საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში შვიდი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა და მოსახლეობამ ხუთი პრეზიდენტი აირჩია.
"2020NEWS“ დაინტერესდა, რომელ პრეზიდენტს რამდენმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
ზვიად გამსახურდია - საქართელოს პირველი პრეზიდენტი - ის 1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 87,03%-ით აირჩიეს. არჩევნებში მონაწილეობა თითქმის 3 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო. უფრო კონკრეტულად კი - 2 978 247 ამომრჩეველმა. "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატს ზვიად გამსახურდიას 2 565 362-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იმით გამოირჩევა, რომ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობამ რეკორდი მოხსნა. საყოველთაო აღწერის მიხედვით, 1989 წელს საქართველოში 5 400 800 ადამიანი ცხოვრობდა და არჩევანი 2 978 247-მა ადამიანმა გამოხატა, რაც მოსახლეობის საერთო ჯამის 82,84% იყო.
ედუარდ შევარდნაძე - საქართველოს მეორე პრეზიდენტი. საქართველოში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 1995 წელს ჩატარდა და სულ 2 139 369 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ამომრჩეველთა აქტივობამ მოსახლეობის საერთო რაოდენობის 68,86% შეადგინა. ედუარდ შეავრდნაძემ საერთო ხმების 74,04% ანუ 1 589 909 ხმა მიიღო.
ედუარდ შევარდნაძემ 2000 წელს მეორე ვადითაც მოირგო პრეზიდენტის სავარძელი და მას 1 870 311-მა ამომრჩეველმა, ანუ 79,04%-მა დაუჭირა მხარი. მონაწილეთა საერთო რაოდენობა - 2 343 176 რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 75,86% იყო.
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში პირველი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2004 წლის 4 იანვარს ჩატარდა. არჩევნებს წინ უსწრებდა "ვარდების რევოლუცია" და ედუარდ შევარდნაძის პოსტიდან გადადგომა.
არჩევნები "ვარდების რევოლუციის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებით დამთავრდა. მან 1 890 739 ხმით გაიმარჯვა, ანუ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 96,24%-მა სწორედ მას დაუჭირა მხარი. 2004 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 1 963 556-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ეს ციფრი, წინა არჩევნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია.
სააკაშვილი მეორე ვადით 2008 წელს, ასევე რიგგარეშე არჩევნებზე აირჩიეს. მან ხმების 53,47% მიიღო, ანუ მხარი სულ 1 060 042-მა ადამიანმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა კი სულ 1 982 318-მა ამომრჩეველმა მიიღო, შესაბამისად, ამომრჩევლის აქტივობა 56,62% იყო.
გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის რიგით მე-4 პრეზიდენტია. 2013 წლის 27 ოქტომბერს რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა საქართველოში. "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 1 012 569 ხმა მიიღო, ანუ მას არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 62,12%-მა დაუჭირა მხარი. აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობა სულ 1 660 976-მა ადამიანმა მიიღო ანუ მოსახლეობის საერთო რაოდენობის 46,95%-მა. ამ არჩევნებზე ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.
და ბოლოს - სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირი წესით საქართველოს მოსახლეობამ ბოლოჯერ აირჩია.
"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა 2018 წლის 28 ნოემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურში 1 147 627 ხმა მიიღო, ანუ მას მხარი ამომრჩეველთა 59,52%-მა დაუჭირა. კენჭისყრაში სულ 1 921 260 ადამიანი მონაწილეობდა, ანუ ამომრჩეველთა აქტივობა 56% იყო.
არჩევნების პირველ ტურში ხმების 50% ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. საკუთარი აზრი სულ 1 637 956-მა ადამიანმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 46,74% შეადგენდა. აქედან სალომე ზურაბიშვილს 38,64%-მა, ანუ 615 572-მა მოქალაქემ დაუჭირა მხარი.