ამერიკელ მკვლევარს, ლინკოლნ მიტჩელს "კვირის პალიტრა" არჩევნების შედეგებზე, ოპოზიციის პროტესტსა და ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილის როლზე ესაუბრა.
- როგორ ფიქრობთ, არჩევნებში დაფიქსირებულმა ხარვეზებმა მოახდინა თუ არა გავლენა საბოლოო შედეგზე?
- ხელისუფლებამ უნდა გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი - გახადოს უფრო თავისუფალი და სამართლიანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისა და დემოკრატიული პროცესების კონსოლიდირებისთვის.
ვიდრე ეს არ მოხდება, არჩევნების შედეგებს ვიღაც ყოველთვის დააყენებს ეჭვქვეშ. ზოგჯერ რთულია განსაზღვრა, რა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე დარღვევებმა. თუ ერთი
ამომრჩეველი ორჯერ აძლევს ხმას, იოლია დანახვა, რომ ერთი ხმა არაკანონიერია, მაგრამ თუ ხელისუფლება ამომრჩეველს აშინებს, ძალიან რთულია გარკვევა, რამდენი ხმა იყო შეცვლილი...
არ ვამტკიცებ, რომ მასობრივი გაყალბება მოხდა, თუმცა, ნებისმიერი დარღვევა პრობლემაა, მიუხედავად იმისა, მოახდინა თუ არა მან გავლენა შედეგზე. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ საბოლოო შედეგით კანდიდატებს შორის დიდი სხვაობა აღმოჩნდა. "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგე ძალები ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანდნენ და მან გაიმარჯვა. ამ შემთხვევაში არა მგონია, საარჩევნო დარღვევებს საბოლოო შედეგი შეეცვალა. ამასთან, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისეთი კლიმატი შექმნა, რომ როგორც უნდა ჩატარებულიყო არჩევნები, მათი მხარდამჭერები მაინც განაცხადებდნენ, რომ ეს არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა. ამის ერთ-ერთი მაგალითია მტკიცება, თითქოს ხელისუფლება ყალბ პირადობის მოწმობებს ამზადებდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მცდარი ინფორმაცია იყო.
- როგორ შეაფასებთ გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არ ცნოს არჩევნების შედეგები, ან სააკაშვილის განცხადებას დაუმორჩილებლობის შესახებ? მოინდომებს თუ არა ოპოზიცია რევოლუციური სცენარით მოქმედებას და აქვს თუ არა ამის რესურსი?
- გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილება, არ ცნოს არჩევნების შედეგები, გასაკვირი არ არის - ისინი საარჩევნო პროცესის დროს აცხადებდნენ, რომ დამარცხების შემთხვევაში სწორედ ასე მოიქცეოდნენ, თუმცა, მათი უფლებაა, მშვიდობიანად გააპროტესტონ შედეგი და არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადონ, რაც სურთ.
ეს არის მთავარი მიზეზი გრიგოლ ვაშაძის დამარცხების და მის დამარცხებაში სააკაშვილის როლი უმთავრესია. "ნაციონალური მოძრაობისთვის" ის თავსატეხია, თუმცა მისი მხარდამჭერების წყალობით "ნაცმოძრაობა" ქვეყანაში კვლავ მეორე მსხვილ პოლიტიკურ ძალად რჩება.
სწორედ ამიტომ გავიდა ვაშაძე მეორე ტურში და იოლად დაამარცხა ოპოზიციის სხვა კანდიდატები. მაგრამ სააკაშვილთან ასოცირება ზღუდავს "ნაციონალების" შესაძლებლობას, გასცდნენ ამ ბაზისს, რადგან საზოგადოების უმრავლესობა სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას მძიმე ფაქტად მიიჩნევს. სააკაშვილი რომ კარგი სტრატეგი იყოს და სურდეს "ქართული ოცნების" მოშორება, ერთი წლის განმავლობაში მაინც გაჩუმდებოდა და მესამე ძალის გამოჩენას შეუწყობდა ხელს, თუმცა მისი ეგო და მცდარი რწმენა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდება, ამას შეუძლებელს ხდის...
- თქვენი აზრით, რა მესიჯები მიიღო ხელისუფლებამ ამ არჩევნებიდან და სამომავლოდ როგორ უნდა იმოქმედონ?
- "ქართულმა ოცნებამ" ამ არჩევნებით რამდენიმე გაკვეთილი უნდა ისწავლოს.
პირველი - საქართველოში დღეს არსებული ძლიერი ოპოზიციური ძალა ხელისუფლების საწინააღმდეგოა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნებს არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან ან ხედვებთან, არამედ ხელისუფლების ფუნდამენტურ ლეგიტიმურობასთან. ვინაიდან ქართველების უმეტესობა ხელისუფლებას ლეგიტიმურად მიიჩნევს, "ქართული ოცნება" არჩევნებში კვლავ იმარჯვებს, თუმცა ეს დინამიკა სახელმწიფო მოწყობისა და ქვეყნისთვის კარგი არ არის.
მეორე - "ქართული ოცნება" სააკაშვილის მადლობელი უნდა იყოს, რომ ის აქტიურობს და ქართველებს აშინებს; უნდა გააცნობიეროს, რომ სწორედ ამან მოუტანა სარგებელი და ძალისხმევა გააორმაგოს, რათა აღმოფხვრას კორუფცია, დააჩქაროს რეფორმები და თაAვისი მიღწევების გასაცნობად უფრო აქტიური ურთიერთობა დაამყაროს ქართველ ხალხთან. ეს მხოლოდ საარჩევნოდ არ უნდა ხდებოდეს...
- წინასაარჩევნო კამპანიისას "ნაცმოძრაობა" სალომე ზურაბიშვილს პრორუსულ კანდიდატად წარმოაჩენდა, თუმცა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ერთმნიშვნელოვნად პროდასავლური მესიჯები გააჟღერა: "ვიდრე რუსეთი ისე იქცევა, როგორც ახლა, არა მგონია, ჩვენ შევძლოთ პირდაპირ თანამშრომლობაზე გადასვლა"; "რუსეთის აგრესიული განწყობის გათვალისწინებით, შეუძლებელია მასთან მარტო დარჩენა"; "ქართველი ხალხი ხედავს, რომ უსაფრთხოების იმ დონეს, რომელსაც ნატო უზრუნველყოფს, ალტერნატივა არა აქვს". როგორ შეაფასებდით ზურაბიშვილის ამ მოსაზრებებს?
- სალომე ზურაბიშვილს არ აქვს პრორუსული განწყობა და არც არასოდეს ჰქონია. მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება, პრორუსის იარლიყს აწებებენ, ამიტომ მათ ბრალდებებს მნიშვნელობა არ აქვს.