„2 000 ლარის ქვემოთ მქონე ვალდებულებების გარდა, პროგრამა სხვა მოქალაქეებსაც შეეხებათ“

„2 000 ლარის ქვემოთ მქონე ვალდებულებების გარდა, პროგრამა სხვა მოქალაქეებსაც შეეხებათ“

როგორც მოსალოდნელი იყო, სესხების განულების პროგრამისთვის განკუთვნილი ვებ-გვერდის გაშვება 3 დეკემბრისთვის ვერ მოხერხდა. აქედან გამომდინარე უკვე გაჩნდა ეჭვი, რომ ვერც უიმედო კრედიტების ჩამოწერა მოხერხდება წლის ბოლომდე და პროცესი გაჭიანურდება.

არც მთავრობში და არც „ქართუ ფონდში“ ამას არ ადასტურებენ, თუმცა ფაქტია, რომ საკმაოდ დიდი პროექტის განხორციელებემდე 3 კვირაზე ოდნავ მეტი რჩება და ჯერ დაწყებული არაფერი არ არის. კარგი ამბავი მხოლოდ ისაა, რომ სესხების განულებაში მონაწილეობის სურვილი დამატებით 10-მა კომპანია გამოთქვა.

„ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი ამბობს, რომ ე.წ. ვალების განულების პროგრამაზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდიდან დაიხაჯება იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება. ამ დროისთვის მობილიზებული თანხის მოცულობა კი 100 მილიონი ლარია.

„ვებ-გვერდი ტექნიკურად მზადაა, ველოდებით საკრედიტო დაწესებულებებიდან მოვალეთა სიების მოწოდებას. როგორც კი მივიღებთ სიებს, მაშინვე ავსახავთ ვებ-გვერდზე. პროცესი ორმხრივია და მეორე მხრიდან სიების მოწოდების გარეშე შეუძლებელია მათი მოსახლეობისთვის გაცნობა. როგორც კი დაიდება სიები, მაშინვე გავასაჯაროვებთ ვებ-გვერდს. მოქალაქეთა მიერ საკუთარი სახელის გადამოწმება, რა თქმა უნდა, საბანკო საიდუმლოების დაცულობის პრინციპით მოხდება“, - განაცხადა ჩხეტიანმა „ბიემთან“.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიან ადასტურებს, რომ ვებ-გვერდის გაშვება გვიანდება, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ყველაფერი თავის დროსა და ვადებში ჩაეტევა.

„ამ ეტაპზე, შესაძლოა, ვებ-გვერდის გაშვება ოდნავ მართლაც დაგვიანდეს იმის გამო, რომ დაახლოებით, 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია დამატებით ჩაერთო პროექტში და მათი ბაზებიც შესაჯერებელია ერთიან მონაცემებთან. ტექნიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ის მთავარი პრინციპი, რომ ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და ე.წ. „შავი სიიდან“ ამოღებული იქნება 600 000 ადამიანი, არ იცვლება. პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ის ტემპი, რაც საკუთრივ ვალების ჩამოწერას და სიების გასუფთავებას ნიშნავს, დაპირებისამებრ, გაცხადებულ ვადებში ჩაეტევა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა დედაქალაქის მერმაც. კახა კალაძე აცხადებს, რომ 2 000 ლარის ქვემოთ მქონე ვალდებულებების გარდა, პროგრამა სხვა მოქალაქეებსაც შეეხებათ.

„ცხადი იყო, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდნენ ამ ინიციატივის დაკნინებას. არაერთხელ ითქვა, რომ 15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე, 31 დეკემბრამდე უკვე შესაძლებელი იქნება ყველა იმ ადამიანს ჩამოეწეროს დავალიანება, რომელზეც იყო საუბარი. თუმცა, ამით ეს საკითხი არ დასრულებულა. არიან კიდევ სხვა კატეგორიის ადამიანები, ვისაც აქვს ამ მიმართულებით პრობლემები და რაზეც მუშაობს ცენტრალური ხელისუფლება“, - განაცხადა კალაძემ.

ამასობაში დადგინდა ის 10 კომპანია, რომელიც სესხების განულების პროგრამას ორშაბათიდან შეუერთდა: „ვივუსი“, შპს „პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო“, შპს „ფინანსური მონიტორინგის ბიური“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი პლუსი“, შპს „ემას კრედიტი“, შპს „მისტერ ლოუნ.ჯი“, შპს „გრანატ ინვესთმენთ“, შპს კრედიტ ესპერტ ჯორჯია“, შპს „ინფინიტი ჰოლდინგი“, შპს „მოზო“, შპს „ფრენდლი ფაინენს ჯორჯია“, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი“, შპს „მინი სესხი“.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის პროექტის ირგვლივ აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.