რა ინციდენტი მოხდა ფილარმონიაში - რატომ მოითხოვენ ნაციონალები ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს

რა ინციდენტი მოხდა ფილარმონიაში - რატომ მოითხოვენ ნაციონალები ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს

როგორც ჩანს, სააკაშვილსა და მის საპრეზიდენტო კანდიდატს შორის სერიოზული დაპირისპირება თუ არა, უთანხმოება მაინცაა. ეს არჩევნების მეორე დღეს ფილარმონიაში გამართულ შეხვედრაზეც კარგად გამოჩნდა.

შემთხვევითი არ იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი სწორედ მაშინ რეკავდა სკაიპით, როცა ტრიბუნასთან გრიგოლ ვაშაძესთან იდგა და მომხრეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდა. მას რამდენჯერმე პაუზის გაკეთებაც კი მოუხდა. ბოლოს იკითხა: რა მოხდა, ხალხო? და საუბარი მაინც გააგრძელა.

როგორც ჩანს, იმდენად გაბრაზდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა არ დააანონსა. თქვა, რომ ნიკა მელია გამოვიდოდა ტრიბუნასთან. ნიკას ნაცვლად კი სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე მიშა გამოჩნდა.

ადრე, წლების წინათ, ფილარმონიაში ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე ოპოზიციაში მყოფი სააკაშვილი-ჟვანიას გუნდები. სააკაშვილს ასეთი ჩვევა ჰქონდა, შეხვედრაზე ყოველთვის იგვიანებდა და დარბაზში მხოლოდ მაშინ შედიოდა, როცა ტრიბუნასთან ზურაბ ჟვანია იდგა. დარბაზი ფეხზე დგებოდა და სააკაშვილს ტაშით ეგებებოდა. ამით მას იმის დაფიქსირება უნდოდა, რომ ჟვანიაზე უფრო პოპულარული, გავლენიანი და ძლიერი პოლიტიკოსი იყო.

აქვს მიშას გადაფარვის მანია.

თუმცა, ახლა, როგორც ჩანს, ის გრიგოლ ვაშაძეს ვერ გადაფარავს.

BBC-თან საუბარში გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირება მოახდინა და საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა:

BBC: ბევრი ამბობს, რომ ეს არჩევანი არ იყო თქვენსა და ზურაბიშვილს შორის, არამედ ეს იყო არჩევანი სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის…

გრიგოლ ვაშაძე: ეს პროპაგანდაა, რადგან ყველამ იცის, რომ არჩევანი იყო ჩემსა და ივანიშვილს შორის. სააკაშვილს ჩემს კამპანიასთან საერთო არაფერი აქვს. დიახ, მას ვხედავთ ტელევიზორების ეკრანზე… მაგრამ შეხედეთ ჩემი პროგრამის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს.

ოდესმე გსმენიათ მისგან ისეთი რამ, რაც ემთხვევა ჩემს შეთავაზებებს? სერიოზულად ვამბობ, დამიჯერეთ, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში. არ ვიცი, სამომავლოდ რა შემადგენლობით იქნება „გაერთიანებული ოპოზიცია“, მაგრამ მინდა, რომ შენარჩუნდეს ეს კავშირი, გაფართოებაც კი შეიძლება. პირველი 100 დღის განმავლობაში ამ რეფორმებს განვახორციელებთ.

BBC: მაგრამ თქვენ ხომ საკმაოდ აქტიურად იყენებდით სააკაშვილის ფიგურას თქვენს კამპანიაში…

გრიგოლ ვაშაძე: ხოო? არა, ეს ასე არ არის…

მისი მოსაზრება – ეს ერთი ადამიანის მოსაზრებაა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ჩემთან, ჩემს თანაგუნდელებთან თუ „გაერთიანებულ ოპოზიციასთან“. მაგალითისთვის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება – ეს მისი მოწოდებაა“.

ისტორია თითქმის განმეორდა.

2016 წელსაც მიხეილ სააკაშვილს, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ურჩევდნენ, თავი შეეკავებინა პოლიტიკური აქტიურობისგან, მკვეთრი და რადიკალური განცხადებებისგან, უაზრო დაპირებების გაცემისგან. თუმცა, საქმე გაყრამდე მივიდა, პარტია ორად გაიყო და ბოკერია-უგულავას გუნდმა ცალკე პარტია შექმნა.

ახლაც, ორი წლის შემდეგ უკვე საპრეზიდენტო არჩევნებზე მიშას ნეგატიურ აქტიურობაზე ბევრი საუბარი დაიწყო და სააკაშვილი ისევ საკუთარ გუნდზე გაბრაზდა. სოციალურ ქსელში მან დაწერა: უკაცრავად! მაგის მეხუთედ ხმასაც ვერ ავიღებდით, მე რომ არ გამოვსულიყავი!

„შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება! ზოგი იძახის, სააკაშვილი რომ არ გამოსულიყო, ბევრად უკეთესად იქნებოდა საქმეო. მაგის მეხუთედ ხმასაც ვერ ავიღებდით, მე რომ არ გამოვსულიყავი, უკაცრავად“.

„გია ვაშაძეს სხვანაირად უნდა ეტარებინა კამპანიაო. გია ვაშაძე იყო უმაგრესი კანდიდატი, ძალიან მაგარი. გია ვაშაძე აიღებდა ხმებს, მე არ მინდა, ისე გამომივიდეს, რომ გია ვაშაძე ვერ აიღებდა ხმებს, მაგრამ ამდენი იმიტომ ავიღეთ, რომ ყველამ ვიმუშავეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ“. – განაცხადა სააკაშვილმა.

რით დასრულდება სააკაშვილი-ვაშაძის კონფლიქტი, ჯერ უცნობია. როგორც ჩანს, განხეთქილება მაშინ დაიწყო, როცა სააკაშვილმა წაგების შემდეგ რადიკალური განცხადება გააკეთა და ყველას მოუწოდა:

1. არჩევნების შედეგების ბოიკოტირება:

„ეს არ იყო და არ არის ლეგიტიმური არჩევნები. მე არასდროს არ ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილს. დღევანდელი დღიდან, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლეგიტიმური მმართველი საქართველოსი. მე არ ვაღიარებ და მოგიწოდებთ ფართო საზოგადოებას, არ აღიაროთ ამ არჩევნების შედეგები“.

და 2. დაუმორჩილებლობა:

 „ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, შედეგი იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, ჯარს, გაემიჯნოს კრიმინალურ-მაფიოზურ ბანდას. მოგიწოდებთ თქვენ, აიღოთ საქართველოს გადარჩენა საკუთარ ხელში“.

გრიგოლ ვაშაძემ პირველი გაიზიარა, მეორე – არა. ფილარმონიაში შეკრებილ მომხრეებს მან უთხრა:

„საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს. რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, ის ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და ამ უსულო საგნის მიმართ, არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ გვაქვს“.

მოგვიანებით კი უკვე BBC-თან საუბარში აღნიშნა:

„კანდიდატი იყო ბიძინა ივანიშვილი. ზურაბიშვილი არავინაა. რაიმე გაგიგიათ ჩვენი ე.წ. კანდიდატისგან? ან რაიმე სოციალური, პოლიტიკური ან ეკონომიკური პრობლემის განხილვა? რამდენი პრობლემა გვაქვს. და შემოგვთავაზეს ქალი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, ქვეყანაში რა ხდება“

ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას არ ცნობს, აქ ის სააკაშვილის შეხედულებას იზიარებს, თუმცა, დაუმორჩილებლობაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, რევოლუციას ნიშნავს სააკაშვილისთვის, ვაშაძე უარს ამბობს.  ექსპერტების შეფასებით, ეს გასაგებია, ნაციონალებს ახლა საამისოდ რესურსი არ აქვთ.

ამიტომაც ერთი დესტრუქციული, მაგრამ პროვოკაციული იდეა ჩაანაცვლეს სხვა მხოლოდ დესტრუქციული იდეით და ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს. 

„მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს; მოვითხოვთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული და პროპორციულ-რეგიონალური პრინციპით; მოვითხოვთ, რომ საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთელი ექსპერტების მიერ; მოვითხოვთ, რომ „ქურდული ოცნების“ მიერ გაგონებულ იქნას ხალხის ხმა... გააგონეთ თქვენი ხმა!“ – მიმართა ფილარმონიაში შეკრებილ ხალხს გრიგოლ ვაშაძემ.

თუმცა, ვადამდელ არჩევნებს გრიგოლ ვაშაძე ჯერ კიდევ საპრეზიდენტო მარათონზე აანონსებდა. ეს იყო მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი.

გია ხუხაშვილის განმარტებით, ნაციონალებს ელექტორატის შენარჩუნების საკითხი მწვავედ უდგათ, ამიტომაც ისინი შეეცდებიან, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიაღწიონ:

– რამდენიმე მიზეზი არსებობს, პირველ რიგში ელექტორატის შენარჩუნების ინტერესია... ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ ვადამდელი არჩევნები აწყობს, რადგანაც 2020-მდე ამ ელექტორატის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ. „ქართული ოცნება“ კი ხმების იმ რაოდენობას, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე მიიღო, ვერ მიიღებს. მისი ამომრჩეველი რამდენიმე სეგმენტისგან შედგებოდა. ეს იყვნენ პატრიოტები, საბანკო თემით დაინტერესებული ფენა და, ასევე, ანტიმიშას განწყობების მქონე ადამიანები. საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში ეს სეგმენტი პარტია „ქართულ ოცნებას“ აღარ დაემატება. შესაბამისად, ნაციონალებს გამარჯვების დიდი შანსი აქვთ. მართალია, ეს შანსი მას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემს, რადგანაც „ოცნება“ კოალიციას გააკეთებს სხვადასხვა პარტიებთან და აღმასრულებელ ხელისუფლებას დააკომპლექტებს, თუმცა, რაოდენობრივად ნაციონალები უფრო მეტ ადგილს დაიკავებენ პარლამენტში.

სამაგიეროდ, არ ეჩქარება „ევროპულ საქართველოს“, მას დრო სჭირდება მარცხის შემდეგ პოზიციების გასამყარებლად. არ ეჩქარებათ მათ, ვინც მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა დააანონსა. არ ეჩქარებათ პრორუსულ პარტიებსაც. ყველაზე კარგ პოლიტიკურ ფორმაში, ისე ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ახლა ის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზად არის და ამისთვის ყველაფერი აწყობილი აქვს.