ავტობუსის კონტროლიორები მგზავრებს უსამართლოდაც აჯარიმებენ...

ავტობუსის კონტროლიორები მგზავრებს უსამართლოდაც აჯარიმებენ...

[რეზონანსი იაგო ნაცვლიშვილი]

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მივიჩქარი, გამომცემლობა "აი ია"-ს დამფუძნებლის დაკავებასთან დაკავშირებით ბრიფინგი იმართება. რედაქციიდან გავდივარ და #91 ავტობუსში ვჯდები. იგი რუსთაველი-მელიქიშვილის ქუჩების გზაგასაყარზე (#51 სკოლასთან) მდებარე გაჩერებაზე ჩერდება.

ავტობუსში კონტროლიორი დავით ფეტვიაშვილი ამოდის, ბილეთებს ითხოვს, ჩემთანაც მოდის. ბილეთს ვაჩვენებ, სტუდენტური ბარათი მაქვს და შესაბამისად ბილეთიც სტუდენტური მქონდა აღებული ("რეზონანსში" მუშაობის პარალელურად თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ტელე-მედიის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტიც ვარ), ბარათსაც მთხოვს, რომელსაც ასევე ვაჩვენებ. თუმცა ამით არ კმაყოფილდება და ავტობუსიდან ჩასვლას მთხოვს.

ჩასვლისთანავე პირადობის მოწმობას ითხოვს, რასაც დაუყოვნებლივ ვაწვდი. შემდეგ მომიბრუნდა და მეუბნება, რომ ბარათი ჩემი არ არის. ბარათი ჯიბეში დების გამო ცოტა უხარისხოა და მასზე ჩემი სახელი და გვარი გარკვევით არ ემჩნევა. კონტროლიორს ეჭვი ასო "ტ"-ზე უჩნდება, მისი ვარაუდით, თურმე "ტ" ჩემს გვარში არაა.

მას ვუხსნი, რომ ჩემი გვარი ნაცვლიშვილი (ლათინური სიმბოლოებით იწერება ტფეთმდშთრმშდშ. ის ამას იჯერებს, თუმცა მაინც გაიძახის, რომ ბარათი ჩემი არაა და ჯარიმის გამოწერას იწყებს, შემდეგ ის პირადობის მოწმობასა და სამგზავრო ბარათს მიბრუნებს, თუმცა არ მიბრუნებს ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებას - ბილეთს. მისგან ბილეთის დაბრუნებას ვითხოვ, თუმცა ამაოდ. ის ურცხვად აცხადებს, რომ ბილეთი დამიბრუნა.

მაშინ ვთავაზობ, რომ წერილს დავწერ, სადაც სიტუაციას აღვწერ და მას ვთხოვ, ხელი მომიწეროს. მეუბნება, რომ თაბახის ფურცელი ვიშოვო, მასზე დავწერო და ხელს მომიწერს. მოგვიანებით, როდესაც წერილი დავწერე, სადაც სიტუაცია აღვწერე, მან ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. ის თავდაპირველად აცხადებდა, რომ იურისტს უნდა აჩვენოს, შემდეგ კი განმიცხადა, რომ სურვილი არ ჰქონდა. ვუთხარი, რომ ის ვალდებული იყო ხელი მოეწერა, თუმცა უარი მითხრა. მან დასძინა: "რა გინდა, რატომ მაიძულებ ხელის მოწერას, ჩემი გაფუჭება გინდა?"

შემდეგ ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და მომხდარზე კომენტარი ვითხოვე. მან ამაზეც უარი მითხრა - ის საჯარო პირია და ვალდებული იყო, რომ კომენტარი გაეკეთებინა. როდესაც მასთან სიტუაციას ვარკვევდი, ერთი 17-ოდე წლის ბიჭიც გამომესარჩლა, ჩემ მსგავსად მანაც უამარავი კითხვა დაუსვა, რასაც კონტროლიორმა ვერ უპასუხა და ჩვენგან გაიქცა.

დიქტოფონი ჩავრთე და მასთან კიდევ ერთხელ მივედი და ვკითხე, რატომ დამაჯარიმა, რაზეც არ მიპასუხა. ჩვენ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

- რატომ დამაჯარიმე?

დუმილი...

- ბილეთი არ მქონდა?

- არა.

- თვალებში შემომხედე და ისე მითხარი.

თვალებში მიყურებს და იგივეს იმეორებს.

- არ გრცხვენია?

- არა, - იგი ტერიტორიას ტოვებს.

მას ფოტოებიც გადავუღე. როდესაც დაინახა, რომ ფოტოებს ვუღებდი, გაიქცა, ეს ფოტოზეც ასახული მაქვს. შემდეგ ის შორიახლოს ჩემგან ზურგით დადგა.

ბოლოს მითხრა, რომ ორივე მართლები ვართო და შემომთავაზა, რომ ჯარიმის ქვითარი მისთვის მიმეცა და ის გადაიხდიდა, რაზეც ვუპასუხე, რომ პრობლემა 5 ლარი კი არ არის, არამედ უსამართლობა.