[რეზონანსი თიკო ოსმანოვა]
მთავრობა დევნილების გამოსახლების პროცესს აგრძელებს და, როგორც ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, უკვე ოფიციალურად აღიარებულ კომპაქტურად ჩასახლების ადგილებსაც გადასწვდა, რასაც, ლტოლვილთა სამინისტროს მტკიცებით, განსახლება არ უნდა შეხებოდა. საუბარია ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე სასტუმრო აფხაზეთზე, სადაც ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 300-მდე ოჯახი 1992 წლიდან ცხოვრობს. ამას გარდა, ფართის დაცლის მოთხოვნით წერილები მიუვიდათ ორთაჭალაში მდებარე ბალნეოლოგიურ სამედიცინო კომპლექსსა და მე-9 საავადმყოფოში მცხოვრებ დევნილებსაც.
აღნიშნული ობიექტებიდან გასახლების შესახებ შეტყობინება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან დევნილებს 5 აგვისტოს მიუვიდათ, რის შედეგადაც მათ ათდღიანი ვადა მიეცათ ფართის დასაცლელად.
სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ ეს შენობა უკვე გასხვისებულია მინისტრ ხათუნა კალმახელიძის ძმაზე, რაც რეესტრშიც გადაამოწმეს უკვე.
სამინისტრო მათ სანაცვლოდ ფულად თანხას (10 000 დოლარი) ან რუსთავში ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსში სთავაზობს ბინას (რომლის მშენებლობაც 3 თვეში დასრულდება). დევნილები ამბობენ, რომ ორივე პირობა მათთვის მიუღებელია, ამიტომ საკუთარი ნებით გამოსვლას არ აპირებენ და პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.დევნილებს მიაჩნიათ, რომ ამ გაფრთხილებას ოფიციალური დოკუმენტის სახე და იურიდიული ძალა არ აქვს, ვინაიდან ის სამინისტროს ოფიციალურ ბლანკზე არაა დაბეჭდილი, არც მინისტრის ხელმოწერაა მასზე და არც სამინისტროს ბეჭედი არტყია.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, იმ შემთხვევაში, თუ ათი დღის ვადაში დევნილები ჩასახლებულ ადგილებს არ დაცლიან, პოლიცია მათ ძალის გამოყენებით გამოასახლებს.
"მას შემდეგ, რაც მიიღებთ შეტყობინების წერილს, თქვენ გაქვთ ათი დღე, რომ გაათავისუფლოთ შენობა. თუ ამ პერიოდის განმავლობაში არ გაათავისუფლებთ შენობას, პოლიცია განახორციელებს იძულებით აღსრულების ღონისძიებას შსს-ს 2007 წლის 24 მაისის 447-ე ბრძანების გათვალისწინებით," - აღნიშნულია დევნილთათვის გაგზავნილ წერილში.
ამ წერილის ადრესატები ამბობენ, რომ პოლიციას არ დაემორჩილებიან, რადგან თვლიან, რომ 1992 წლიდან ისინი აღნიშნული ფართის მართლზომიერი მესაკუთრეები არიან, ოღონდ გაყიდვის უფლების გარეშე.
მათი ინფორმაციით, სახელმწიფომ სასტუმრო "აფხაზეთი" უკვე გაასხვისა - როგორც ამბობენ, მათ აქვთ დოკუმენტები, რის თანახმადაც 26 ივლისს სასტუმრო შპს "ბელა-ჯიომ" შეიძინა, რომლის ერთპიროვნული მმართველი, მათივე თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრის ძმა ლევან კალმახელიძეა.
სწორედ ამიტომ გუშინვე დევნილებმა სასატუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს და ლევან კალმახელიძესთან შეხვედრა მოითხოვეს.
სასტუმრო "აფხაზეთში" 300-მდე ოჯახი ცხოვრობს, თითოეულ ოჯახში დახლოებით 12 სულია მიწერილი. სწორედ ეს არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დევნილები ფულადი კომპენსაციის აღებაზე უარს ამბობენ და დედაქალაქში ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
"არაფერს არ გვთავაზობს ხელისუფლება თან. 7 წელია ოჯახების გაყოფა არ მიმდინარეობს და არის 12- და მეტსულიანი ოჯახები. ეს თანხა არავის ეყოფა - ბინას ვერც კი იგირავებენ, ყიდვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ფაქტობრივად განწირულები ვართ," - ამბობს სოსო ვახტანგიშვილი, "აფხაზეთში" მცხოვრები დევნილი. " - ამიტომ ხელისუფლებას მედგარ წინააღმდგეობას გავუწევთ, პერმანენტული აქციებიც დაიწყება და სამართლებრივი გზითაც ვაპირებთ ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამის საშუალებას არ გვაძლევს, რადგან ყოველგვარი ბეჭდისა და სპეციალური ბლანკის გარეშე მოგვიტანეს წერილი.
"თან ყველაფერს აკეთებენ, რომ ინვესტორთან შეხვედრა აგვაცილონ. არადა დევნილთა კონცეფციაში წერია, რომ თუ აღნიშნული კომპაქტურად ჩასახლებული ფართი რომელიმე კერძო კომპანიამ შეიძინა, დევნილებთან მოლაპარაკებები ინვესტორმა უნდა აწარმოოს. სუბელიანის უწყებამ წესით დევნილების უფლებები უნდა დაიცვას, ჩვენთან კი პირიქით ხდება."
სუბელიანის უწყების შეთავაზებებზე უარს სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრები კიდევ ერთი დევნილი მარინა მეშვიდიშვილი ამბობს. ისიც ირწმუნება, რომ ფართს საკუთარი ნებით არ დაცლის. მისივე მტკიცებით, 300-მდე ოჯახი ერთ აზრზეა და დანებებას არ აპირებენ, ამიტომ პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ და ცხინვალშიც კი ჩავლენ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით.
"21 წლის განმავლობაში მშვიდად ვცხოვრობდით, არავინ არ გვაწუხებდა, ახლა კი გაყიდეს შენობა და აღარ გვასვენებენ. მართალია, ხელისუფლება უარყოფს სასტუმროს გაყიდვას, მაგრამ ფაქტი ჯიუტია შენობა გაყიდულია, რეესტრში კი ეს ყველაფერი გადამოწმებული და დაზუსტებულია.
"რომ გამოვიდე, სად წავიდე?! ამიტომ ფართის დაცლას ნებით არ ვაპირებ, დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს, ნაწილი კი ცხინვალში ჩავა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით."
ლაშა ჩხრატიშვილი ამბობს, რომ გამოსახლების საშიშროებას თბილისში მცხოვრები ყველა დევნილი იგრძნობს და "ახლა მაინც გამოვლენ ქუჩაში საკუთარი უფლებების დასაცავად."
"სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ახლა იმ დევნილებსაც მიადგეს, რომლებიც ოფიციალურად კომპაქტურ ჩასახლებად აღიარებულ ადგილებში ცხოვრობენ. მაგალითად, ასეთია სასტუმრო "აფხაზეთი". დევნილებს ამის დამადასტურებელი მოწმობაც აქვთ, რადგან მანდ მცხოვრებ ყველა დევნილს ოფიციალურ მისამართად მიწერილი აქვს ვაჟა ფშაველას 25, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მესაკუთრეები არიან."
"რეზონანსი" შეეცადა, ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესცენტრთან გადაემოწმებინა, თუმცა პრესსამსახურის უფროსი თეა სუხიშვილი ჩვენს ზარებს გუშინ არ პასუხობდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კი "რეზონანსს" ბოლო რამდენიმე კვირაა, საერთოდ არ უკეთებს კომენტარს.