„აუ, რამდენი ვართ?!“

„აუ, რამდენი ვართ?!“

სად იყო სააკაშვილის დაძახებისას „ნაციონალების“ მთელი შემადგენლობა და რატომ ვიხილეთ მცირერიცხოვანი აქცია, სახელწოდებით, „აუ, რამდენი ვართ?!“ სად გაქრა ის 780 ათასი უკმაყოფილო ადამიანი, ვინც „ქოცების“ საწინააღმდეგოდ მისცა ხმა და რატომ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ წარმოაჩინოს, თითქოს ეს 780 ათასი ადამიანი მას ეკუთვნის?!

„ჩვენ გვაქვს საქართველოს 800 ათასზე მეტი მოქალაქის ხმა. ამაზე დიდი ქმედითი ბერკეტი ბუნებაში არ არსებობს. ძალიან საინტერესო სიურპრიზებს მოვუმზადებთ ამ ე.წ. ხელისუფლებას, მაგრამ არავითარი სისხლისღვრა არ იქნება“, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

პარალელურად, „პატრიოტთა ალიანსი“ პროკურატურისგან და შსს-სგან ითხოვს, ჩატარდეს გამოძიება მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ მიერ მიღებული 780 ათასი ხმის რეალურობის დასადგენად. „პატრიოტთა ალიანსს“ კითხვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც „ნაცმოძრაობამ“ რუსთაველის გამზირზე 3 ათას ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა. ამის შედეგად, ალიანსში დაასკვნეს, რომ ეს ხმებიც არის პოლიტიკური აფერისტობა და ყალთაბანდობა.

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 780 ათას ხმას, რომელიც მიიღო „ნაცმოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ, საოცარი რეაქცია მოჰყვა ბევრი ჩვენი თანამოქალაქის, ექსპერტის მხრიდან. მათ დაიწყეს საუბარი, თითქოს ეს 780 ათასი ხმა „ნაცმოძრაობამ“, ან გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი არ მიიღო, არამედ ეს რაღაც გარიგების შედეგია. სინამდვილეში, არც ისე რთულია, გაერკვეს ადამიანი, როგორ არის მოწყობილი საარჩევნო კამპანია, როგორ ითვლება ხმები. საამისოდ ობიექტური კონტროლის საშუალებები არსებობს, რომლებიც ასე უხვად არის დანერგილი საქართველოში, კამერები და სხვა საშუალებები რეალობის გარკვევის შესაძლებლობას იძლევა.

„გაყალბება და ხმების ჩაყრა ყუთებში თითქმის გამორიცხულია, გარდა გარკვეული ცდომილებისა. თუმცა ჩნდება კითხვა, მოენატრა ამ 780 ათასს ადამიანს სააკაშვილის რეჟიმი? და, თუ სააკაშვილის მომხრეები ამდენნი არიან, მაშინ რატომ არ გამოდიან აქციაზე? ზუსტად ამაშია საქმე, რომ გარდა გარკვეული მცირე ჯგუფებისა, ისინი იდეურად „ნაცმოძრაობის“ თავგადაკლული ფანატიკოსები არ არიან, არამედ მათ სწორედ „ოცნების“ ჯინაზე მისცეს ხმა, იმდენად ამოუყვანა ყელში „ოცნებამ“ თავისი პოლიტიკა, იმდენად დიდია აგრესია მათ მიმართ, რომ მივიღეთ ეს პარადოქსალური ციფრი - 780 ათასი ხმა. შედეგად, ხელისუფლებას დასჭირდა ექსტრაორდინარული ღონისძიებების გატარება, როგორიც იყო თუნდაც ვალების ჩამოწერის ოპერაცია და სახალხო მოძრაობების ინიცირება, აქციები და ა.შ.

ცხადია, ეს 780 ათასი ადამიანი არც გავიდოდა „ნაციონალების“ აქციაზე, რადგან მათი ნაწილი მუშაობს საჯარო სამსახურებში და ისინი მოერიდებოდნენ აქციებზე აშკარად გამოჩენას. ამ 780 ათასის დიდი ნაწილი კი შეადგენს ადამიანებს, რომლებიც „ოცნების“ ჯინაზე აძლევენ ხმას. ერთმა მითხრა კიდეც, ოღონდ ამათი (ქოცების) სახეები არ დამანახა, ეშმაკს მივცემ ხმასო. ამ დონეზე არ უნდა მიიყვანო შენი თანამოქალაქეები“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

რაც შეეხება ამ 780 ათასი ადამიანისგან მომდინარე საფრთხეს, იგი განმარტავს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ორგანიზაცია, რომელიც არანაირი მეთოდის გამოყენებაზე უკან არ იხევს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. თავის დროზე სწორედ „ნაცმოძრაობამ“ ჩამოაყალიბა სახელმწიფო ტერორის რეჟიმი, ახლა კი სისტემური ტყუილი ჩამოაყალიბეს, ახალი ცრუ ნარატივი შექმნეს იმ 9 წელზეც, ამ 6 წელზეც და თავის მომავალ მიზნებზეც. „ნაცმოძრაობა“ მთლიანად აგებს თავის პოლიტიკას დეზინფორმაციაზე, ტყუილზე, ძალადობაზე და მათი მობრუნება არ შეიძლება.

ვინ დგას ამ 780 ათასი ადამიანის უკან, ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ „ოცნების“ პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანთა რაოდენობა დიდია. გრანდიოზული პროგრესი, განსაკუთრებით, საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ არ გვქონია, მმართველობის სისტემის რეფორმაც მხოლოდ კონსტიტუციის დონეზეა დაწყებული და გაგრძელება არ აქვს. თუმცა ეს 780 ათასი ადამიანი „ნაცების“ მხარდამჭერი, რასაკვირველია, არ არის.

„ესენი არიან ამომრჩევლები, რომლებმაც ძირითადად „ქოცების“ წინააღმდეგ მისცეს ხმა. ძალიან ბევრია ასეთი, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ ალტერნატივას, არ ჩანს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართული ოცნების“ ალტერნატივას შექმნის. ერთადერთი ალტერნატივა, რასაც ვუყურებ, ეს არის „პატრიოტთა ალიანსი“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში დავით ზარდიაშვილი.