იოგურტი, კანფეტები, სპირტიანი და გაზიანი სასმელები, შეფერილი ტკბილეული, ნაყინი, - ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც კარმინს, ანუ წითელი ფერის ბუნებრივ საღებავს იყენებენ. კარმინი, იგივე კოშენილის ექსტრაქტი, (Natural red 4, CI75470, E120, კარმინის მჟავა) არის მკვეთრი ფერის პიგმენტი, რომელიც მიიღება პარაზიტი ხოჭო კოშენილის ექსტრაქტის ქიმიური დამუშავებით.
კარმინს შესაფერად იყენებენ კვების მრეწველობაში, კანფეტებში, იოგურტში, ჯემებში, შეფერილი ხორცის ნაწარმში (ძეხვი, სოსისი, მათ შორის, სამარხვო ძეხვშიც), გაზიან და სპირტიან სასმელებში, ზოგიერთ „ნატურალურ წვენში“. საქმე ისაა, რომ კარმინის მჟავა წყალში კარგად იხსნება და კარგად ღებავს ნაჭრის ქსოვილს, იყენებენ კოსმეტიკაშიც, თმისა და თავის მოვლის საშუალებებშიც. ასევე, ჰისტოლოგიაში-პრეპარატის შესაღებად, მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებებისთვის ფერის მისაცემად. სხვათა შორის, ამ საღებავს ხანმოკლე ისტორია როდი აქვს. მას იყენებდნენ მე-17 საუკუნეშიც ბამბისა და შალის ქსოვილის შესაღებად.
კოშენილის ხოჭოები კაქტუსზე ცხოვრობენ და მისი წვენით იკვებებიან. მის ექსპორტიორ ქვეყნებს დიდ ტერიტორიაზე ფერმები აქვთ გაშენებული ამ ხოჭოს მოსამრავლებლად. 2006 წლის მონაცემებით, მარტო პერუმ ექსპორტზე გაიტანა 200 ტონა კოშენილის ხოჭო, კანარის კუნძულებიდან 20 ტონა გავიდა, ბოლო დროს ჩილემ და მექსიკამაც დაიწყეს კოშენილის ექსპორტი. საფრანგეთი, იაპონია, იტალია და სხვა ქვეყნები ახდენენ კოშენილის იმპორტს და დამუშავების შემდეგ საღებავად გააქვთ სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ვეგეტარიანელები და ცალკეული რელიგიური ჯგუფები, განსაკუთრებით, მარხვის დროს უარს ამბობენ იმ ნაწარმზე, რომელშიც ამ საღებავს იყენებენ.
კარმინის შემცველმა საკვებმა, მედიკამენტებმა და კოსმეტიკურმა საღებავებმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ალერგიული რეაქციები. ითვლება, რომ ის არ არის მავნე ნივთიერება და შეიძლება მისი მოხმარება საკვებ მრეწველობაში, რაც ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში არ არის აკრძალული. თუმცა ევროპის კომისიის მოთხოვნით, E120-ის ნაცვლად პროდუქტებზე აუცილებლად უნდა ეწეროს „კარმინი“, ან „კოშენილის ექსტრაქტი“ მშობლიურ ენაზე. ასე რომ, საზღვარგარეთ ან საქართველოში ნაწარმოებ პროდუქციაში შეიძლება თავისუფლად აღმოაჩინოთ კარმინი. კარმინის მჟავა აღინიშნება ნიშნით E120.
ზოგადად, კარმინის მჟავას გამოიმუშავებენ მწერები, რათა მათზე მონადირე ცხოველები მოიგერიონ, თუმცა ეს მჟავა ადამიანს საერთოდ არ სჭირდება. იმისთვის, რომ მიიღონ 0,5 კგ საღებავი, 70 ათას მწერს კლავენ, აქცევენ სპირტად და იყენებენ პროდუქტებში. კარმინის მჟავა გავლენას ახდენს ასთმის, დიარეის და მრავალი პრობლემის განვითარებაზე.
საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი როსტომ გაფრინდაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზოგიერთი საკვები დანამატი საზიანოა, ზოგი კი სულაც არ არის საზიანო. მაგალითად, არასაზიანო საკვები დანამატია ძმარი, შაქარი, მაგრამ, სამწუხაროდ, საკვები დანამატია ათასნაირი საღებავიც, თუნდაც ინდიგოკარმინი, რაც საზიანოა.
მისივე განმარტებით, ზოგადად, საკვებ დანამატებს ხელაღებით არ იყენებენ, ამისთვის სპეციალური გამოკვლევები ტარდება და შესაბამისი კომისია მათი გამოყენების უფლებას იძლევა. თუკი დანამატების დოზა დაცულია, მაშინ ის არ არის საზიანო, მაგრამ ხშირად ამ დანამატებს იყენებენ საკვების შესანიღბად, ფალსიფიკაციისთვის, რათა საკვებს ისეთი თვისებები მიანიჭონ, რაც მას არ აქვს. ასეთ შემთხვევაში, საკვები საზინოა.
რაც შეეხება კარმინის მჟავას და კონკრეტულად კოშენილის ხოჭოს, როსტომ გაფრინდაშვილი თვლის, რომ ეს არ არის მავნებელი, მაგრამ, სამაგიეროდ, მავნებელია ამარანტი, რომელსაც წითელი საღებავის მაგივრად იყენებენ. ამარანტი ქიმიური საშუალებაა, მას ბუნებრივი საშუალებითაც იღებენ, მაგრამ ბუნებრივი ძვირი და იშვიათია, ამიტომ უპირატესობას ხელოვნურ საღებავებს ანიჭებენ. ხელოვნური საღებავი კი მავნებელია. თორემ ისე, წითელი ღვინოც წითელ ფერს იძლევა და ჭარხალიც, მაგრამ ისინი არ არის მავნებელი.
„კოშენილისგან მიღებული საღებავი, თუკი დოზები დაცულ იქნება, პირადად მე მავნებლად არ მიმაჩნია. თუმცა არ არის სასიამოვნო, რომ ხოჭოსგან მიღებული ექსტრაქტის მიღება გვიწევს. ამიტომ სასურველია მოვერიდოთ ისეთ პროდუქტს, რომელსაც აწერია კარმინის მჟავა. უნდა ვერიდოთ ყველაფერ ზედმეტს, რაც კონკრეტულ პროდუქტს შემადგენლობაში უშუალოდ არ აქვს. როგორც ვიცი, კოშენილისგან მიღებული საღებავი ძირითადად ეგვიპტიდან შემოდიოდა. მცირე რაოდენობით ხოჭო არაა საკმარისი ამ საღებავის მისაღებად, არამედ 150 ათასი კოშენილის ხოჭოა საჭირო 1 კილოგრამი საღებავის დასამზადებლად. თანაც, დედალი ხოჭოები უნდა იყოს“, - აცხადებს როსტომ გაფრინდაშვილი.