„ტიმოშენკო ანგელოზი არაა, მაგრამ მართლმსაჯულებამ იგი გაწირა“

„ტიმოშენკო ანგელოზი არაა, მაგრამ მართლმსაჯულებამ იგი გაწირა“

[მანანა ნოზაძე]

იულია ტიმოშენკოს წინათგრძნობა აუხდა. იგი მართლაც დააპატიმრეს. უკრაინის ექს-პრემიერი დაჭერამდე რამდენიმე დღით ადრე აცხადებდა, რომ მას 24 აგვისტომდე, ანუ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნამდე დააკავებდნენ. ჯერ კიდევ თავისუფლებაში მყოფი ტიმოშენკო ამტკიცებდა, რომ მისი დაჭერის მითითება თავად უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისგან მოდიოდა.

„დამოუკიდებლობის დღისთვის იანუკოვიჩს სურს, ოპიზიციას მთლიანად გაუსწოროს ანგარიში, მაგრამ, ვფიქრობ, მისი გეგმები ჩაიშლება“ – აცხადებდა ტიმოშენკო.

თუმცა, ეტყობა, გული ცუდს უგრძნობდა, რადგან უკრაინის, პეჩორის რაიონულ სასამართლოზე, სადაც მის წინააღმდეგ ე.წ. „გაზის საქმე“ განიხილებოდა, ტიმოშენკომ დაიგვიანა. ისე, სამართლიანობისთვის, სასამართლო პროცესებზე დაგვიანება ტიმოშენკოს სტილია. წინა სასამართლო სხდომაზეც არაპუნქტუალურად გამოცხადდა, რაც მაშინ გზაზე „საცობში“ მოყოლით ახსნა.

სამაგიეროდ, იულია ტიმოშენკო გისოსებისთვის მომზადებული აღმოჩნდა და არ დავიწყებია უკრაინელი ხალხისთვის წინასწარი ვიდეომიმართვის დატოვება საგანგებო სიტუაციისთვის. იულია ტიმოშენკოს უკანასკნელი ვიდეომიმართვა მის საიტზე იმ შემთხვევაში უნდა დაედოთ, თუ მას დაიჭერდნენ. მართლაც, ტიმოშენკოს საიტმა ეს მიმართვა მისი დაკავებისთანავე გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ექს-პრემიერი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებებულია. ტიმოშენკოს სწამს, რომ მხოლოდ მას შეუძლია საკუთარი ხალხის გაჭირვებიდან გამოყვანა. ხოლო მოწინააღმდეგეებს უკრაინელი „ჟანა დარკი“ ღვთისა და ხალხის სამსჯავროთი და ევროპის სასამართლოთი ემუქრება.     

ვიდეომიმართვის თანახმად, ცხადი ხდება, რომ იულია ტიმოშენკოს თავისუფლად შეეძლო პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა, თუმცა იგი უკრაინიდან გაქცევას არ აპირებდა, რადგან საამისოდ მას წონადი მიზეზები ჰქონდა. კერძოდ, მას არ დაურღვევია კანონი და საკუთარი სარგებლობისთვის პრივატიზებული არ ჰქონია ქარხნები, ელექტროსადგურები, მიწები, სახელმწიფო აგარაკები, სასარგებლო მინერალები. ამდენად, საკუთარი მიწა-წყლიდან გაქცევის მიზეზს იგი ვერ ხედავს.

ამასთან, ტიმოშენკო მიიჩნევს, რომ მხოლოდ მას ძალუძს საკუთარი ერის დახმარება. მისი აზრით, გაუბედურებულ უკრაინელ ხალხს არავიზე დაყრდნობა-დაიმედება არ შეუძლია. ამდენად, სადამდეც ეყოფა ძალა და სიცოცხლე, მათ ისევე დაიცავს, როგორც თავად უკრაინას. ტიმოშენკოს თვალში უკრაინა ამჟამად დიდ განსაცდელშია. ამდენად, ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იგი უფრო ძლიერი იქნება მტრებთან საბრძოლველად.   

„არასდროს ასე სასტიკად არ ამოუცლიათ უკრაინისთვის სული, როგორც ახლა, არასდროს არ წაურთმევიათ მომავალი ჩვენი ბავშვებისთვის, როგორც დღეს“, –აცხადებს ტიმოშენკო. იგი ცდილობს, დაარწმუნოს თანამემამულეები, რომ მას შეუძლია გახდეს უკრაინის ლიდერი და ხალხი არ დააღალატოს. 

„დარწმუნებული იყავით, ისინი მე ვერასდროს გამტეხენ. მე თქვენ, 11 მილიონ ადამიანს, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დამიჭირეთ, იმედებს არ გაგიცრუებთ. ასევე, არ გავუცრუებ იმედს იანუკოვიჩის მომხრეებს, რადგან სამშობლოს წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობას,“ – მიმართავს ექს-პრემიერი ხალხს.

მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე საკუთარი დაკავების შესახებ შეიტყო, ტიმოშენკოს ღირსეულად ეჭირა თავი. მან ითხოვა, მისთვის ხელბორკილები არ დაედოთ, ვიდრე იგი სასამართლოდან არ გავიდოდა. ექს-პრემიერი სასამართლოზე დამსწრეთ შემდეგი სიტყვებით გამოემშვიდობა: „ბედნიერად, ჩემო ძვირფასებო“, რის პასუხადაც მიიღო: „იულია, ჩვენ შენთან ვართ“, „სირცხვილი კირეევს“ (მოსამართლე როდიონ კირეევი, რომელმაც ტიმოშენკოს დაპატიმრების განკარგულება წაიკითხა).    

უკრაინის მაგალითმა კიდევ ერთელ დაამტკიცა, რომ რევოლუცია თავის შვილებს ჭამს. 2004 წელს ნარინჯისფერი რევოლუციის მეთაურები ჯერ კიდევ ტრიბუნასთან იდგნენ, ახლა კი ამ რევოლუციის ერთ-ერთი ინიციატორი იური ლუცენკო ციხეშია, მისი ბედი კი იულია ტიმოშენკომაც გაიზიარა. სასამართლოზე მოწმის სახით კი ვიქტორ იუშჩენკოს ელოდებიან... აღსანიშნავია, რომ იულიაც იმავე ლუკიანოვსკის საგამოძიებო იზოლატორში გაამწესეს, სადაც უკრაინის შსს-ის ექს-მინისტრი იური ლუცენკო ზის.

ამასთან, ტიმოშენკო იმავე VIP კამერაში მოხვდა, სადაც იგი ჯერ კიდევ 2000 წელს იჯდა. საკანი ევრორემონტითა და განცალკევებული სანიტარული კვანძით გამოირჩევა, მას გაუმჭვირვალე შუშებიანი ფანჯარა აქვს. ეს მაშინ, როცა სხვა საკნებში ფანჯრები საერთოდ არ არის. ამასთან, ეს საკანი ორ ადამიანზეა გათვლილი, თუმცა ტიმოშენკო მასში ჯერჯერობით მარტოა.  

ექს-პრემიერის დაკავებას უკრაინელი და რუსი ინტერნეტმომხმარებლები ძირითადად უარყოფითად გამოეხმაურნენ. ინტერნეტქსელში მილიონობით შემაშფოთებელი შეტყობინება იწერება. 

ბლოგერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ იჩქარა, სანამ აგვისტოა და ხალხი შვებულებიდან არ დაბრუნებულა. ზოგიერთები წერენ, რომ ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ტიმოშენკოს თავად სწამს თავისი უცოდველობის, რაც მის ჰიპერტროფირებულ განდიდების მანიაზე მიუთითებს. ზოგიერთები კი ტიმოშენკოს მხარდასაჭერად მაიდანზე გასვლას აპირებენ, თუმცა ამას არა ტიმოშენკოს თანადგომას, არამედ უსამართლო სისტემასთან ბრძოლად აღიქვამენ.

„არავინ დაიჯეროს, რომ ჩვენ თავის დროზე იუშენკოს ან ტიმოშენკოს გვერდით ვიდექით მაიდანზე, არამედ არ გვსურდა ძველი სისტემა“,  – ვკითხულობთ ტიმოშენკოსთან დაკავშირებით გაკეთებულ გამოხმაურებებში. სხვები მიიჩნევენ, რომ იულია სულიერად ავადმყოფი ქალია და მისი ადგილი ციხეში კი არა, სამკურნალო დაწესებულებაშია. მავანნი იანუკოვიჩს სულ მალე ტიმოშენკოს საკნის ადგილის დაკავებას უწინასწარმეტყველებენ.   

აშშ-ის სენატორ ჯონ მაკკეინისთვის ტიმოშენკოს დაკავება უკრაინის დემოკრატიულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. „ბეწვზეა შეგდებული უკრაინის  თავისუფლება და დემოკრატია“. ამიტომ მაკკეინი ექს-პრემიერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. 

უკრაინის ექს ვიცე-პრემიერი ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ოლეგ რიბაჩუკი აცხადებს, რომ ტიმოშენკოს დაკავების გამო ქვეყანას იზოლაცია ემუქრება.  

„უკრაინის ისტორიაში ძალიან საშიში პრეცენდენტი შეიქმნა: კრიმინალურ კანონმდებლობას პოლიტიკოსის წინააღმდეგ იყენებენ. ბევრ ევროპელ ექსპერტსა და პოლიტიკოსს ესმის, რომ ტიმოშენკო ანგელოზი არაა, მაგრამ ის ფაქტი, თუ როგორ წარიმართა მართლმსაჯულება, ეს ევროპული სტანდარტებისგან შორსაა. ვიცი, მრავალი ევროპელი პოლიტიკოსის რეაქცია, ისინი აფრთხილებდნენ უკრაინის პრეზიდენტს, ასეთი ნაბიჯი არ გადაედგა, რადგან ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა,“ – აღნიშნა რიბაჩუკმა.

პოლიტოლოგი ვიქტორ ნებოჟენკო აცხადებს, რომ უკრაინელები ტიმოშენკოს დასაცავად არ გამოვლენ. ნებოჟენკოს აზრით, იულია ტიმოშენკოს გისოსებში გამოკეტვის შემდეგ, სასამართლო პროცესზე ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს კეთილშობილი მთავარი მოწმის სტატუსით.

„იულია ტიმოშენკოს დაკავება იმ ფაქტს დაემთხვა, რომ, როგორც იქნა, სასამართლოზე მთავარი მოწმე ვიქტორ იუშჩენკო უნდა გამოჩნდეს. ვფიქრობ, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან დაკავშირებულია,“ – აცხადებს ვიქტორ ნებოჟენკო.     

ექსპერტის თქმით, ამიერიდან დასავლეთი გამუდმებით შეეკითხება დაბნეულ  პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რა აუცილებლობა იყო, დაეკავებინა ადამიანი, რომელმაც მას საპრეზიდენტო არჩევნები თითქმის მოუგო?!

კიევის ინსტიტუტის ექსპერტი ვლადიმირ ზასტავი აცხადებს, რომ ტიმოშენკოს დაპატიმრება უკრაინული საზოგადოებისთვის გამოწვევაა, რითაც მათი პოლიტიკური სიმწიფე შემოწმდება. ექსპერტის თქმით, დიდია ალბათობა, რომ უკრაინელები ექს-პრემიერის დაკავებას მშვიდად შეხვდებიან, რადგან იულია ტიმოშენკოსადმი უნდობლობა მათში საკმაოდ მაღალია.    

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ექსპერტების ნაწილიც იზიარებდა იმ აზრს, რომ იულია ტიმოშენკოს დააკავებდნენ, შემდეგ კი ამნისტიით გამოუშვებდნენ. „თუ ტიმოშენკო  სასამართლო პროცესის მაქსიმალურად გაწელვას შეძლებს, რათა საპარლამენტო არჩევნებამდე მიაღწიოს, მაშინ მას (როგორც განსასჯელს და არა დამნაშავეს) არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლება. ამასთან, ტიმოშენკო შეძლებს სასამართლო პროცესის ფინალური ნაწილი საპარლამენტო ბრძოლაში ტრამპლინად გამოიყენოს. მაშინ ტიმოშენკოს დასჯა რთული იქნება, როგორც არჩევნებში მონაწილე ოპოზიციონერი მოღვაწის“,  – ჯერ კიდევ მის დაკავებამდე აღნიშნა ექსპერტმა ვლადიმერ ფესენკომ.

შეგახსენებთ, იულია ტიმოშენკო ე.წ. „გაზის საქმესთან“ დაკავშირებით მოწმის, მოქმედი პრემიერ-მინისტრის ნიკოლაი აზაროვის დაკითხვის შემდეგ დააპატიმრეს. ტიმოშენკო მის დაკავებას სწორედ აზაროვისთვის დასმულ შეკითხვებს უკავშირებს, რადგან მოსამართლე მას აზაროვისთვის კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევდა. პრემიერი აზაროვი მიიჩნევს, რომ 2009 წელს ტიმოშენკომ, უკრაინისთვის მიუღებელი პირობებით, გაზრდილი ტარიფით რუსეთთან გაზის კონტრაქტს ხელი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მიზნით მოაწერა. „მას არჩევნებში გამარჯვება ნებისმიერი ხერხით სურდა“, – განმარტა აზაროვმა.

თავის მხრივ, აზაროვის დაკითხვისას, იულია ტიმოშენკომ მას ბრალი დასდო კორუფციულ გარიგებებში, რომელსაც პრემიერი საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე სჩადიოდა. გარდა ამისა, ტიმოშენკო სასამართლო პროცესზე მოითხოვდა, აზაროვს, რუსულის ნაცვლად, უკრაინულად ესაუბრა, რადგან მას რუსული არ ესმოდა. ეს მაშინ, როცა ტიმოშენკოს სხვა მოწმეებისთვის რუსულად საუბარი არ დაუშლია და თავის დროზეც რუსული ენის არცოდნას მისთვის ხელი არ შეუშლია, პუტინთან გაზის მიწოდების  ხელშეკრულება გაეფორმებინა. აზაროვი განმარტავს, რომ იგი არაერთგზის დაინტერესებულა, თუ რატომ მოაწერა ტიმოშენკომ რუსული გაზის წამგებიან ხელშეკრულებას ხელი, რაზეც მისთვის პუტინს, ასევე, არაერთხელ განუმარტავს, რომ თავადაც არაფერი იცოდა იმ მიზეზების შესახებ, რითაც იულია ტიმოშენკო ხელმძღვანელობდა. 

ამის მიუხედავად, ტიმოშენკო საკუთარ პოზიციაზე მყარად დგას და აცხადებს, რომ იგი გაზის სფეროში კორუფციას ებრძოდა და მისი დაკავება უკანონოა.