ხათუნა ლაგაზიძე:  “ივანიშვილმა საკადრო რევოლუცია უნდა დაიწყოს...”

ხათუნა ლაგაზიძე: “ივანიშვილმა საკადრო რევოლუცია უნდა დაიწყოს...”

“სააკაშვილმა როდესაც არჩევნების დასრულებისთანავე ჯარსა და სამართალდამცავებს მიმართა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა, ამით მან გაამართლა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო რიტორიკა - სააკაშვილი არა არჩევნებისთვის, არამედ რევოლუციისთვის ემზადებაო. გამოდის, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაშიც სააკაშვილი აუცილებლად ეცდებოდა ჩამოსვლას და აქ რევოლუციური პროცესის დაწყებას... რაც შეეხება დღეს ვითარების გამწვავებას, მე ამას არ ველი რამდენიმე ფაქტორის გამო. ჯერ ერთი, დღეს ქვეყანაში არ არის რევოლუციური მუხტი, მათ შორის - არც იმ 800 000 ადამიანში, ვინც ვაშაძეს დაუჭირა მხარი. ეს გამოჩნდა 2 დეკემბრის აქციაზეც. სააკაშვილს არასოდეს დაავიწყდეს, რომ მილიონზე მეტი ადამიანი მასზე კვლავ გაბრაზებულია“, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილმა საკადრო რევოლუცია უნდა დაიწყოს...” / “სააკაშვილს არასოდეს დაავიწყდეს, რომ მილიონზე მეტი ადამიანი მასზე კვლავ გაბრაზებულია” / “ივანიშვილს საკადრო წმენდა დასჭირდება პარტიაშიც და პარლამენტშიც. ჩემი აზრით, პარლამენტში უფრო იოლი იქნება ე.წ. ტოქსიკური პოლიტიკოსების ჩანაცვლება”.

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესი, რომელიც დღეს “ნაციონალური მოძრაობის” სერიოზული მოწინააღმდეგეა. როდესაც სააკაშვილმა ხაზარაძესა და რუხაძეს შეუტია, ეგონა, ხალხი მადლიერი დარჩებოდა, რადგან ბანკების წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო, მაგრამ ამ მესიჯმა ადრესატამდე ვერ მიაღწია, სამაგიეროდ, ყველა ბიზნესმენმა კარგად დაინახა, რომ ხაზარაძისა და რუხაძის შემდეგ მათი დრო მოვიდოდა და რევოლუციური სცენარის განვითარების შემთხვევაში ისევ ძალისმიერი მეთოდებით დაიწყებდნენ მათგან ფულის ამოღებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით პროცესების რევოლუციური განვითარება ძნელად წარმოსადგენია. საყურადღებოა უცხოეთის ფაქტორიც - არც მსოფლიოშია ვინმე მზად აქ სახელმწიფო გადატრიალების სცენარის მხარდასაჭერად; ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა პირდაპირ მოუწოდა ოპოზიციას არჩევნების შედეგის აღიარებისკენ... ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ პრაგმატული გათვლის გამო - მიღებული მხარდაჭერის მუხტის იმედი აქვთ და ვიდრე ეს ხმები მობილიზებულია, უნდათ, მეტ წარმატებას მიაღწიონ. ხვდებიან, თუ “ოცნება” მოახერხებს რეფორმების დაწყებას და თანაც პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ძალები გამოვლენ, 2020 წლისთვის ეს ხმები ისევ ნაწილ-ნაწილ დაეშლებათ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“პირველი ტურის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო რეალობის სწორად შეფასება, ის გამრუდებული სარკე, რომელშიც ხედავდა დამახინჯებულ რეალობას, დაიმსხვრა და გადაიდგა შექმნილი ვითარების შესაბამისი ნაბიჯები. პირველი გახლავთ ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლიდან ექვსი წლის შემდეგ პირველად შეძლო და მთლიანად გადაფარა საინფორმაციო სივრცე, როგორც სატელევიზიო, ასევე - სოციალური ქსელების. მეორე ნაბიჯით კი აქამდე თავისუფლად მოცურავე საჯარო პირები გააკონტროლეს, ანუ ხელში აიღეს სახელისუფლებო სტრუქტურების კონტროლი, რაც უშუალოდ არჩევნების დღესაც გამოჩნდა. ამ ორი მიმართულების კონტროლი შედეგიანი აღმოჩნდა; წინააღმდეგ შემთხვევაში იყო საფრთხე, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოშლილიყო - საქმე ის არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი პირველ ტურამდეც და მის მერე განსაკუთრებით, ფიქრობდა, საით წასულიყო. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ძალის ცენტრის და არა პრინციპების მიხედვით. ისინი კარგა ხანს ფიქრობდნენ, საით გადაიხრებოდა არჩევნების სასწორი, რომ იქით წასულიყვნენ... როდესაც ვლაპარაკობთ საინფორმაციო სივრცის გადაფარვაზე, ვგულისხმობთ, რომ პიარკამპანია ააგეს მოსახლეობაში სააკაშვილის რევანშის შიშის გაღვივებაზე, რაც ეფექტიანი გამოდგა, ამაში მათ კარგად შეუწყო ხელი მიხეილ სააკაშვილმაც თავისი აგრესიული განცხადებებით. შეიძლება ითქვას, რომ “ქართული ოცნება” და მიხეილ სააკაშვილი ორ ხმაში მღეროდნენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 “მაქვს რამდენიმესვლიანი ფორმულა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს “ქართულმა ოცნებამ”, უფრო სწორად კი, ბიძინა ივანიშვილმა. უპირველესად, ეს არის საკადრო რევოლუცია. ივანიშვილმა უკვე თქვა, რომ ამ მიმართულებით მიდგომების შეცვლას აპირებს და ერთგულების მიხედვით კი არა, პროფესიონალიზმის პრინციპით შეარჩევს კადრებს, მაგრამ ეს ერთ და ორ ადამიანს არ უნდა შეეხოს, ამაში უნდა მოხვდეს გადაწყვეტილების მიმღები პირების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს არ იქნება იოლი... ივანიშვილს საკადრო წმენდა დასჭირდება პარტიაშიც და პარლამენტშიც. ჩემი აზრით, პარლამენტში უფრო იოლი იქნება ე.წ. ტოქსიკური პოლიტიკოსების ჩანაცვლება იმიტომ, რომ ამ უმრავლესობის პირობებშიც კი მოიძებნებიან საინტერესო და საზოგადოებისთვის მისაღები სახეები, რომლებსაც ლიდერებად ჩამოყალიბების საშუალებას აქამდე არ აძლევდნენ, მაგალითად, ლევან კობერიძე, რომან კაკულია და ა.შ. უფრო რთული იქნება ცვლილებები პარტიაში, სადაც თუ უფრო მასობრივ წმენდას დაიწყებს, ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება. ის ადამიანები, ვისაც განზე გასწევენ, ოპოზიციის რიგებს შეემატებიან. ასე რომ, მას არ აქვს იოლი არჩევანის ფუფუნება, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დაიწყოს საკადრო წმენდა და ამაში მას მოკავშირედ ეყოლება საზოგადოების დიდი ნაწილი”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“მეორე ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, არის სახელმწიფოებრივი იდეის შეთავაზება საზოგადოებისთვის. მხოლოდ უფასო ლუკმის ჩადება არ არის საკმარისი. მთავარი კითხვა ასეთია: რატომ გაიზარდა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა რაოდენობა 800 000-მდე? ეს არის “ქართულ ოცნებაზე” გაბრაზებული საპროტესტო ელექტორატი, რომელსაც უნდა, იცოდეს, როგორ სახელმწიფოს აშენებს და სურს, ჰქონდეს ამ მშენებლობაში თანამონაწილეობის განცდა. ეს არის ხალხი, რომელსაც აქტიურობა სურს... მესამე ნაბიჯი უნდა იყოს აგრესიული ანტიკორუფციული კამპანია. ეს პრობლემა რეგიონებში განსაკუთრებულად თვალშისაცემია; რაიონული თუ რეგიონული მასშტაბის მოხელეები უკვე აშკარად სჩადიან კორუფციულ დანაშაულს. რეგიონებში არის განცდა, რომ კომპრომატებით ბრძოლა “ოცნების” ხელწერად იქცა, ანუ ადგილებზე იმიტომ ხუჭავენ კორუფციაზე თვალს, რომ ამგვარი კომპრომატები ამ ადამიანების მართვის კარგი საშუალებაა. კორუფციასთან ბრძოლაშიც საზოგადოების მხარდაჭერა ივანიშვილს გარანტირებული აქვს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ფასადური... ეს არის, რაც, ჩემი აზრით, ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” უნდა გააკეთონ, თუმცა რას გააკეთებენ, ეს სხვა საკითხია. მას შემდეგ, რაც მან მიიღო, ფაქტობრივად, იგივე შედეგი, რაც 2012 წელს, ანუ მილიონ 200 ათას ამომრჩეველს მიაცემინა ხმა, აშკარად ჩნდება ცდუნება, იფიქრონ, 2020 წელსაც ამ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ და ასე მივაღწევთ წარმატებასო”, - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.

“ივანიშვილს აქვს ორი შესაძლებელი გზიდან არჩევის საშუალება და ნებისმიერი გადაწყვეტილება მისი არჩევანი იქნება; თანაც ორივე შემთხვევაში ის დარჩება ძალისა და გავლენის ცენტრად, თუმცა ერთ შემთხვევაში მას მოუწევს საქმიანობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში მადლიერი საზოგადოების გვერდით, მეორე შემთხვევაში კი მის მიმართ უკმაყოფილება მუდმივად გაიზრდება. პირველი არის დათანხმდეს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას 2020 წელსვე, პარალელურად კი ხელი შეუწყოს ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ძალების გამოსვლას. ეს იქნება ქვეყნისთვის ყველაზე კარგი სცენარი. ამ შემთხვევაში მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, თუმცა ამგვარი პარლამენტის პირობებშიც ის იქნება ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა და ძლიერი გავლენის ცენტრი ქვეყანაში. სწორედ მრავალპარტიული პარლამენტი იქნება მისთვის სიმშვიდისა და გავლენის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნების გარანტი. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ივანიშვილმა მიზიდულობის ცენტრის ფუნქცია დაკარგა, ძალიან ცდება. ამ გზით ის გათავისუფლდება "ქართულ ოცნებაში" მუხრუჭად და ბალასტად ქცეული კადრებისგანაც. საფრთხე, რომ “ნაციონალები” მოვლენ უმრავლესობით, არარეალურია, რადგან ის 800 000 ამომრჩეველი, რომელმაც დღეს ხმა ვაშაძეს მისცა, საპარლამენტო არჩევნებისას შეიძლება განახევრდეს: განაწილდება სხვადასხვა პარტიაზე, მათ შორის - ახალ პოლიტიკურ ძალებზეც, თუ მათი ხელშეწყობა მოხდა”, - განმარტავს რესპონდენტი.

“მოგეხსენებათ, ამ არჩევნების შეფასება იყო უაღრესად კრიტიკული. მხოლოდ ევროკავშირის წარმომადგენლის შეფასებას გავიხსენებ, რომელმაც განაცხადა, ის, რაც მოხდა, ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების აღებულ ვალდებულებებსო. მას სიმკაცრით არც სხვების შეფასებები ჩამოუვარდებოდა. ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით “ოცნებას”, ფაქტობრივად, წითელი აუნთეს, რის გათვალისწინებაც აუცილებლად დასჭირდებათ. პროპორციულ წესზე გადასვლა დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯიც იქნება. რაც შეეხება ივანიშვილის შესაძლო გადაწყვეტილების მეორე ვარიანტს, ეს იქნება მცდარი ნაბიჯი. სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი გარემოცვა ყველაფერს გააკეთებს, რათა პროცესი სწორედ მეორე სცენარით განვითარდეს, ანუ 2020 წლისთვის ის არ დათმობს მაჟორიტარულ არჩევნებს, თუ ქვეყნის გარედან უპრეცედენტო მოთხოვნა არ გაჩნდა. ისინი, როგორც უკვე აღვნიშნე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის გამოყენებული ტექნოლოგიებით შეეცდებიან წარმატების მიღწევას, ანუ კარგად დაგეგმილი საინფორმაციო შტურმითა და სახელმწიფო სტრუქტურების კონტროლით. ნამდვილად არის საფრთხე, რომ ეს მეორე სცენარი - იოლი გზა ამჯობინონ - ამას გარემოცვა აუცილებლად ეცდება”, - ამბობს ლაგაზიძე.

“ვნახოთ, რას იზამს ივანიშვილი - თუ ის გადაწყვეტს 2020 წელსვე პროპორციული არჩევნების ჩატარებას, ვფიქრობ, ეს მას ისტორიულ პირად აქცევს და ქვეყანას მისცემს განვითარების ახალ რელსებზე გადასვლის საშუალებას... აქვე აღვნიშნავ, რომ “ქართულ ოცნებას” ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება სწორად დაგეგმილი პიარკამპანია. ქვეყანაში ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ჭაობში ცხოვრობენ, რადგან თუ რამ კეთდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, ამის თაობაზეც ვერაფერს ვიგებდით... არადა, სწორედ კარგად აგებული პიარია ხელისუფლების ვალდებულება, საკუთარ მოქალაქეებს ჩააბაროს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ავირჩიეთ პირველი ქალი პრეზიდენტი, რომლის მიმართ ჩვენში სკეპტიკური დამოკიდებულებაა...” - პასუხობს:

“სალომე ზურაბიშვილი კონფრონტაციული ხასიათითა და ქედმაღლობით გამოირჩევა - მის მიმართ საზოგადოების აგრესიული დამოკიდებულების მიზეზი მეტწილად ესეც იყო, თუმცა ჩემთვის საგულისხმო იყო მეორე ტურის შემდეგ მისი პირველი განცხადება, როდესაც თქვა, რომ მზად არის, მოძებნოს იმ ადამიანებთან მისასვლელი გზები, ვინც მისი მხარდამჭერი არ არის. ეს სწორი გზავნილი იყო. რაც შეეხება ბი-ბი-სის რუსული სამსახურისა და ებრაული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუებს, მის საუბარში აქცენტები სწორად იყო დასმული. ყველაზე მეტად მომეწონა მისი განცხადება - ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთთან დასავლეთის დიალოგის პროცესში საქართველოს ინტერესები არ დაზიანდესო. დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკური ელიტისგან სწორედ რომ არ არის გამორიცხული, ვინმეს საქართველოს ფაქტორის სავაჭროდ გამოყენების სურვილი გაუჩნდეს. რას ველი ზურაბიშვილის პრეზიდენტობისგან? კონკრეტულად რამის თქმა გამიჭირდება, რადგან ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ორი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი: ერთი - 29 ნოემბრამდე, მეორე - 29 ნოემბრიდან მოყოლებული... რომელ გზას აირჩევს, ამას დრო გვიჩვენებს”.