რუსეთი-საქართველო: სამწლიანი ჩიხი

რუსეთი-საქართველო: სამწლიანი ჩიხი

[The Christian Science Monitor  ფრედ ვაიერი, პოლ რიმპლი]

გასულ კვირაში, ამერიკის სენატმა რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს ორი რეგიონის „ოკუპაცია“, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ნაწილად ითვლებოდა. მაგრამ როგორც ჩანს ორივე მხარე, საკუთარ პოზიციას ამყარებს.

ომი, რომელიც სამი წლის წინ სწორედ ამ დღეებში რუსეთს და მის პატარა პოსტსაბჭოთა მეზობელს საქართველოს შორის გაჩაღდა, მოულოდნელი, უკიდურესად სასტიკი და ხანმოკლე იყო და ზაფხულის მოულოდნელ შტორმს უფრო გავდა, რომელიც წელიწადის ამ დროს კავკასიის მთებიდან ეშვება ხოლმე.

მაგრამ პეიზაჟის გაწმენდვის ნაცვლად, აგვისტოს ომს გაყინული ურთიერთობების, ბრაზის გაძლიერებისა და არსებული შეხედულებების განმტკიცების ხანგრძლივი პერიოდი მოჰყვა. საქართველო, რომელმაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დასავლეთთან დაახლოება დაიწყო, საკუთარ თავს პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის მაცნედ მიიჩნევს. რუსეთისთვის კი საქართველო აჯანყებული მეზობელია, რომელსაც არალეგიტიმური პრეზიდენტი მართავს.

დაძაბულობა დიდწილად ორი ეთნიკური რეგიონის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო დაპირისპირებაში გამოიხატა. ეს რეგიონები საქართველოს 1990-იან წლებში გამოეყო და მას შემდეგ რუსეთის მხარდაჭერა აქვთ. მაგრამ იმან, რაც წლების განმავლობაში რეგიონალურ კონფლიქტს წარმოადგენდა, 2008 წლის ომის დროს მთელი მსოფლიო შეაშფოთა, როდესაც მოსკოვმა ცალმხრივად აღიარა ამ ორი სატელიტის დამოუკიდებლობა მას შემდეგ, რაც ამერიკელების მიერ გაწრთვნილ ქართულ არმიაზე სწრაფი გამარჯვება მოიპოვა.

ახლა, როგორც ამას ქართველები ამტკიცებენ, რუსეთი ცდილობს შელახოს საქართველოს, როგორც დემოკრატიის მოდელის რეპუტაცია.

„რუსულ-ქართული ანტაგონიზმის მიზეზი არის ის, რომ საქართველომ მსოფლიოს ამ ნაწილში ლიბერალური დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის რეალური შესაძლებლობის დემონსტრირება მოახდინა, და რომ საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი სხვა სახელმწიფოებისთვის შეიძლება მაგალითად იქცეს“, – მიაჩნია თორნიკე გორდაძეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. „2008 წლის ომის მიზანს არა გამოყოფილი რეგიონების აღიარება, არამედ საქართველოში რეჟიმის შეცვლა წარმოადგენდა. ეს არ მოხდა და მათი გეგმები ჩაიშალა. დღეს რუსეთი სხვა მეთოდებით ცდილობს მთავრობის დისკრედიაციას“.

როგორ დაიწყო ომი

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი კვლავ თავის ოფიციალურ პოზიციაზე რჩება და დღესაც ამტკიცებს, რომ ომი რუსეთმა პროდასავლელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დამხობის მიზნით დაიწყო, როგორც ჩანს არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ომი 7 აგვისტოს ქართველების მხრიდან სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალის მასობრივი დაბომბვითა და მასზე შეიარაღებული თავდასხმით დაიწყო. თავდასხმის დროს რამდენიმე რუსი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, რომლებიც რეგიონში საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე მსახურობდნენ.

ამას რუსეთმა მეორე დღეს მასშტაბური შეიარაღებული თავდასხმით უპასუხა, ქართული არმია განდევნა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან და საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავა.

პატარა მეზობელზე რუსეთის სწრაფი გამარჯვებით შოკირებულმა დასავლურმა ქვეყნებმა, მხარი საქართველოს დაუჭირეს. მათ მიაღწეს ცეცხლის შეწყვეტას და შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის ჯარი დატოვებდა საქართველოს ტერიტორიას და გამოყოფილ რეგიონებში დაბრუნდებოდა. მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს ერთობა მოიშალა იმ პროცესის კვალდაკვალ, რასაც აშშ-ს მოსკოვთან „გადატვირთვის“ სადაო პოლიტიკა ჰქვია, ხოლო საკუთარი პრობლემებით შეწუხებულ ევროპულ ქვეყნებში რეგიონში მშვიდობის მიღწევის მეთოდებზე, შეხედულებები გაიყო.

გასულ კვირაში, ამერიკის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „ოკუპაცია“. ამან რუსეთის პრეზიდენტის მკვეთრი რეაქცია გამოწვია. დიმიტრი მედვედევმა პარასკევის ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის სენატი საქართველოში „რევანშისტულ განწყობებს“ აღვივებს.

კიდევ უფრო უარესია ის, რომ მედვედევმა ხელახლა გააცოცხლა ძველი რუსული ეჭვი იმის თაობაზე, რომ აშშ-მ საქართველო სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისკენ წააქეზა. „არ ვფიქრობ, რომ ამერიკელები საქართველოს მეთაურს აგრესიისკენ უბიძგებდნენ. მაგრამ ვფიქრობ, რომ გარკვეულ ნიუანსებს, გარკვეულ აქცენტებს, შეიძლება გაეჩინა სააკაშვილისთვის იმის იმედები, რომ „ნებისმიერი კონფლიქტის წარმოქმნისას ამერიკელები მას მხარს დაუჭერდნენ“, – განაცხადა მედვედევმა.

მედვედევი – „მე მას ამას არასდროს ვაპატიებ“

თბილისის აზრით, სწრაფი მარცხის მიუხედავად, საქართველომ გაუძლო კონფლიქტში გიგანტური რუსეთის ზეწოლას და დაამტკიცა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც ზურგი შეაქცია მოსკოვს და დასავლეთისკენ მიბრუნდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს, რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა.

მაგრამ რუსებისთვის, რომლებმაც აბეზარი პროდასავლელი მეზობელი დაამარცხეს, სააკაშვილი არალეგიტიმური ლიდერია, შესაძლოა ამერიკული ინტერესების მარიონეტი, და რომ ვერანაირი არსებითი სამშვიდობო მოლაპარაკებები ვერ გაიმართება მანამ, სანამ ის ხელისუფლებას არ დატოვებს.

წლისთავისადმი მიძღვნილ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უარყო ის ფაქტი, რომ მოსკოვის მიზანი ომში სააკაშვილის დამხობა იყო, „მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეიძლებოდა“.

მაგრამ რუსეთი ვერ შეურიგდება საქართველოს მანამ, სანამ სააკაშვილი პრეზიდენტია, განაცხადა მან.

მიუხედავად იმისა, რომ უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უარყვეს რუსების თავდაპირველი განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს საქართველომ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს „გენოციდი“ მოუწყო, მედვედევს დღესაც მიაჩნია, რომ სააკაშვილი პასუხისმგებელია „ასობით“ რუსეთის მოქალაქის, მათ შორის მშვიდობისმყოფელთა დაღუპვის გამო.

„ამას მე მას არასდროს ვაპატიებ, და არასდროს დაველაპარაკები“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. „სააკაშვილის შეფასება და მისი ბედის განსაზღვრა ხალხის საქმეა არჩევნების გზით ან სხვა მეთოდით“.

„ახალ პრეზიდენტს რუსეთთან ნორმალური, პოზიტირუი ურთიერთობის მოგვარების შანსი გაუჩნდება“, – დასძინა პრეზიდენტმა.

ჯაშუშომანია?

სააკაშვილი საკუთარ ქვეყნაში კვლავ პოპულარულია. მეორე ხუთწლიანი ვადით ის ხელახლა 2008 წლის დასწყისში აირჩიეს და ქართველების დამატებითი მხარდაჭერა შარშან მოიპოვა, როდესაც მისმა მმართველმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონალურ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 60% მიიღო.

მაგრამ საქართველოს ლიდერი რუსეთს პერიოდული არეულობების, მათ შორის ამ გაზაფხულზე ქუჩის საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაში ადანაშაულებს. ქართველები იმასაც აცხადებენ, რომ მოსკოვი ჯაშუშების და ტერორისტების ფარულ ქსელს ამზადებს, და რომ მათ შორის აღმოჩნდა სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფიც, რომელიც სხვებთან ერთად ივლისში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის სპეცასამსახურები მთელ მსოფლიოში აქტიურობენ და რომ საქართველო მოსკოვის მტრების სიის სათავეშია“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა. „ზოგიერთებს ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა უნდათ, მაგრამ არსებობს ფარული ქსელები, რომლებიც აქ მუშაობენ. ნაწილის შესახებ ვიცით, ნაწილი შესაძლოა უცნობია. სასაცილოა იმის უარყოფა, რომ აქ რუსეთის აგენტები მუშაობენ, ან იმის, რომ საქართველოს ზოგიერთი მათგანის დაკავება შეუძლია“.

რუსეთის ოფიციალურ პირებს მიჩნიათ, რომ სააკაშვილის მთავრობა „ჯაშუშომანიით“ არის დაავადებული, და რეალობა აბსოლუტურად სხვაა. ისინი ისეთ ეპიზოდებს იხსენებენ, როგორიც იყო მაგალითად, შარშანდელი ყალბი დოკუმენტური ფილმი, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელახალი ოკუპაციის შესახებ მომზადდა, და პროსამთავრობო ტელეარხის ეთერში, როგორც ნამდვილი „ახალი ამბები“ ისე გადაიცა. ფილმს საქართველოში მობილური ქსელის გადატვირთვა მოჰყვა, ათასობით პანიკაში ჩავარდნილი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.

„ახალი მენტალიტეტი“ საქართველოში

კავკასიის საკითხებში ერთ-ერთ წამყვან ქართველ ექსპერტ მამუკა არეშიძეს მიაჩნია, რომ ურთიერთობების სწრაფი გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს. „დღევანდელი სიტუაცია რუსეთისთვის ძალიან კომფორტულია“, – ფიქრობს არეშიძე. „მხარეები არ ლაპარაკობენ; მათ დაიკავეს ჩვენი ტერიტორია და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ“.

მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ფიქრობს საქართველოში იმას, რომ რუსეთან მორიგების ფარგლებში, ხომ არ დადგა ადრე წარმოუდგენელი პერსპექტივის – აფხაზეთის გაშვების საკითხის განხილვის დრო, ეთნიკურად განსხვავებული რეგიონის, რომელსაც საკუთარი ისტორია აქვს.

ცნობილი ექსპერტი არეშიძე, რომელიც ახლახანს ამ ვარიანტის განხილვის ინიციატივით საჯაროდ გამოვიდა, წამყვანმა ნაციონალისტმა პოლიტიკოსებმა „ღალატში“ დაადანაშაულეს.

„ვიცი, რომ ჩემი შეხედულებები ძალიან არაპოპულარულია“, – ამბობს იგი. „მაგრამ საქართველოშიც, და დასავლეთშიც, უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება სეპარატისტული რეგიონების მიმართ… გავიდა დრო, გაჩნდა ახალი მენტალიტეტი და ახალი თაობა… ქართველები მიეჩვივნენ იმას, რომ დასავლეთი მათი პრობლემებითაა დაკავებული და სჯერათ, რომ საკმარისი ზეწოლის პირობებში, რუსეთი უკან დაიხევს. მაგრამ რუსეთი უკან არ დაიხევს ვიდრე ქართველები არ გააქტიურდებიან და არ წარმოადგენენ პრობლემის გადაწყვეტის ახალ ვარიანტებს“.

რუსეთის ლიდერები სწორ კურსზე ვერ შეთანხმდენენ

შესაძლო ახალ კურსთან დაკავშირებით აქტიური დებატები რუსეთშიც იმართება.

გასულ კვირაში, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ახალგაზრდების ჯგუფს ასეთი ვარიანტიც შესთავაზა, რომ რაღაც მომენტში სამხრეთ-ოსეთი შეიძლება რუსეთის ფედერაციას და ეთნიკურად ახლო მეზობელს ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდეს. მაგრამ მედვედევმა, რომელსაც პუტინთან გამოუცხადებელი კონკურენცია აქვს, მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ამ იდეაზე უარი განაცხადა.

„ამ მომენტისთვის არც იურიდიული და არც ფაქტობრივი წინაპირობები არ არსებობს. და სწორედ ამიტომ მოვაწერე ხელი დეკრეტს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“, – უთხრა მედვედევმა რუს ჟურნალისტებს.

რუსების უმრავლესობას, დღევანდელი სტატუს-ქვო როგორც ჩანს აკმაყოფილებს, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა მსოფლიოს მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ (რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და წყნარი ოკეანის პატარა კუნძულმა-სახელმწიფო ნაურუმ) აღიარა. მათ სჯერათ, რომ დრო მათ მხარესაა.

„ადრე თუ გვიან, მსოფლიო აღიარებს ფაქტებს“, – მიაჩნია ვლადიმერ ჟარიხინს, მოსკოვში კრემლის დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს. „შეხედეთ სუდანს, რომელიც ახლახანს ორ ნაწილად გაიყო და საერთაშორისო თანამეგობრობა ამას მიესალმა. შეხედეთ კოსოვოს. არაფერი საშინელი არ არის იმაში, რომ სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს საქართველოსგან გამოყოფა, ისევე როგორც საქართველო გამოეყო საბჭოთა კავშირს. ამ ცვლილებების გაუქმება ჩიხით დასრულდება“.
foreignpress.ge