გიორგი დემეტრაძე სტრასბურგში ჩივის

გიორგი დემეტრაძე სტრასბურგში ჩივის

[ინგა კუხიანიძე]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცნობილი ფეხბურთელის, გიორგი დემეტრაძის და მისი მეგობრის, დავით გაგნიძის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი. დემეტრაძეს ციხეში 6 წლის გატარება მოუწევს. დაკავებულებს ქურდული სამყაროს წევრობა ედებათ ბრალად.

გიორგი დემეტრაძე, ყოფილ ძალოვან კახა მისირელთან ერთად ვაკეში, მაშინ დააკავეს, როცა მეგობარ, დავით გაგნიძესთან შესახვედრად მივიდა. დაკავებულებიდან მხოლოდ პოლიციელი მისირელი გამოუშვეს თავდებით და მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. პარადოქსია, მაგრამ ძალოვანსაც ქურდული სამყაროს წევრობა და ასევე იარაღის უკანონო ტარება-შენახვას ედავებიან.

საქმის მასალების მიხედვით, 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე, დავით კვიჟინაძემ, ვასილ ლურსმანაშვილთან 140 000 დოლარი წააგო. კვიჟინაძემ დახმარება ცნობილ ავტორიტეტს, ვახტანგ ყიფიანს სთხოვა. შეთანხმებით გადაწყდა, რომ 70 000 დოლარი ლურსმანაშვილის მეგობარ დავით ფეიქრიშვილს ჩაბარებოდა, ხოლო დანარჩენ თანხას, ქურდების სახელით, ყიფიანი აიღებდა და ამას თანხის მთლიან დაფარვად ჩათვლიდა. ფეიქრიშვილი კვიჟინაძისგან თანხას ითხოვდა. ყიფიანმა კიევში დავითის ძმა, გიორგი ფეიქრიშვილი დაიბარა. განუმარტა, რომ თავანი ჩაბარებული იყო. გამოძიების მტკიცებით, აღნიშნულ გარჩევაში დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელიც მონაწილეობდნენ. 

სატელეფონი საუბარში კი უკრაინაში მყოფი ყიფიანი დავით ფეიქრიშვილს მოგებული თანხიდან საჩუქარს სთხოვს. ფეიქრიშვილი მას 10 ათასი დოლარის ჩუქებას თანხმდება. ყიფიანის და გაგნიძის სატელეფონო საუბარიც არის საქმეში. ყიფიანი უხსნის, რომ „ის“ გადასცეს იმ პიროვნებას, მაგრამ არ აკონკრეტებს რის გადაცემაზეა საუბარი. აქვე გაგნიძე ყიფიანს ეუბნება, - „დემეტრაძემ არაფერი იცისო“. ის კი პასუხობს: „შენთან რომ მოვა დამირეკე და ყველაფერს მე ავუხსნიო“. ისიც დადგენილია, გაგნიძე და დემეტრაძე ისე დააკავეს, რომ ყიფიანთან მათ არ უსაუბრიათ. ამიტომ უცნობია, დათანხმდებოდა თუ არა ფეხბურთელი, ყიფიანის დავალებას და გადასცემდა თუ არა ვინმეს წაგებულ თანხას. 

გამოძიების მტკიცებით, დაკავებისას დემეტრაძეს ხელში ცელოფანში ჩადებული 30 000 დოლარი ჰქონდა, ხოლო გაგნიძეს - 10 700. ამასთან ერთად მას იარაღი და ვაზნები აღმოაჩნდა. თავად გაგნიძე ირწმუნება, რომ ეს თანხა სრულად მისგან ამოიღეს, რადგან დემეტრაძესთან შეხვედრამდე დააკავეს, ხოლო იარაღი კი მას ჩაუდეს... მოგვიანებით, ძალოვნებმა დავით ფეიქრიშვილიც დააკავეს. კვიჟინაძის წაგებული თანხა, სწორედ მასთან უნდა მისულიყო.

დემეტრაძე და გაგნიძე ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ არანაირი შეხება ქურდულ სამყაროსთან არ აქვთ. ისინი გამართლებას ითხოვდნენ. საქალაქო სასამართლოში განსასჯელმა ფეიქრიშვილმაც არ აღიარა დანაშაული, მაგრამ ყიფიანთან სატელეფონო საუბარი დაადასტურა. 

„ყიფიანს არ ვიცნობ. მან ლურსმანაშვილის ტელეფონზე დარეკა და მე ვუპასუხე. ჩემს მეგობარს კვიჟინაძის ტოტალიზატორში ოფიციალურად 100 ათასზე მეტი ჰქონდა მოგებული. თანხის ნაწილი კვიჟინაძემ გადაიხადა, დარჩენილიც უნდა მოეტანა. ყიფიანმა ფული მთხოვა, როგორც საჩუქარი და 10 ათასი დოლარი ვაჩუქე. ფული აღებული არ იყო და რომ ავიღებდით, ამ ფულს მივცემდით. საუბარი ჩვენს შორის რამდენჯერმე შედგა. ის არაფერს მძალავდა...

ტელევიზიით გავიგე, გაგნიძე და დემეტრაძე რომ დააკავეს. არ ვიცოდი, დემეტრაძეს ჩემთან ფული რომ უნდა მოეტანა. რომ მცოდნოდა, ფული ვის ჰქონდა, მე გამოვართმევდი, რაში მჭირდებოდა შუამავალი?... გავიგე, რომ პოლიცია მეძებდა და ჩავბარდი. არ ვარ ქურდული სამყაროს წევრი, მითხარით, რაში გამოიხატება ჩემი წევრობა?“, - აცხადებდა საქალაქო სასამართლოში ფეიქრიშვილი, მაგრამ სრულიად მოულოდნელად მაშინ, როცა სასამართლო დასასრულისკენ წავიდა და მხარეები კამათზე გადავიდნენ, გაირკვა, რომ ფეიქრიშვილს საპროცესო გაუფორმეს. 

მან ორი სიტყვით განმარტა, რომ ბრალს ეთანხმებოდა და დანაშაულს სრულად აღიარებდა. მაშინ დემეტრაძის და გაგნიძის ადვოკატებს არ მიეცათ მისთვის კითხვის დასმის საშუალება, რადგან გამოძიების ეტაპი უკვე დასრულებული იყო. პროკურორმა ფეიქრიშვილისთვის 6 წელი მოითხოვა, აქედან 2 წელი პატიმრობა, ხოლო 4 წელი - პირობითი სასჯელი. საპროცესო გარიგებით, მას ასევე ჯარიმის, 30 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. გიორგი დემეტრაძეს კი 6 წელი მიუსაჯეს, ხოლო დავით გაგნიძეს -  8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მათ ჩამოერთვათ ამოღებული თანხები, ჯამში 40 700 დოლარი. დაკავების დროს განსასჯელებს მანქანებიც ჩამოართვეს, ეს მანქანები ოჯახებს დაუბრუნდათ. მათთან ერთად ვახტანგ ყიფიანისთვისაც უნდა გამოეტანათ განაჩენი, მაგრამ მანამდე ძებნილი, მოსკოვში დააკავეს. ამიტომ ყიფიანის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. 

ადვოკატი მარიკა ფხალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეეცადა დემეტრაძის და გაგნიძის გამართლებას, მაგრამ უშედეგოდ.   

მარიკა ფხალაძე, ადვოკატი: თამამად ვაცხადებ, რომ მათ წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობს. ბრალდება არც აპელაციაში დაეთანხმა ჩვენს მოთხოვნას და მათი ორი სიტყვა, რომ არის საკმარისი მტკიცებულებები მათი ბრალეულობის დასამტკიცებლად, საკმარისი აღმოჩნდა განაჩენის დასაყენებლად. სატელეფონო საუბრებში ვერსად ნახავთ, რომ გაგნიძეს და დემეტრაძეს ვინმესთვის საქმე გაერჩიოთ, ან რამე გამოეძალოთ. სამხილი არ არსებობს... გასაკვირია, მაგრამ პროკურატურას არ დაუკავებია ვასილ ლურსმანაშვილი, რომელმაც ფული მოიგო. არც ამხელა თანხის წამგები, კვიჟინიძე დაუკითხავს ვინმეს. საბრალდებო სკამზე ესენი რატომ სხედან სრულიად გაუგებარია...

იარაღი გაგნიძეს რომ არ ეკუთვნის, ეს პროცესზეც დადასტურდა, არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ იარაღი ამოიღო. ქვეყანაში შერჩევითი მართლმსაჯულება რომ გვაქვს, ესეც ცხადია. სატელეფონო საუბრები პირიქით, დემეტრაძის უდანაშაულობას ამტკიცებს, არადა ის ქურდული სამყაროს წევრობისთვის გაასამართლეს.

საქალაქო სასამართლოში ფეიქრიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და მაშინ თქვენც გთავაზობდნენ ორ წლიან პატიმრობას, დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ, ვერც აპელაციის ეტაპზე შეთანხმდით პროკურატურასთან?
- საბოლოოდ საპროცესო შეთანხმება ასეთი პირობით შემოგვთავაზეს - სამი წელი რეალური სასჯელი, სამი წელი პირობითი, რა თქმა უნდა, დანაშაულის აღიარება და დამატებით, 100 ათასი ლარი ჯარიმა შემოგვთავაზეს, მაგრამ გიორგი დემეტრაძისთვის სრულიად მიუღებელია იმის აღიარება, რაც მას არ ჩაუდენია.

ანუ სასჯელი გაზარდეს?
- პირველი ინსტანციის სასამართლოში ორ წელი პატიმრობა იყო შემოთავაზება. რადგან უარი ვთქვით მაშინ, აპელაციაში მოამატეს და სამი წელი შემოგვთავაზეს, რადგან ბრალდების მხარის რესურსები გაცილებით მეტად დაიხარჯა, საქმე აპელაციამდე მივიდაო. რაც შეეხება ფეიქრიშვილს, მის მიმართ საპროცესოს გაფორმება ბრალდების ინტერესიც იყო, რადგან აპელაციაში ერთადერთი არგუმენტი იყო, რომ ფეიქრიშვილი აღიარებს დანაშაულს. ჩვენ მისი დაკითხვა მოვითხოვეთ სააპელაციო სასამართლოში, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოში მან არ აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ დემეტრაძის და გაგნიძის მხრიდან არანაირი დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონდა.

როცა კამათის ეტაპზე ვიყავით, სრულიად მოულოდნელად მოიტანეს საპროცესო შეთანხმების ოქმი, ეს ისეთი სტადიაა, როცა ადვოკატი შეკითხვასაც ვერ დასვამ, რადგან განხილვა დასრულებულია. ამიტომ  ვითხოვდით მის დაკითხვას, გვინდოდა ბევრი საკითხის გარკვევა, მაგრამ უარი გვეთქვა ამ შუამდგომლობაზე. ყველაზე საინტერესო იყო, ჩვენ აპელირებას ვაკეთებდით ქურდულ გარჩევაზე და კანონზე, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ, სადაც ქურდული გარჩევა არის გაშიფრული.

არ ვიცი, ეტყობა, კანონის არაერთხელ გაშიფრვამ ზემოქმედება იქონია ბრალდების მხარეზე და პროკურორმა განაცხადა აპელაციაში, ჩვენ დემეტრაძეს და გაგნიძეს ქურდულ გარჩევას არ ვედავებით, მათ ქურდული სამყაროს წევრობას ვედავებითო. ეს კიდევ ერთი სენსაციური განცხადება იყო, რადგან ბრალში არაერთხელ არის ხაზგასმული, რომ ისინი აქტიურად აწარმოებდნენ ქურდულ გარჩევებს. თავისი ასეთი პოზიციით, ბრალდებამ ფაქტობრივად, ეს ეპიზოდი თვითონვე მოხსნა.

კურიოზია, ქურდული სამყაროს წევრობის შემადგენელი ელემენტია ქურდული გარჩევა, რადგან ქურდული სამყარო მოიაზრებს ქურდულ გარჩევას, იძულებას, შანტაჟს და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. თავად მოწმის სტატუსით დაკითხული პოლიციელებიც გამორიცხავენ, რომ  რაიმე ძალადობას, მუქარას, შანტაჟს ჰქონდა ადგილი. მაშინ, ლოგიკური დასკვნით, ქურდული სამყაროს წევრობა ჰაერში რჩება. ყველაფრის მიუხედავად, სასამართლომ მაინც დამნაშავედ სცნო ეს ადამიანები. 

მაშინ ქურდული სამყაროს წევრობას რა მტკიცებულება ადასტურებს, თუ გარჩევებში მონაწილეობა არ მიუღიათ?
- არ ვიცი. მარტო იმას ამბობენ, რომ არის საკმარისი მტკიცებულებები, არის სატელეფონო საუბრები. არადა, ყველამ მოვისმინეთ ეს საუბრები და ვნახეთ, რომ არანაიარი კანონსაწინააღმდეგო იქ არ არის. ყველა პოლიციელი ამბობდა, დემეტრაძეს ვიცნობთ როგორც კარგ ფეხბურთელს მეტი არაფერიო, მაგრამ ის მაინც გასამართლებულია აბსურდული ბრალდებით.

განაჩენს უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრებთ?
- გავასაჩივრებთ, მაგრამ იმედი ნამდვილად არ გვაქვს, უბრალოდ, ეს ეტაპი გასავლელია, რათა სტარსბურგამდე მივიდეთ. 

როგორ შეხვდა გიორგი დემეტრაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას?
- პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უფრო შოკისმომგვრელი იყო მისთვის, რადგან ყველა შეხვედრაზე მეუბნებოდა, როგორ უნდა დააყენოს მოსამართლემ განაჩენი იმაზე, რაც არ ჩამიდენია, რა უნდა დაწეროს იმ განაჩენშიო. 99 პროცენტით დარწმუნებული იყო, რომ გაამართლებდნენ და დარბაზიდან გაუშვებდნენ. სამწუხაროდ, იმედები გაუცრუვეს და განაჩენი დადგა.

მას შემდეგ, რაც განაჩენს გაეცნო არანაირი იმედი სააპელაციო ინსტანციაში არ ჰქონია. ის ჩვეულებრივად შეხვდა ამ განაჩენს. როდესაც ადამიანი დამნაშავე ხარ და პროკურატურა შეღავათს გთავაზობს, შენც ცდილობ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა, მაგრამ ამაზე არ დათანხმება და დანაშაულის არ აღიარება, ცალსახად ადასტურებს გიორგი დემეტრაძის უდანაშაულობას.

ფარ-ხმალი ხომ არ დაყარა, შემართებითაა?
- იმის იმედი როცა არ გაქვს, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ ამ სიტუაციას შეგუებული ხარ. მას იმის ილუზია არ აქვს, რომ ვინმე ციხიდან გამოუშვებს. სტრასბურგში საქმის განხილვაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და იცის უდანაშაულობის დამტკიცებას დიდი დრო რომ დასჭირდება.

სტასბურგის გადაწყვეტილებამდე შეიძლება პატიმრობის ვადაც გაუვიდეს.
- შეიძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ნაბიჯი. თავისი მყარი პოზიცია არჩია, ის არ არის ქურდული სამყაროს წევრი და არ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია. პატიმრობა არჩია იმის აღიარებას, რაც არ ჩაუდენია.  ისევ გლდანიც ციხეში ზის. ისევ იმ რეჟიმით, ვარჯიშობს და ცდილობს საკუთარი თავი თვითონ გამოიყვანოს მდგომარეობიდან. ერთადერთი სურვილი აქვს, რომ გლდანის მერვე საპყრობილიდან გადავიდეს, მაგრამ როდის მოხდება ეს, უცნობია.

ამბობს, რომ უდანაშაულოა და თავის სიმართლეს დაამტკიცებს თუ ვეღარ, იმედი აქვს რომ საზოგადოებას სჯერა მისი უდანაშაულობის, თუმცა მან ამაში „ვერ დაარწმუნა“ ბრალდება და სასამართლო. მადლობას უხდის მათ, ვისაც მისი უდანაშაულობის სჯერა და მხარს უჭერს.

ფეხბურთის ფედერაციაში გიორგი დემეტრაძის მამა მივიდა და სთხოვა შვილის დახასიათება მიეცათ. თავიდან თანხმობა განუცხადეს, მაგრამ, როცა დახასიათების ასაღებად მივიდა, უარით გამოისტუმრეს. არც აუხსნიათ მიზეზი. 

ერთადერთი ადამიანი, ვინც გვერდში უდგას, მისი უდანაშაულობის სჯერა და ყველანაირად ცდილობს მის დახმარებას ფეხბურთელი კახი კალაძეა. სააპელაციო  სასამართლოში ერთ სხდომასაც დაესწრო და გაამხნევა. უთხრა, რაც არ ჩაგიდენია, ის არ დაიბრალო და აღიაროო. ასეთი სამართალია ამ ქვეყანაში. ჩვენ ვიბრძოლებთ და სტრასბურგში გამარჯვების იმედად ვართ.