ეკონომიკა და ბიზნესი დაძაბული პოლიტიკური პროცესების დასრულების მოლოდინშია. მართალია, არჩევნებმა ჩაიარა, მაგრამ ახლა, შესაძლოა, საპროტესტო გამოსვლების ტალღა აგორდეს. ბიზნესმენები სიმშვიდეს ითხოვენ, ხოლო ანალიტიკოსები ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას არ გამორიცხავენ, თუკი კვირიდან მოყოლებული აქციები და დემონსტრაციები აგრესიულ ხასიათს შეიძენს.
„კოკა-კოლა ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის საერთაშორისო იმიჯი უცხოელ ინვესტორებში კიდევ უფრო მეტ ნდობას გააჩენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობა უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების აზრს, მით უფრო უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტის მოსაზრებებიც, რომელსაც საკმაოდ ნორმალური იმიჯი და ავტორიტეტი გააჩნია.
„რაც შეეხება იმას, თუ რას ელოდება ბიზნესი, დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია. საერთოდ, ბიზნესი არასდროს არაფერს არ უნდა ელოდებოდეს, თავისი საქმე უნდა აკეთოს და იმოქმედოს იმ გამოცდილებით და ჭკუით, რომელიც გააჩნია. პირიქით, პრეზიდენტიც ჩვენგან უნდა ელოდებოდეს საქმიანობის გაძლიერებას, სახელმწიფოც ბიზნესზეა დამოკიდებული და ყველა. ჩვენ არ უნდა ველოდებოდეთ არაფერს, უნდა მივდიოდეთ წინ და სახელმწიფო ამაში ტაშს უნდა გვიკრავდეს. მთავარია, იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა“, - აცხადებს ჭყონია.
უძრავი ქონების განვითარებისა და აქტივების მართვის კომპანია „რედიქსის“ დამფუქნებელი ლაშა პაპაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ბიზნესისთვის მთავარია იყოს სიმშვიდე და სტაბილური კურსი. სხვა დანარჩენს ბიზნესი თავად შეძლებს გააკეთოს.
„ევროპის ბიზნესასოციაციის დირექტორი“ დევიდ ლი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას და აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროპული ღირებულებები აქვს.
როგორც ლი აცხადებს, საქართველო დღეს დემოკრატიის, ეკონომიკის განვითარების და რეფორმების პირველი მაგალითია მსოფლიოში.
„ამის გამო, ჩვენი მომავალი ეკონომიკური შესაძლებლობები შესანიშნავია. გარდა ამისა, დიდი სიგნალი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის“, - აღნიშნავს „კომერსანტთან“ დევიდ ლი.
ჯერჯერობით უცხოელი ინვესტორებისთვის სიგნალი ცოტათი დაიგვიანებს, რადგან დაძაბული პოლიტიკური ფონი ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება. 2-თვიანმა წინასაარჩევნო საგიჟეთმა ბიზნესი დააფრთხო, ახლა კი ოპოზიცია მოსალოდნელ აქციებზე და დემონსტრაციებზე საუბრობს. ასეთ პირობებში ინვესტორები, რასაკვირველია, პაუზას გააგრძელებენ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ თუკი აქციებს ექნება პერმანენტული სახე, ეკონომიკაზე უარყოფითი ეფექტი გარდაუვალია. არჩევნებს ეკონომიკა დიდად არ შეუფერხებია, მაგრამ ახლა საფრთხე მატულობს.
„რასაკვირველია, აქციები, საბოტაჟის მაგვარი მუქარა და გამოსვლები ნეგატიურად მოქმედებს როგორც საგარეო ინვესტიციებზე, ასევე ხელის შემშლელი ფაქტორია ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვისაც. ასე რომ, ამგვარ პროცესებს უფრო ნეგატიური შედეგი ექნება (მით უფრო, თუ მიიღებს პერმანენტულ სახეს), ვიდრე არჩევნებს. ეს მხოლოდ ცუდს მოუტანს ქვეყანას. უნდა დავაკვირდეთ რა სიხშირის, რა მასშტაბისა და აგრესიულობის იქნება ოპოზიციის გამოსვლები.
იმ შემთხვევაში, თუ საშიშროება დადგება, რომ ფართომასშტაბიან დემონსტრაციებში გადაიზარდოს ყველაფერი, მაშინ ინვესტორები, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებენ საქართველოში ფულის დაბანდებისგან. ეს კი ეკონომიკაზეც მოახდენს გავლენას“, - აცხადებს ჭარაია.