ქართველი ხალხის ყოფილი ხელისუფლებისგან გათავისუფლების კიდევ ერთი მცდელობა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ძვირად დაუჯდა. ამას მოწმობს საპრეზიდენტო არჩევნების ორი ტური და აქციები, სადაც ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.
დააკმაყოფილებს, თუ არა ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნას, ეს, ალბათ, „ქართული ოცნების“ თავდაჯერებულობაზეა დამოკიდებული, კერძოდ - აქვს, თუ არა ხელისუფლებას ამომრჩველის მხარდაჭერის იმედი. თუმცა, თუ საპარლამენტო არჩევნები წესისამებრ 2020 წელს ჩატარდა, რა უნდა მოიმოქმედოს მანამდე ივანიშვილმა, რომ იგივე დღეში არ ჩავარდეს, როგორც დღეს და საერთოდაც, არსებობს კი შანსი „ქართული ოცნების“ რეაბილიტაციის?
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მშვიდი ცხოვრება დასრულდა, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე ცვლილებები პარტიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„მშვიდი ცხოვრება „ქართულ ოცნებას“ აღარ ექნება, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია გაცილებით უფრო აქტიური იქნება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იზრუნოს, მეორე ტურში მიღებული დამატებითი ხმებისთვის, რადგან ეს კატეგორია იმ ამომრჩეველს ეკუთვნოდა, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა უარი. ამიტომ, ეს არის საკმაოდ მყიფე მხარდაჭერა, რომელსაც განმტკიცება სჭირდება და ამისთვის რადიკალური რეფორმების გარატებაა საჭირო.
პიველი რიგში, მგონია, რომ ივანიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაბრუნდეს იქ, საიდანაც ხდება ქვეყნის მართვა, ანუ - პრემიერ-მინისტრის სავარძელში. შემდეგ უნდა მოხდეს მთავრობის სრული რეორგანიზაცია და ამასთანავე, ხელისუფლებას მოუწევს ბრძოლა ორ ფრონტზე, პირველი - ოპოზიციასთან და მეორე - მათ უნდა იზრუნონ იმ დაპირებების შესრულებაზე, რაც მათ გააჟღერეს და რითიც თვლიან, რომ 1 წელიწადში ვითარება გაუმჯობესდება.
არ ველოდები, რომ ვითარება 1 წელიწადში რადიკალურად შეიცვლება, მაგრამ საკმარისი იქნება, თუ გაჩნდება იმედი, რადგან ვერც 1 და ვერც 2 წელიწადში „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს გააკეთოს ის, რაც 6 წლის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა.
დღევენდელი ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ხელისუფლებისთვის წამგებიანია უკვე, რომ ვადამდელ სალპარლამენტო არჩევნებზე წავიდეს, მაგრამ, თუ ოპოზიციამ არ დათმო პოზიცია და ის კონსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ გავიდა, მაშინ სხვა ყველა ვარიანტში ხელისუფლებამ ძალისმიერ მეთოდებზე უარი უნდა თქვას.
მაგალითად, თუ ოპოზიციამ შეძლო და არა მარტო თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო პერმანენტული აქციები, მაშინ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება. ამიტომ ჯობია შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ილაპარაკებენ არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად და დაიწყოს საუბარი იმაზე, თუ როგორ გაუმჯობესდება საარჩევნო კოდექსი, არასამთავრობოების ჩართვით და აი, ამ დიალოგზე შეიძლება ხელისუფლება წავიდეს და უნდა წავიდეს კიდეც, იმიტომ, რომ საარჩევნო კოდექსი უნდა შეიცვალოს, არ ვგულისხმობ მხოლოდ არჩევნების პროპორციული სისტემით შეცვლას, კიდევ არის იქ მთელი რიგი საკითხები.
მგონია, რომ რახან მთელი ოპოზიცია ითხოვს 2020 წლისთვის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ასე უნდა იყოს, რადგან ხელისუფლებას სჭირდება დრო იმისთვის, რომ დაკარგული ამომრჩეველი მოაბრუნოს. აი, ეს არის მისთვის დღეს მნიშვნელოვანი და საპროტესტო აქციებს ამით ჩააცხროს.
ასევე უნდა იქნას გათვლილი სამოქმედო გეგმა და, რაც მთავარია, ყველა ის თემა, რომელიც აქამდე აწუხებს საზოგადოებას, იქნება ეს სარალიძესა და მაჩალიკაშვილთან, იგივე ფარცხალაძესთან და სხვებთან დაკავშირებული პრობლემები. ეს თემები უნდა ამოიწუროს და არა მატო უნდა ამოიწუროს, არამედ რეალურად უნდა დადგეს საკითხი. ყელა საკითხი, რომელიც კითხვის ნიშანს აჩენს, უნდა იქნას სათანადოდ გამოძიებული და სათანადოდ უნდა იქნას მასზე პასუხი გაცემული. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება დაკარგული ამომრჩევლის უკან მობრუნება.
თუ ახალი ძალის ჩამოყალიბებას განვიხილავთ, გეტყვით, რომ ძალიან რთული იქნება „ქართულმა ოცნებამ“ ახალი ძალის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, თვითონ ეგ როგორ უნდა გააკეთოს, მიჭირს ამის დანახვა. არის ერთი ვარიანტი, მაგალითად, განხეთქილება თუ მოხდება თავად უმრავლესობაში, დაახლოებით იმ სცენარს ვგულისხმობ, რაც მოხდა 2001- 2003 წლებში ხელისუფლებაში, როდესაც ახალგაზრდული ფრთა ჟვანია - სააკაშვილის სახით გამოეყო „მოქალაქეთა კავშირს“, მაგრამ ეს სცენარი, რამდენად შესაძლებელი და ვარგისია დღეს, ეს უკვე არ ვიცი. თავად რამდენად შეუძლია „ქართულ ოცნებას“ ვინმეს მოეხმაროს, ამას ვერ ვხედავ.
მესამე ძალის შექმნას ჯობია, თუ ახალი იდეები ექნება „ქართულ ოცნებას“ თავად წამოწიოს და გაუკეთოს რეალიზება. გარდა ამისა შეუძლია თავის რიგებში მოახდინოს გადაადგილება, ვიღაცეების უკან გადაწევა, ანუ რეორგანიზაცია.
მესამე ძალას შეიძლება ორგანიზება გაუკეთონ მედიიდან, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებას აქვს ძალა და უნარი ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების.
დღევანდელი მთავრობის გადარჩენის გზას, პოლიტოლოგი, სოსო ცისკარიშვილი ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირში და ხელისუფლების ოპოზიციასთან თანამშრომლობაში ხედავს. მისი თქმით, აუცილებელია, ოპოზიციამ და „ოცნებამ“ ერთმანეთის ლანძღვა შეწყვიტონ და ქვეყნისთვის სასარგებლო მიზნებისთვის გაერთიანდნენ.
„ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობა, მაგრამ, საქმე იმაშია, რომ თუ ივანიშვილი რუსეთის წინააღმდეგ წავიდა, შესაძლებელია, პუტინმა არც კი მოისაკლისოს ერთი მილიარდერის დაკარგვა.
უნდა ვეცადოთ, რომ საერთო ინტერესი ჩამოყალიბდეს, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციის მხრიდან. დამარცხებისკენ წავა და ჩაქოლილი იქნება ხალხის მიერ ის ძალა, რომელიც მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე იქნება ორიენტირებული და რომელსაც საკუთარ ჰიმნად ექნება მე, მხოლოდ მე და მხოლოდ მე. ეს უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, არ ვგულისხმობ რუსეთის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობოებს და ხელისუფლებისა და ოპოზიციური ძალის წარმომადგენლების მიერ უნდა მოხდეს შეთანხმება, რა ჯობია ქვეყნისთვის და ისე იქნას გადწყვეტილება მიღებული.
ჩვენ შეგვიძლია ახლა დავუსვათ კითხვა „ქართულ ოცნებას“: თქვენ ხართ „ქართული ოცნება“, თუ გადაიქეცით „რუსულ ოცნებად“? ასეთი კითხვის მოსმენა შეიძლება ბრაზის საფუძველი იყოს მათგან, მაგრამ ჩვენ ახლა გვაქვს სამწუხაროდ არა ერთი მიზეზი ასეთი კითხვის დასასმელად, მაგალითად, რატომ დუმს პარლამენტი იმაზე, რომ თურმე ძალიან კარგი იქნება სახელმწიფოსთვის, რომ გავყიდოთ საქართველოს რკინიგზა“.
ანალიტიკოსი აზიკო (ილია) სისვაძე კი ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ოპტიმისტურ მომავალს ვერ ხედავს, რადგან ბოლოდროინდელმა გამომზეურებამ და სატელევიზიო ინტერვიუებმა მისი, როგორც პოლიტიკოსის იმიჯი, კიდევ უფრო შეარყია. მისივე თქმით „ქართული ოცნების“ გაძლიერება შესაძლებელია მხოლოდ გარედან ინტელექტუალური ადამიანების მოზიდვის გზით, თუმცა საეჭვოდ ეჩვენება, რომ ხელისუფლებაში არსებული კრიზისული სიტუაციის, არაჯანსაღი ურთიერთობების და შელახული იმიჯის გამო, ამაზე საღად მოაზროვნე ადამიანები დათანხმდნენ.
„გონივრულ რჩევას ივანიშვილი ვერც გარემოცვისაგან მიიღებს, რადგან თვითონვე მხოლოდ მედროვეები და მლიქვნელები შემოიკრიბა და არა პროფესიონალები. ამდენად, რაც უფრო მეტად გააქტიურდება პოლიტიკურად, მით მეტად ჩაეფლობა ჭაობში. ასევე, ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მან უნდა შეასრულოს 2012 წელს გაცემული დაპირებები, რომლებიც იმდენად არარეალური და აბსურდული იყო, რომ ნებისმიერი უმდიდრესი ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევდა.
მისი ამჟამინდელი საკადრო პოტენციალი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ხოლო თუ 2016 წლის არჩევნებამდე ვინმე ღირსეული ჰყავდა, თვითონვე გააძევა ხელისუფლებიდან. ამდენად, „ქართული ოცნების“ გაძლიერება შესაძლებელია მხოლოდ გარედან ინტელექტუალური ადამიანების მოზიდვის გზით. თუმცა საეჭვოა, რომ ხელისუფლებაში არსებული კრიზისული სიტუაციის, არაჯანსაღი ურთიერთობების და შელახული იმიჯის გამო, ამაზე საღად მოაზროვნე ადამიანები დათანხმდნენ.
იგივე მიზეზების გამო იგი ვერ შეძლებს ახალი ძალის ჩამოყალიბებას - მან ხომ ე. წ. მესამე ძალა თვითონვე დაუნდობლად გაანადგურა. საღად მოაზროვნე პარტიები, თუ პოლტიკოსები ისურვებენ კი ასეთ საეჭვო ექსპერიმენტში მონაწილეობას? ასევე, თუ ახალი ძალის ჩამოყალიბების მიზნით ივანიშვილი აშკარად გაკოტრებულ „ქართულ ოცნებას“ გაემიჯმება, ეს უკანასკნელი მის კიდევ უფრო დაუნდობელ ოპოზიციად იქცევა.
აღნიშნული არგუმეტებიდან გამომდინარე „ოცნების“ რეაბილიტაციის შესაძლებლობები საბლოოდაა ამოწურული. ბატონი ივანიშვილის პოზიციებს კიდევ უფრო შეარყევს ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, რომელიც თავისი არაპროგნოზირებადი და სკანდალური ხასიათის გამო იმდენ პრობლემას შეუქმნის, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დრო სანატრელი გაუხდება.