებისკენ უხვევს და ამ სახლების ეზოებში მთავრდება. ამ ეზოებიდან უწყლობისგან გადამხმარ სოფლებში დარხეული უხვი წყლის ჩქაფუნა ხმით, ყველაფრით, რაც მხოლოდ მათ აქვთ, სხვებს კი არა.
შვებულებას ერთ ასეთ სოფელში ვატარებ. სიღნაღიდან ათიოდე კილომეტრში, ზემო მაჩხაანში, მეგობრის სტუმარი ვარ. სოფელში ჩამოსულებს დღის ბოლომდე უწყლოდ მოგვიწია ყოფნამ – ხელის დაბანაზე აღარ ვოცნებობდით, თბილისიდან ჩამოყოლილ წყლის ბოთლებს დიდხანს ვწუწნიდით, როგორც მატყუარა საწოვარებს, საიდანაც წყლის უკანასკნელი წვეთები დიდი ხნის გამოწოვილი გვქონდა. ჩემი მასპინძელიც ჟურნალისტია. წყლის ბოთლს რომ ვეღარაფერი დააკლო, ჯერ მეზობლისგან ერთი „ბალონი“ წყალი ითხოვა (აქ რკინის დიდი ბიდონები ყველაზე პატივსაცემი ჭურჭელია. თუ სხვაგან, მაგალითად, ფაიფურის თუ ბროლის ჭურჭელი ფასობს, კახეთის ასეთ სოფლებში პირველ რიგში – ასეთი „ბალონი“). მერე კი გაიკითხ–გამოიკითხა და რაიონის წყალმომარაგების სერვისცენტრის მენეჯერს დაურეკა. მენეჯერი გიორგი ბენაშვილი ამავე სოფლის ყოფილი გამგებელია. პარტიით – ნაციონალი, წარმოშობით ამ, მგონი, დედამიწაზე ყველაზე უწყლო სოფლიდან. ჩემს მეგობარსა და რაიონის მთავარ წყალმომმარაგებელს შორის მწვავე საუბარი გაიმართა და იგი უშედეგოდ დასრულდა, ბენაშვილმა იმედი გადაგვიწურა, მკაფიოდ და კატეგორიულად გვითხრა, რომ წყალი არ ექნება სოფელს – ჩვენ სწორედ ასე გვესმოდა მისი ნათქვამი, რომ სოფელს წყალი ექნება ძველი გრაფიკით – 2 დღეში ერთხელ 4–5 საათი ( მენეჯერმა სატელეფონო საუბარში გრაფიკით წყლის მოწოდების ხანგრძლივობა აშკარად გაზარდა და მის სასახელოდ – თუ ჩვენს სასახელოდ უნდა ითქვას – რომ ჩვენს აქ ყოფნაში წყალს ნამდვილად გახანგრძლივებული დროით უშვებს მენეჯერი).
საღამოს მას პირადად შევხვდით, სრულიად შემთხვევით, „ბალონებით“ წყალზე მიმავლებმა. უნდა ნახოთ, როგორ ხდება საუბნო წყლიდან წყლის მოტანა – ისე, როგორც ძველ აღმოსავლეთში მონები აკეთებდნენ ამას თავიანთი მფლობელებისთვის. ყველა ოჯახს დამზადებული აქვს წყლის ბალონის დასადები, რკინის გორგოლაჭებიანი პატარა ურიკა. ურიკას გრძელი ღერძი აქვს, რომელიც რკინის სახელურით მთავრდება. ურიკა ორგვარად შეიძლება მართო: წინ წაიგდო და სახელურით მთელი ძალით მიაწვე – მთელი ძალით, რადგან ნახევარი ძალა არ გეყოფა ორფუთიანი ქვებით სავსე გზის გადასალახად – ან ურიკას წინ წაუძღვე, როგორც შებმული ცხენი „კაჩკას“, მოითრიო, მოითრიო მთელი ძალით და მიიტანო საუბნო წყლამდე, ასე შებმულები გადავეყარეთ წყლის მენეჯერს. რა მნიშვნელობა ჰქონდა, ასე თუ სხვანაირად.
საუბარი ისევ შედგა, ჩემდა გასაკვირად ( არ ვიცი, რატომ გამიკვირდა) წყლის უფროსი არც აღელვებულა და არც გაკვირვებია ურიკაში შებმული ჟურნალისტების დანახვა. საუბარი იქვე შედგა. სად და როგორ არ ამიღია ინტერვიუ, აი, აქ და ასე კი არასდროს, თავჩაღუნულსა და ურიკაში შებმულს. მენეჯერთან დიდხანს ვისაუბრეთ, უფრო ჩემი მასპინძელი საუბრობდა, თორემ მე დაღლისა და უჩვეულო მდგომარეობაში ყოფნით დაბნევისგან თავს მაღლა ვერ ვწევდი. იგი ყველა კითხვაზე ერთნაირად სცემდა პასუხს:
–მე, ქალბატონო, ვემსახურები რაიონს და...
–მე, ქალბატონო, ვერაფერს შეგპირდებით.
–ქალბატონო, ამ და ასეთ სოფლებს წყალი 21–ე საუკუნეში კი არა, 30–ეშიც არ ექნება... წყლის ხარჯვა არის გაზრდილი... წვიმა ორი თვეა არ მოსულა...
საუბრიდან ვიგებდი მხოლოდ იმას, რომ ჩვენ, ურიკაში შებმულები, ვიყავით ქალბატონები. სხვა არაფერი მესმოდა. რას ლაპარაკობდა ეს პატივცემული: რა შუაშია წვიმა, სად არის რეგიონების განვითარების პროგრამა, ინფრასტრუქტურისა და ასეთების მინისტრი, რომელიც მგონი საუკუნის ადამიანად გამოაცხადა რაღაც ჟურნალმა, ან რას აკეთებენ ადგილობრივი დეპუტატები, ოპოზიციონერები, სხვანი და სხვანი, თუ ადამიანები ყველაზე ბუნებითს – წყალსა და ჰაერს ვეღარ მიიღებენ.
ვხედავდი მხოლოდ წყლისკენ მიმავალ სხვა ურიკებს, რომლებმაც გადაგვასწრეს და ბალონების გრძელ რიგში ჩვენზე წინ დაიკავეს ადგილები. ვხედავდი და ხელს მაგრად ვუჭერდი ჩემი ურიკის სახელურს, რომ საუბრის დამთავრებისთანავე მივწოლოდი წყლისკენ.