სომხეთის ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

სომხეთის ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

ოპოზიციურმა გაერთიანებამ, სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა, სომხეთის ხელისუფლებას 85 გვერდიანი დოკუმენტი წარუდგინა, რითაც ის ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ასაბუთებს. ამის შესახებ ლევონ ზურაბიანმა განაცხადა. იგი ეროვნული კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში.

როგორც ზურაბიანმა, მმართველ კოალიციასთან ეროვნული კონგრესის გამართული მოლაპარაკებების მორიგი ხუთ საათიანი რაუნდის შემდგომ განაცხადა „დოკუმენტში წარმოდგენილია ყველა საფუძველი რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად: ხელისუფლების კორუმპირებულობა, ქვეყნაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა, მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობა“.

ზურაბიანის თქმით რიგგარეშე არჩევნების გამართვის აუცილებლობა განპირობებულია წინა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე მომხდარი ფალსიფიკაციით,  2008 წლის 1-2 მარტს მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალის დაშლითა და მის დროს მომხდარი ათობით გაუხსნელი მკვლელობით, ხელისუფლების მიერ შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვით, პოლიტიკური დევნით, დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობითა და ადამიანის უფლებების დარღვევით.

„ამჟამინდელ ხელისუფლებას არ გააჩნია არც იურიდიული და არც პოლიტიკური ლეგიტიმაცია” - განაცხადა ზურაბიანმა.

მისი ინფორმაციიით ოპოზიციამ წარმოადგინა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს იმ 76 დეპუტატის სია, რომლებიც კანონის დარღვევით ეწევიან მეწარმეობას.

არჩევნების გამართვამდე, ეროვნულმა კონგრესმა წარმოადგინა წინადადებათა პაკეტი, რომელის მიღებაც მათი აზრით უზრუნველყოფს არჩევნების კანონიერებას. კონგრესი ითხოვს  ასპროცენტიან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე უფასო სააგიტაციო დროის ხუთჯერ გაზრდას, ხმის მიცემისას სამხედრო ნაწილებში სამოქალაქო მონიტორინგის უზრუნველყოფას, ამომრჩევლის მარკირებას, საარჩევნო უბნების ვიდეო კამრებით აღჭურვას, ეუთოს 2 ათასი დამკვირვებლის მოწვევას და სხვა.

კონგრესმა კვლავ მოითხოვა მათი მმართველ კოალიციასთან შეხვედრების ტელეტრანსლირება, ოპოზიციისათვის საზოგადოებრივ ტელევიზიის საეთერო დროის გამოყოფა, მიტინგების წინ მოქალაქეების მიმართ ტერორის შეწყვეტა.

თავის მხრივ ამ შეხვედრებზე მმართველი კოალიციის დელეგაციის წარმომადგენელმა, დავიდ არუთიუნიანმა განაცხადა, რომ ეროვნული კონგრესის დოკუმენტში მოყვანილი ბევრ ფაქტსა და შეფასებას მმართველი კოალიცია არ ეთანხმება.

ეროვნული კონგრესი, რომელიც 2008 წლის 1 აგვისტოს შეიქმნა და ოცზე მეტ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს, თვლის რომ ქვეყანაში კრიტიკული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია შეიქმნა და მის დასაძლევად  აყენებს ოქტომბერში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების, ხოლო მის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის საკითხს.

მმართველი კოალიცია, რომელიც 2008 წლის 21 მარტს შეიქმნა და სამ პოლიტიკურ ორგანიზაციას (რესპუბლიკული პარტია, პარტია „აყვავებული სომხეთი“, პარტია „ორინაც ერკირ“ („კანონიერების ქვეყანა“) აერთიანებს, ყოველგვარი ვადამდელი არჩევნების გამართვას გამორიცხავს.

მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდი 16 აგვისტოს უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ,  რომ კანონის თანახმად სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის მაისში, ხოლო საპრეზიდენტო 2013 წლის თებერვალში უნდა გაიმართოს.