[GEWORLD.NET]
სულ ახლახან მიხეილ სააკაშვილი პერუს სტუმრობდა. გაზეთმა „კორეომ“ მისგან ინტერვიუ აიღო, რომლის თარგმანი პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ჟურნალისტი მარიო კამიორანო ინტერვიუს შესავალში წერს: „საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი გამოცდილებისა და მისი ქვეყნის წარმატებების შესახებ გვიამბობს. ადრე ქართველი ბავშვები მაფიოზობაზე ოცნებობდნენ, ახლა კი პოლიციელობა სურთ“.
გაურკვეველია, რომელი ბავშვები ჰყავდა მხედველობაში სააკაშვილს; ცნობილია, რომ „ადრე“ იგი თავად იღებდა თანაკლასელებთან ერთად საშინაო ვიდეოფილმებს მაფიოზების შესახებ და ამ საქმით ერთობ გატაცებულიც ყოფილა. „ახლა“ კი ქვეყანაში, რომელსაც 23.000 პატიმარზე და 250.000 პრობაციონერზე მეტი ჰყავს, ძნელად სავარაუდოა, რომ მათი შვილები საკუთარი დედ–მამის დამჭერებს აფანატებდნენ. თუმცა პოლიციის შესახებ ბავშვების მონაწილეობით გადაღებულმა ვიდეოკლიპმა, როგორც ჩანს, თავად სააკაშვილზე მოახდინა პიარ–ზემოქმედება და დააჯერა, რომ ქართველი ბავშვების ოცნება სწორედ პოლიციელობაა და არა, მაგალითად, მენაყინეობა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა რჩევის მიცემა შეუძლია მას „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, სააკაშვილი პასუხობს: პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო ის, რომ კორუფციისა და ბიუროკრატიის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა დავიწყეთ. დავითხოვეთ პოლიციის მთელი შემადგენლობა (დაახლოებით 40.000 ადამიანი) და ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი ახალი შემადგენლობით... დააპატიმრეს ბევრი ადამიანი როგორც წინა ხელისუფლების, ისე ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მათ შორის, 40 მოსამართლე“. მოსამართლეების დაპატიმრებამ რომ ქართული მართლმსაჯულება პროკურატურის მორჩილ იარაღად აქცია, ამის ახსნა ქართველ მკითხველს არ სჭირდება, მაგრამ რევოლუციამდელ ძალოვანებთან რევოლუციის შემდგომ გაგრძელებულ ფლირტს სააკაშვილი მოხერხებულად უვლის გვერდს. ვინ შეუმოწმებს ამას პერუში?
შემდეგ სააკაშვილი კორუფციის დონის შემცირების მაჩვენებლებით იწონებს თავს, რაც ჩვენ ხშირად მოგვისმენია, მაგრამ ცხადია, არაფერს ამბობს იმ უარყოფით დასკვნებზე, რომელთაც საერთაშორისო ორგანიზაციები და თვით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს საქართველოში ელიტური კორუფციის შესახებ.
პოლიციისადმი მოსახლეობის უზომო ნდობის შესახებ საუბრისას სააკაშვილი იმასაც იხსენებს, რომ ადრე მათ ხალხი „ძაღლებს“ ეძახდა. იგი, როგორც ჩანს, არ არის ინფორმირებული, რომ რეფორმაგამოვლილ პოლიციას ხალხი ახლა უკვე „მხეცებს“ ეძახის, ხოლო რა განსხვავებაა ძაღლსა და მხეცს შორის, ეს ყველასათვის ნათელი უნდა იყოს; სხვა თუ არაფერი, ძაღლი შინაური ცხოველი მაინცაა.
„თუკი ადრე ინფორმაციის მოსაპოვებლად ან დანაშაულის გასახსნელად პოლიციელს ადამიანის წამება სჭირდებოდა, ახლა ხალხი საკუთარი ნებით თანამშრომლობს მათთან, რადგან პოლიციელებს საკუთარი საზოგადოების ნაწილად მიიჩნევენ“. ჩანს, სანდრო გირგვლიანს ათობით ჭრილობა „საკუთარი საზოგადოების ნაწილებმა“ მიაყენეს, ბუტა რობაქიძეც მათ დახვრიტეს, ვაზაგაშვილიც, კიდევ მრავალი ადამიანი და ამიტომ, სააკაშვილს რომ ვენდოთ, პოლიციის მიმართ ნდობა 5%–დან 86%–მდე გაზრდილა. რაც შეეხება წამებას, ქართული პოლიციის გამჭვირვალე ფასადების უკან, ისევე, როგორც ციხეებში, წამების დაფიქსირებული ფაქტების რაოდენობამ საგანგაშო ზღვარს მიაღწია, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები ამ საკითხზე სააკაშვილისთვის ამ შემთხვევაშიც უცნობია.
„პოლიციის ყველა თანამშრომელს ვთხოვთ, რომ იყვნენ მოწესრიგებული, კარგად ჩაცმული, გაიღიმონ და მოიქცნენ თავაზიანად“, – აცხადებს სააკაშვილი. 26 მაისის ღამეს ამ „გაღიმებული და თავაზიანი“ პოლიციელების აღლუმი საქართველოს მოსახლეობამ „წარმატებით“ ჩაიბარა, მაგრამ ეს ხომ პერუში არ იციან!
სამაგიეროდ, პერუელი ჟურნალისტი იმდენად კარგად არის ინფორმირებული საქართველო–რუსეთის ისტორიული და თანამედროვე ურთიერთობების შესახებ, რომ ასეთ კითხვას სვამს: „ევროპასთან დაახლოების სურვილი, ისევე, როგორც ნატოსკენ სწრაფვა, გულზე არ ეხატება თქვენს მეზობელ რუსეთს. როგორ აპირებთ ურთიერთობების დალაგებას 2008 წლის ომისა და რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიის 20%–ის ოკუპაციის შემდეგ?“
სააკაშვილი პასუხობს: „სამწუხაროდ, რუსეთი 21–ე საუკუნეშიც იმ ექსპანსიური მენტალიტეტის მიხედვით მოქმედებს, რომელიც მათ მე–20 საუკუნიდან გადმოიტანეს. ეს მხოლოდ ტერიტორიების ოკუპაციას კი არა, მოსახლეობის შეცვლასაც გულისხმობს. ჩვენ დაველოდებით რუსეთის გათანამედროვებას. ისინი თვალს ადევნებენ ჩვენს წარმატებებსა და მიღწევებს და ცდილობენ, ჩვენი ზოგიერთი რეფორმა თავადაც განახორციელონ. საბოლოოდ, მათ მაინც მოუწევთ ჩვენი ტერიტორიის დატოვება. ამას ვერ აცდებიან“.
იქნებ ბურები და ჩინელები სააკაშვილს რუსებმა გამოუგზავნეს? ან, შესაძლოა, მართლმადიდებლობაზე პერმანენტული შეტევა რუსეთის ინსპირირებულია? ან „ახალი ადამიანის“ გამოყვანის მცდელობები, რასაც „თავისუფლების ინსტიტუტის“ აღზრდილები არ წყვეტენ, რუსეთიდან იმართება?
ასეა თუ ისე, სააკაშვილის ინტერვიუში ქართველი მკითხველისთვის არაფერია ახალი, გარდა მისი განცხადებისა, რომ „ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ლათინურ ამერიკაზე“. ოდესღაც ლათინური ამერიკა ბობოლა ნაცისტების თავშესაფარი იყო. თუ ქართველი ,,ნაცები’’ იმედებს სწორედ იმ მიმართულებით „ამყარებენ“, ეს პერუს მოსახლეობამ მოიკითხოს, ქართველები კი ამ ხელისუფლებას ნამდვილად არ ჩაებღაუჭებიან.