„სამწუხაროა, როდესაც მთავარსარდლის კანდიდატურა ჯარისგან მხარდაჭერილი არ არის“

„სამწუხაროა, როდესაც მთავარსარდლის კანდიდატურა ჯარისგან მხარდაჭერილი არ არის“

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და 16 დეკემბრამდე აძლევს ვადას იმისათვის, რომ შექმნას სამუშაო ჯგუფი. კერძოდ, ხუთი ადამიანის შემადგენლობით, სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, ცივილიზებულად, კონსტიტუციურად, ევროპულად იმსჯელონ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე.

ოპოზიციის ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო წესით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოუკიდებული მათი შემდგომი ნაბიჯები. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ხელისუფლებით უკმაყოფილობის ხარისხი ბევრად დიდია, მაგრამ ოპოზიციის მოთხოვნა ლოგიკას მოკლებულია.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. თავისთავად ჩნდება კითხვა, თუკი არჩვენების ლეგიტიმაციას არ ცნობ, მაშინ ვადამდელ არჩევნებს რატომ ითხოვ და რატომ არა არჩევნების შედეგების გაუქმებას? რა გზას ირჩევსნაციონალური მოძრაობა?

რამაზ საყვარელიძე: თქვენ ლოგიკური საფუძველი გინდათ დაინახოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნაში?

ძნელია ამ მოთხოვნაში ლოგიკა დაინახო?

– რა თქმა უნდა. ამ მოთხოვნაში ლოგიკური არა, მაგრამ პოლიტიკური საფუძველი ნამდვილად არის. კერძოდ, რადგან აღმოაჩინეს, რომ მომხრეები ჰყავთ და ბევრი, შეიძლება უფრო შთამბეჭდავი წარმომადგენლობა ჰქონდეთ პარლამენტში. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა „ქართული ოცნების“ პოპულარობა დაბალია. მაგათმა ლიდერმა სააკაშვილმა მოუწოდა დაუმორჩილებლობის გამოცხადებისკენ, მაგრამ ამ პროტესტს ხომ უნდა ჰქონდეს თავისი ფორმა და მოტივი? ამიტომ, რაღაცა ხომ უნდა მოითხოვონ! ასრულებენ ცალკე მიშას დანაბარებს, ცალკე ისეთ რამეს ითხოვენ, რომელიც შეიძლება მათთვის სახეირო იყოს - ოღონდ თუ ჩატარდება არჩევნები და ვერ მიიღებენ იმ შედეგებს, როგორიც თვითონ უნდათ, იმ არჩევნებსაც გამოუცახდებენ უნდობლობას. ძალიან მარტივი ჩანაფიქრია.

700 ათასი ამომრჩეველი ბევრად მეტია, ვიდრე ეს იყო 2012 წელს და თუნდაც შემდეგ არჩევნებში. გასაგებია, რომ მოსახლეობა სამართლიანად არის გაბრაზებული ხელისუფლებაზე და ამ მიზეზებზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ეს 700 ათასი ამომრჩეველი ყველანაციონალური მოძრაობისამომრჩეველია, ხელისუფლებაზე გაბრაზების ფონზე ასე გაიზარდა მათი ამომრჩევლების რიცხვი?

– მეეჭვება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ასე გაზრდილიყო. საჯარო დისკუსიებში და პირადი მსჯელობის დროს, იმ ადამიანს, რომელიც ამბობდა, რომ ვაშაძეს აძლევს ხმას, როცა ეკითხებოდი ამ ნაბიჯის მოტივს, როგორც წესი, მოტივად სახელდებოდა – „ოცნების“ მიერ დაშვებული შეცდომები. ანუ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კანდიდატს რაღაცა პლუსები აქვს და იმიტომ ვაძლევ ხმას - ეს არ იყო მოტივი - არამედ „ოცნებით“ უკმაყოფილება - ეს იყო არსებითი მიზეზი იმისა, რომ ხმას აძლევდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ, თქვენი კითხვის საპასუხოდ მინდა ვთქვა, რომ ეს 700 ათასი მათი ამომრჩეველი არ არის, „ოცნების“ გადამრჩეველი ხალხია, ვინც ირჩევს „ნაციონალურ მოძრაობას“.

პრეზიდენტის არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ოპოზიციის კანდიდატმა რამდენიმე დიდ ქალაქში გაიმარჯვა, მათ შორის საზღვარგარეთ ყველა უბანში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ გაიმარჯვა ავღანეთში. როგორ ფიქრობთ, რამდენად მძიმე ჩავარდნაა ხელისუფლებისთვის, როდესაც მის კანდიდატს, ან მთავარსარდალს მხარს არ უჭერს შეიარაღებული ძალები?

– სამწუხარო ფაქტია, როდესაც ხელისუფლების მიერ წამოყენებული მთავარსარდლის კანდიდატურა ჯარისგან მხარდაჭერილი არ არის. გასარკვევია რამ ითამაშა როლი, რა მოხდა, რა იყო თავდაცვის სამინისტროს ფუნქცია ამ ყველაფერში და ა.შ. ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც უნდა გაარკვიოს ხელისუფლებამ და უნდა იცოდეს რა გახდა ჯარის უარის მოტივი. უნდა ეცადოს, რომ დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები, რომ შეიარაღებული ძალები არ იყვნენ ნაწყენი ხელისუფლებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

როგორ ფიქრობთ, ამას მოახერხებს თავდაცვის სამინისტრო?

– არ ვიცი, რთული საკითხია. მაგრამ ეს მოვლენა, რომ თავდაცვის სამინისტროს უყურადღებობის შედეგია, ფაქტია. პრინიციპში, პრეზიდენტის არჩევნებმა აჩვენა მთელი ხელისუფლების მეტ–ნაკლები ჩავარდნა. ამ ხელისუფლების ბედად ნაციონალები არიან ალტერნატივა, თორემ ხელისუფლებით უკმაყოფილობის ხარისხი, რომ ბევრად დიდია, ეს ყველაფერში ჩანს.

არის ასეთი მოსაზრებაც, რომ უმჯობესია ხელისუფლება წავიდეს ვადამდელ არჩევნებზე, რადგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლებელია,ქართულმა ოცნებამკიდევ მეტი ამომრჩეველი დაკარგოს. 2012 წლის შემდეგ ნელნელა კარგავს ამომრჩეველს და პრეზიდენტის არჩევნები ამის დასტური იყო. როგორ ფიქრობთ, 2020 წლის არჩევნებზე შეიძლება ბევრად მეტი ამომრჩეველი დაკარგოს ხელისუფლებამ?

– შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველი, ნაწილობრივ, დაკარგულიც არის. ვგულისხმობ ხელისუფლების ტიპურ ამომრჩეველს. დავაჯამაოთ 50%, რომელიც პირველ ტურში არ მივიდა, ეს იყო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, რომელმაც პრაქტიკულად, უარი თქვა „ქართულ ოცნებაზე“. ეს ნახევარი მოსახლეობაა. დარჩენილი ნახევრის ნახევარმა ხმა მისცა ოპოზიციას. ძალიან მძიმე სურათი იხატება. ეს იყო პრეზიდენტის არჩევნები და საპარლამენტო არჩევნებში ასეთი ალტერნატივა არ არის, ამომრჩეველს შეუძლია ყველა პარტიას მისცეს ხმა.

ის, რომ ალტერნატივა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და თუ არ აირჩევ „ოცნებას“, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობა“ შეგრჩება ხელში, საპარლამენტო არჩევნებში ამ ხერხმა შეიძლება არ იმოქმედოს, იმიტომ, რომ სხვა პარტიებს მისცმენ ხმას და რაოდენობა გაიშლება. თუ დღევანდელი პირობებით ვილაპარაკებთ, მაშინ ხელისუფლებისთვის ეს ვარიანტი წამგებიანია.

ის, რომ ალტერნატივა არისნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ხელისუფლების მთავარი ბრალეულობა? სამართლიანობის აღდგენის პრობლემა ისევ დგას, ადამიანებმა სამართალი ვერ იპოვეს. გასაგებია, რომ სისტემას არ მოუკლავს დათო სარალიძე, მაგრამ სისტემამ ხელი დააფარა დამნაშავეებს და დღესნაციონალურ მოძრაობასმძევლად ჰყავს აყვანილი მამა, რომელიც ითხოვს მკვლელების დასჯას. არის პრობლემები და შეცდომები, რომელიც ამ ხელისუფლებამ გაიმეორა...

– აბსოლუტურად გეთანხმებით. ამ ხელისუფლების ბრალია რაც ხდება, რადგან ამ ხელისუფლებას თუნდაც მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა რომ მოეხერხებინა, შემდეგ უკვე ეკონომიკურ თემებზე მის მიმართ ასეთი მწარე რეაქცია არ იქნებოდა. ეკონომიკაზე და სოციალურ საკითხებზე ასეთი რეაქცია იმიტომ არის გადატანილი, რომ ისიც არ გაკეთდა და თან სიღარების ზღვარი იზრდება. გამოდის, რომ ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა. არაფრის კეთებას დიდი აღფრთოვანებით არ ხვდება ხოლმე ადამიანი.

პირველი და მეორე ტურის შედეგები რამდენად საყურადღებო და გასათვალისწინებელია ამ ხელისუფლებისთვის? შეიძლება ეს არჩვნები ჩაითვალოსქართული ოცნებისგამარჯვებად, თუ იმ ადამიანების გამარჯვებად, რომლებიც გაბრაზებული არიან როგორც ხელისუფლებაზე, ასევენაციონალურ მოძრაობაზე“, რომლებმაც არ დაუშვეს ყოფილი ხელისუფლების დაბრუნება, მაგრამ ამ ამომრჩეველს შეუძლია მმართველობიდან გაუშვას ხელისუფლება, ეს ფაქტორი გამოჩნდა პრეზიდენტის არჩევნებში?

– ივანიშვილიდან დაწყებული ყველა ხაზს უსვამს, რომ არჩევნების შედეგების ძირითადი ავტორი გახლავთ მისი უდიდებულესობა ხალხი. ივანიშვილმაც კი, თავის თავზე და პარტიაზე არ ილაპარაკა, სამადლობელი სიტყვით მიმართა საზოგადოებას. იგივე პათოსით გააგრძელა ყველა შემფასებელმა და ამ შემთხვევაში, ეს არის ხალხი. გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, რომელიც ვერაფერს ვერ ხვდება. ვერ ხვდება იმას, ხალხის დიდ ნაწილს მისი ძალაუფლებაში ყოფნა არ სურს.

რამდენად რთულ ვითარებაშია ხელისუფლება, თუნდაც იმიტომ, რომ ოპოზიცია ნელნელა იწყებს საპროტესტო ფონის შექმნას?

– ვფიქრობ, ეს საპროტესტო ფონი ხელისუფლებისთვის უფრო ხელსაყრელიც არის, როგორც ბევრი რამ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი აგრესიულობით აკეთებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ხელუსუფლების მდგომარება საშური ნამდვილად არ არის.