„რასაც დასთეს, იმას მოიმკი", - კახა კალაძის ამ განცხადების გამო გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თბილისის მერმა „ოცნების" მომხრეებს მისი ოჯახის შევიწროებისკენ მოუწოდა და ძალადობისკენ ამ მოწოდებას ის საერთაშორისო ორგანიზაციებს შეატყობინებს. პლუს, ჩარკვიანი კალაძის თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.
საქმე იმაშია, რომ 1-ელ დეკემბერს თაკო ჩარკვიანსა დი მის ქმარს ქუთაისის აეროპორტში ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი საცემად დაესხნენ თავს და ამ ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე თბილისის საკრებულოს პროტოკოლის სამსახურის უფროსი დავთ მაჭავარიანი აღმოჩნდა.
ამ ფაქტის კომენტირებისას კახა კალაძემ განაცხადა, რომ ძალადობა არავისთვის მისაღები არ არის, თუმცა წინასაარჩევნოდ „რუსთავი 2"-იდან იმდენი აგრესია მოდიოდა, რომ „რასაც დასთეს, იმას მოიმკი" და „ნაციონალებს" შეურაცხყოფა არ უნდა გაუკვირდეთ. კალაძემ ასევე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დავით მაჭავარიანსაც, რომლის მონაწილეობას ამ თავდასხმაში შსს იძიებს.
„რასაც დასთეს, იმას მოიმკი, ხომ იცით ეს გამონათქვამი?! კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, კატეგორიულად მიუღებელია ბულინგი, რასაც გვარამია, ყოფილი გენპროკურორი, აკეთებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ - ემუქრებოდა ჩარეცხვით, იმუქრებოდა ყველას დაგთვლითო, ვინ უნდა დათვალოს გვარამიამ?!" - განაცხადა კალაძემ.
საპასუხოდ თაკო ჩარკვიანმა თქვა, რომ „მერმა პრაქტიკულად მოახდინა შემდგომი ესკალაცია და მოუწოდა დაჯგუფებებს მომავალში ოჯახების შევიწროვებისკენ".
„რა თქმა უნდა, ამას გაგრძელება ექნება და ჩვენ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებს შევატყობინებთ ამ ყველაფერს. ჩემი ოჯახი აღმოჩნდა დიდი მოსალოდნელი დარტყმის ქვეშ, რადგან პრაქტიკულად „გააპრავა" ბოროტმოქმედება დედაქალაქის მოქმედმა მერმა", - თქვა ჩარკვიანმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.
მისი განცხადებით, როგოც განხორციელებულ თავდასხმაზე, ასევე დედაქალაქის მერის განცხადებაზე ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეწოდებათ. ის კალაძის გადადგომას მოითხოვს.
თაკო ჩარკვიანი ასევე ამბობს, რომ მის მიმართ სიტყვიერ თავდასხმაში კალაძის მიერ ნაქები დავით მაჭავარიანი მონაწილეობდა და ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო, რომელმაც მას უთხრა, რომ „ოჯახით საქართველო უნდა დატოვოს".
თბილისის საკრებულო აცხადებს, რომ გავრცელებულ კადრებში, რაც თაკო ჩარკვიანზე თავდასხმის ეპიზოდს ასახავს, ჩანს, რომ მაჭავარიანი თავს არავის დასხმია და ჩხუბში მონაწილეებს აშველებდა. იმავეს ამტკიცებს მაჭავარიანიც.
„თავდასხმაში არ ვმონაწილეობდი. თავის მართლებას არ ვაპირებ. თავი იქით მეორე მხარეს აქვს სამართლებელი. ჩემთვის არც 700-ლარიანი გირაო დაუკისრებიათ, დაჯარიმებულიც არ ვარ. ვაშველებდი. კონფლიქტი ჩემს მეგობრებსა და თაკო ჩარკვიანის თანმხლებ პირებს შორის იყო,"- თქვა მაჭავარიანმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ მოხდა მისი დაკავება, თუ კონფლიქტში არ მონაწილეობდა, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ედავებოდნენ ფაქტს, თითქოს იქ მყოფებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ამ ინციდენტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შსს-ს ცნობით, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს 4 ადამიანი, აქედან ერთი ძალადობაზე, ხოლო სამი - წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით. გამოძიების პირველადი ინფორმაციით თავდასხმა სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა.
შსს-ს ცნობითვე, თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ამ სამი ადამიანიდან კი ერთი დავით მაჭავარიანია. ამ სამიდან 2 მათგანი 700-700 ლარით დააჯარიმეს. დავით მაჭავარიანის მონაწილეობაზე კი მორიგი სასამართლო პროცესი 12 დეკემბერს გაიმართება.