ნორვეგიელი ტერორისტი ღირსებაზე საუბრობს

ნორვეგიელი ტერორისტი ღირსებაზე საუბრობს

[მანანა ნოზაძე]

ნორვეგიაში ტრაგიკულად დაღუპულ თამთა ლიპარტელიანს 6 აგვისტოს დაკრძალავენ. თამთა ლიპარტელიანის მკვლელის, და იმავდროულად, ნორვეგიაში მასობრივი მკვლელობის ავტორის – ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს. მომხდარ ტრაგედიას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრეივიკისთვის ნორვეგიის ციხე ნამდვილი სანატორიუმი და მისი დანაშაულისთვის არაადექვატური იქნება.

ტერორისტის ადვოკატი გეირ ლიპესტადი დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზა ბრეივიკს შეურაცხადად აღიარებს. კუნძულ უტოიაზე ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ბრეივიკი ეიფორიაშია და მიიჩნევს, რომ იგი რაინდია. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ნორვეგიელი დამნაშავე ღირსებაზე საუბრობს და სწორედ ამ ნიშნით მოითხოვს, რომ გამოკვლევა მხოლოდ იაპონელმა ფსიქიატრებმა ჩაუტარონ.  

ბრეივიკის აზრით, იაპონელებმა, ევროპელებისგან განსხვავებით, ღირსების გაგება შეინარჩუნეს და, შესაბამისად, იაპონელ ექიმს უკეთესად შეუძლია გაიგოს, თუ რამ უბიძგა მას დანაშაულის ჩადენისკენ. თუმცა ბრეივიკს იაპონელი ფსიქიატრი არ მიუჩინეს და ამ მოთხოვნაზე უარი უთხრეს. ამის მიუხედავად, ადვოკატი მისთვის ფსიქიატრიული კვლევის გულდასმით ჩატარებას დაჟინებით მოითხოვს. უკვე ცნობილია, რომ კლინიკური ფსიქიატრიის ორმა ცნობილმა სპეციალისტმა ბრეივიკის საქმესთან დაკავშირებულ კონსილიუმში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა განაცხადა. ამ ეტაპზე ამ სპეციალისტთა ვინაობა არ კონკრეტდება.    

საუბრობენ იმაზეც, რომ ბრეივიკი პასუხისმგებლობისგან გაქცევას სიგიჟის სიმულირებით ცდილობს. თუმცა, მისი დამცველი ამ შეკითხვას თავს არიდებს და აცხადებს, რომ იგი დიაგნოზის დამსმელ ექიმად ვერ გამოდგება. ერთი კია, ადვოკატისთვის ბრეივიკი შეურაცხადად რჩება, რომელიც  წარმოსახვებით შექმნილ სამყაროში განაგრძობს ცხოვრებას. ადვოკატი აღიარებს, რომ ბრეივიკს ერთი სული აქვს, სასამართლოზე წარდგეს, რათა იქ თავისი შეხედულებები და მოთხოვნები გამოამზიუროს. ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლოს საჯაროობა სურს. ხოლო შეურაცხადად მისი აღიარების შემდეგ საჯარო პროცესი აღარ გაიმართება, ასეთი დასასრული კი ბრეივიკს არ მოსწონს.  

არ ვიცით, რამდენად გულწრფელია ბრეივიკის ადვოკატი, მაგრამ, თუ ნორვეგიელ ტერორისტს შეურაცხადად აღიარებენ, მას კომფორტულ ციხეზე უკეთეს პირობებში, ფსიქიატრიულ სამკურნალო დაწესებულებაში მოუწევს დასვენება, რის შემდეგაც იგი თავისუფლებას ეზიარება. თუმცა მისი ადვოკატი აქაც გამოსავალს ნახულობს და „გარანტიას იძლევა“, რომ დამნაშავეს საზოგადოებისგან იზოლირებულად ძალიან დიდხანს, შესაძლოა, სიკვდილამდეც გამოკეტავენ.

„ეს მისთვის უფრო მკაცრი სასჯელი იქნება, ვიდრე ციხე. ახლა ბრეივიკი საკუთარ თავს წარმოიდგენს რაინდად, რომელმაც ბრძოლაში მთელი სამყარო გამოიწვია. თუ მას ციხეში გავამწესებთ, იგი ჩათვლის, რომ სამყარომ იგი ტყვედ ჩაიგდო. ფსიქიატრიული საავადმყოფო კი მსოფლიოს იმ ნაწილად არ ითვლება, რომელიც ბრეივიკმა თავის წარმოსახვაში შექმნა,“ – აცხადებს ადვოკატი. 

შურისძიების მიზნით,  ნორვეგიელები არ აპირებენ იმ ფერმის განადგურებას კუნძულ უტოიაზე, სადაც ტერორისტი დანაშაულს გეგმავდა. პირიქით, ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებულია, გამოისყიდოს ეს ფერმა, რომელიც ანდერს ბრეივიკს არენდით ჰქონდა აღებული იმ პირისგან, რომელიც ამჟამად ნარკოტიკების გასაღებისთვის სასჯელს იხდის.

ნორვეგიის სისხლის სამართლის კანონმდებლობით, დამნაშავისთვის ქონების კონფისკაცია თითქმის არ გამოიყენება. ნორვეგიაში განსასჯელის ქონების ჩამორთმევა მხოლოდ ერთ შემთხვევაშია დასაშვები, თუკი მას შეურაცხადად აღიარებენ. 

„ეს კარგი ფერმაა. დაე, იგი არენდით აიღოს ღირსეულმა ფერმერმა და მასზე ფერმერისთვის დამახასიათებელი საქმიანობით დაკავდეს“, – განაცხადა ნორვეგიის შესაბამისი გუბერნიის კომუნის მერმა ულე გუსტავ ნერუდმა. 

ტრაგედიის დატრიალების მიუხედავად, ბრეივიკს თანამოაზრენიც გამოუჩნდნენ. იტალიელმა მარიო ბორგეციომ  ნორვეგიელ ტერორისტს სოლიდარობა გამოუცხადა. სკანდალურად ცნობილმა ევროპარლამენტის დეპუტატმა, ნაციონალისტური „ჩრდილოეთის ლიგიდან“ მარიო ბორგეციომ თავისი თანაპარტიელების მოთმინების ფიალა აავსო, როცა ტერორისტს მხარი დაუჭირა. 

კერძოდ, ბორგეციომ ერთ-ერთ იტალიურ რადიოსადგურთან საუბრისას ნორვეგიელი ტერორისტის ქმედების შესახებ აღნიშნა: „თუკი ბრეივიკის მიერ გამოყენებულ ძალადობრივ ქმედებას არ ჩავთვლით, მისი ბევრი იდეა კარგია, უბრალოდ, შესანიშნავია.“

მოგვიანებით, მარიო ბორგეციომ ხალხის რისხვა იწვნია, მას გადადგომისკენაც მოუწოდეს, რის გამოც საკუთარი სიტყვები უკან წაიღო და ნორვეგიელი მკვლელის მიერ დახოცილთა ახლობლების წინაშე ბოდიში მოიხადა. 

საინტერესოა, რომ ნორვეგიელი ტერორისტი, ერთი შეხედვით, მუსულმანების გამო გამოხატავდა უკმაყოფილებას, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თავად ნორვეგიელებს ხოცავდა. მის ამ ურთიერთგამომრიცხავ ქმედებას თავის ახსნას უძებნის პოლიტოლოგი და რაბინი აბრაამ შმულევიჩი. შმულევიჩის აზრით, პოლიტიკური ტერორიზმი გამოიგონეს და მსოფლიოს „აჩუქეს“ ევროპელებმა, ისევე, როგორც მასობრივი მკვლელობების სხვა ტექნოლოგიები.

„ევროპელთა ცნობიერებაში „ტერორის“ გაგება მჭიდროდ ასოცირდება ისლამურ სამყაროსთან, უპირველესად, არაბებთან. მართლაც, ევროპაში ათეულობით მსხვერპლით დასრულებული მასობრივი ტერაქტები 1970-იან წლებში სწორედ არაბებმა მოიტანეს – პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია და სხვა... შემდეგ 1990-იან წლებში ესტაფეტა ისლამისტებმა აიტაცეს, რის შემდეგაც მუსულმანური სამყარო პოლიტიკური ტერორის სამშობლოდ აღიქმებოდა. თუმცა ასეთი წარმოდგენა ისტორიის ზედაპირული ცოდნითაა განპირობებული.

პოლიტიკური ტერორი – ესაა მძლავრი იარაღი, რომელიც მსოფლიოს ევროპელებმა აჩუქეს. პარტიზანული ომების ტრადიცია დასავლეთ ევროპასა და ქრისტიანულ სამყაროში ბევრად ძლიერია, ვიდრე ისლამურ სამყაროში. შუასაუკუნეების ასასინელებმა (მკვლელები აღმოსავლურ სამყაროში) მხოლოდ თავიანთი მტრების_ ევროპელი ჯვაროსნების გამოცდილება გადაიღეს“, – აცხადებს აბრაამ შმულევიჩი. 

ამასთან, შმულევიჩი მიიჩნევს, რომ ომის შემდგომ ბებერ ევროპაში ტერორი არასდროს მომკვდარა. ამის მაგალითად კმარა ბასკები და იტალიური „წითელი ბრიგადები“, კორსიკის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები... 

და ბოლოს, ნორვეგიელმა დამნაშავემ, ბრეივიკმა საკუთარ საქციელს საშიში, მაგრამ გარდაუვალი უწოდა, რომლის მიზანიც თურმე არა ბევრი ადამიანის მოკვლა, არამედ სიგნალის მიცემა, ანუ ყურადღების მიპყრობა ყოფილა.