თერჯოლაში „ქართული ოცნების“  აქტივისტებს პოლიციაში იბარებენ

თერჯოლაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს პოლიციაში იბარებენ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი სოფელ ზედა სიმონეთში მცხოვრები, გია გვენეტაძე  თერჯოლის  რაიონულ პოლიციაში დაიბარეს, წინა დღით კი მან სოფლის  მოსახლეობისა   და კოალიციის ლიდერების  წინასაარჩევნო  შეხვედრა  მოაწყო.  გია გვენეტაძე  სამართალდამცველების „ყურადღებას“  მის პოლიტიკურ აქტიურობას  უკავშირებს. მის მსგავსად  თერჯოლის პოლიციაში დაბარებული კიდევ 4 პიროვნება  აღმოჩნდა. 

„გამომიგზავნეს შეტყობინება  ტელეფონზე, რომ სამ საათზე გამოვცხადებულიყავი პოლიციაში. სამ საათსა და ცამეტ წუთზე მირეკავენ რატომ არ გამოცხადდი ჩვენ იძულების წესით მოგიყვანთქო. შემდეგ მირეკავს იგივე ადამიანი და მეუბნება, რომ ხუთ საათზე ჩამოდი პოლიციის სამმართველოშიო. უკვე ხუთს ოცი  წუთი უკლდა და პოლიცის სამმართველო, სადაც მიბარდებდენენ ჩემგან ძალიან შორს იყო. ვერ ვახერხებდი ჩასვლას.  რამოდენიმეჯერ გამიმეორეს, რომ ან ისინი ჩამიყვანდენ იძულებით წესით ან მე უნდა ჩავსულიყავი“, - განაცხადა გია გვენეტაძემ.

 პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, დაკითხვაზე „ქართული ოცნების“  თერჯოლის რაიონული ორგანიზაციის აქტივისტი, ხუთი თანამებრძოლი იყო დაბარებული.

„ახლა უნდათ,  რომ მთელი „ქართული ოცნება“ ლაფში ამოსვარონ,  პოლიციური ტერორი გააჩაღონ და ის მოძრაობა შეაფერხონ, რაც იმერეთშია დაწყებული“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.