ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი, თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული კანდიდატი, მდედრი თევზი გაიმარჯვებდა. ცაგარელი ამჯერად "2020NEWS“-სთან იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც შეიძლება საქართველოს მეხუთე, ქალ პრეზიდენტს შეხვდეს.
"ერთია, რას გაძლევს სამყარო და მეორე, შენ როგორ იყენებ მას. ქალბატონი სალომე როგორ გამოიყენებს ტაც მიეცა, ამაზე ვერაფერს გეტყვით. მისთვის მომავალი 2019 წელი გამოცდის წელიწადი ექნება. როგორც ცნობილია, ის ჰოროსკოპით თევზებია. მისი შავი მაცდუნებელი ძალა მარტის ბოლოდან გადადის თევზების ზოდიაქოში, სადაც ცხრა თვის განმავლობაში იქნება. ამიტომ ცხრა თვის განმავლობაში მას უამრავი ტენდენციები ექნება, რომელიც მოითხოვს სიფრთხილეს და წინდახედულობას. ანუ იქნება პროვოკაციები, შემტევი და აგრესიული გამოვლინებები სხვათა მხრიდან... შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეექმნას. ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგები, ეს ყველაფერი იქნება არნახულად დიდი რაოდენობით მის ცხოვრებაში. მაგრამ მთავარია, რომ არ დაუშვას შეცდომები და არ აყვეს ზედმეტ ემოციებს. უნდა აკონტროლოს მოქმედებები და სიტყვები, რათა შეცდომები არ დაუშვან და თავის მტრებს საკუთარი თავი არ ჩაუგდოს ხახაში. ეს იქნება ყველაზე რთული პერიოდი მისი პრეზიდენტობის პერიოდის განმავლობაში. სამაგიეროდ, 2020 წელი და შემდგომი პერიოდი მის მიმართ ძალიან კარგად იქნება განწყობილი. ეს ძალიან კარგი წლებია მისთვის და შეიძლება, ბევრი სასიკეთი ცვლილებები შემოიტანოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში", - განაცხადა ცაგარელმა.
ცაგარელის თქმით, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როდესაც მან ზურაბიშვილის პირად ჰოროსკოპზე იმუშავა, გაარკვია, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს საგვარეულო წყევლა ჰყავს.
"მე მას ვთხოვ ერთ რამეს, რომელიც მე თავის დროზე ვერ შემისრულა. ჩაიტაროს კვეთებულის ლოცვები. მრავალი წლის წინ, როდესაც ახალი ჩამოსული იყო საქართველოში, მაშინაც ვთხოვე და ვუთხარი, რომ პირადმა ჰოროსკოპმა გვიჩვენა, რომ მას აქვს საგვარეულო წყევლა. დაბინძურებული აურა მას ძალიან უშლის ხელს სამშობლოში კარიერის გაკეთებაში და უამრავ პრობლემებს უქმნის. მე მაშინაც ვუთხარი, რომ ეს არ ნიშნავს, რომ წინ ვერ წავა, მაგრამ ექნება ძალიან დიდი დაბრკოლებები. მაგრამ თუ ის შვიდჯერ ჩაიტარებს კვეთებულის ლოცვებს, გადასარევი იქნება - მოიხსნის ნეგატიურ ველს და გაანთავისუფლებს სულს ნეგატიური ენერგიებისგან და მაშინ მისი საპრეზიდენტო ასპარეზი, გაცილებით უფრო წარმატებული გახდება და უფრო მეტად შეძლებს თავისი მიზნების განხორციელებას“, - ამბობს ასტროლოგი.
ცაგარელის განმარტებით, შეუძლებელია იმის დადგენა თუ რომელმა წინაპარმა დაუშვა შეცდომა.
"ზურაბიშვილის რომელიღაც წინაპარმა საგვარეულოს, ცუდი საქმე გაუკეთა, დანაშაული ჩაიდინა, დაწყევლეს, რომელიც შემდეგ თაობებზე გადმოდის. რადგან ეს წყევლა მის შორეულ წინაპრებთან არის დაკავშირებული, იმიტომ უშლის ხელს სამშობლოში საქმიანობაში. მტრების ძალა რომ შეასუსტოს, ამისთვის სჭირდება მას კვეთებულის ლოცვები. მით უფრო, რომ გამარჯვების პლანეტა მას ჰყავს ვერძის ზოდიაქოში, ვერძი კი ყველაზე უშიშარი ნიშანია. ამიტომ ის იქნება უშიშარი და კარგი ორგანიზატორული ნიჭის მატარებელი პრეზიდენტი“.
შეიძლება გრიგოლ ვაშაძემ ბევრი სხვა რამ იცის, მაგრამ ასტროლოგია არ იცის. ბევრი ქულები სალომე ზურაბიშვილს სწორედ ვაშაძემ მოახვეჭინა. ამიტომ ნურავის ნუ აბრალებს. გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვების იუპიტერი ჰყავს სასწორის ზოდიაქოში, რომელიც არის სიმბოლო სიმშვიდის, დიპლომატიურობისა და იყო ასეთი გრიგოლ ვაშაძე? - მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ის ძალიან აგრესიული და შემტევი იყო. რამდენადაც შემტევი იყო, იმდენად ასხხამდა წყალს სალომეს გამარჯვების წისქვილზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი ამჟამინდელი ბრძოლა წაგებისთვის არის განწირული.
ცაგარელი განმარტავს, თუ რატომ არის რუსებთან ურთიერთობის დალაგებისთვის ყველაზე კარგი კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილი.
"ზურაბიშვილს მფარველი ანგელოზი ჰყავს მერწყულის ზოდიაქოში, რომელიც რუსეთს განაგებს. ამიტომ ძალიან დიდი ალბათობაა, რომ რუსეთთან ურთიერთობა სასიკეთოდ შეიცვალოს. გახსოვთ ალბათ, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ყველაზე კარგი ურთიერთობა ლავროვთან ვინ დაამყარა, ვინ გააყვანინა რუსული ჯარები საქართველოდან? - სალომემ. სააკაშვილი რომ იჩემებდა. ვინ გააკეთა ეს ყველაფერი? - სალომემ. რადგან მისი მფარველი ანგელოზი რუსეთთან ურთიერთგაგებას ზრდის. მე დიდი ხნის წინ განვაცხადე, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება თუ გვინდა, მოლაპარაკებებზე უნდა გავუშვათ, ან სალომე ზურაბიშვილი ან ლალი მოროშკინა, რომელსაც მფარველი ანგელოზი რუსეთის ზონაში ჰყავს. თვითონ რუსები მოდიან ასეთ ადამიანებთან ურთიერთობაზე და დიდ ყურადღებას უთმობენ მათ, თვითონაც ვერ ხვდებიან, ასე რატომ ხდება. სამყარო აკეთებს ამას. ამიტომ ყველაზე დიდი პოტენციალი რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს, აქვს სალომე ზურაბიშვილს მთელ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. თუ ის კვეთებულის ლოცვებით წყევლას მოიხსნის და აქტიური და ენერგიული იქნება და გამოთქმებს თუ დაუკვირდება, ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მან კარგად იცის საქართველოს კულტურა, იცის, რითიც სუნთქვას ერი. იცის, რა მნიშვნელობა აქვს მისთვის წარსულს და იმედია, დიპლომატიურ ლაფსუსებს აღარ დაუშვებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ის არის, რომ გამოთქმები აკონტროლოს“,- აცხადებს მიხეილ ცაგარელი.