წლის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ციფრული ვალუტების ინდუსტრიას უკავშირდება. ამ კუთხით მთელი მსოფლიო ზარალს ითვლის და გამონაკლისი არც საქართველოა. იანვრიდან მოყოლებული ბიტკოინის ღირებულება 15 000 დოლარით შემცირდა და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ტენდენცია კიდევ გაგრძელდება.
ციფრული მონეტების სამყაროში დაღმავალი ტენდენცია კვლავ გრძელდება - გასული 24 საათის განმავლობაში, საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი 100 კრიპტოვალუტიდან 64-ის ღირებულება კვლავ გაუფასურდა, რასაც რამდენიმედღიანი ვარდნა უძღოდა წინ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაწყებული მცირეხნიანი აღმასვლა მხოლოდ დროებითი მოვლენა აღმოჩნდა და 2018 წლის ბოლოსკენ კრიპტოვალუტების ფასის გამყარებასთან დაკავშირებული მოლოდინები არ გამართლდა.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა ბოლო პერიოდის განმავლობაში კატასტროფას განიცდის, მისი „მომპოვებლები“ კი დიდი ფინანსურ დანაკარგის წინაშე დგანან. შარშან დეკემბერში 1 ბიტკოინის ღირებულება 20000 დოლარს აღწევდა, იანვარში - 19 000 დოლარს, დღეს კი მისი ფასი 3900 დოლარზე ნაკლებია. პირველად 2017 წლის სექტემბრის შემდეგ ბიტკოინის ღირებულება 4000 დოლარს ჩამოსცდა და მაღლა ასვლასაც ვერ ახერხებს.
ერთ-ერთი ვერსიით, ბიტკოინის ფასის ვარდნას სხვადასხვა ფაქტორთან ერთად უკავშირებენ იმ შეზღუდვას, რაც ელექტრონული ფულის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ დააწესა. ცნობილია, რომ აზიური ქვეყნის მთავრობამ შეზღუდა ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი (გამომუშავება), ასევე, გადაწყვიტა ყველა იმ ვებ-გვერდის დაბლოკვა, რომლებიც ციფრული ვალუტით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული.
3 წლის წინ კრიპტოვალუტების ბუმმა მისდამი დიდი ინტერესი გამოიწვია და მაინინგის პროცესში მთელს მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო. თუმცა 2018 წლის შედეგებით, ვინც აღნიშნულ პროცესში 2017 ბოლოსკენ ჩაერთო, მან დიდი ალბათობით, დიდი ზარალი ნახა.
ერთ-ერთი მათგანი შონ რასელია.
„2017 წლის ნოემბერში 120 000 დოლარის ღირებულების ბიტკოინი შევიძინე და სულ რაღაც 1 თვეში მისმა ღირებულებამ 500 000 შეადგინა. ვფიქრობდი, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა“, - ამბობს რასელი, რომელიც ახლა მხოლოდ ზარალს ითვლის.
იგივე შეიძლება ითქვას ქართველ მაინერებზე. საქართველოში დიდი ცენტრების გარდა, უამრავი საოჯახო „მაინინგ-ფერმები“ მუშაობდა. მათი დიდი ნაწილი ახლა გაჩერებულია.
საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი მიიჩნევს, რომ ციფრულ ვალუტებს დიდი მომავალი არ აქვს და მათზე მაღალი ფასი მხოლოდ ხელოვნური აჟიოტაჟით იყო გამოწვეული.
„ბიტკოინი კრიპტოვალუტაა, რომელიც არ არის გამაგრებული რამე განსაკუთრებული ღირებულებით. რაღაც პერიოდის განმავლობაში ბიტკოინს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ჰქონდა აგრესიული და ინტენსიური რეკლამა, რამაც მიიზიდა საკმაოდ ბევრი ინვესტორი. აგორდა აჟიოტაჟი, მაგრამ არ გაითვალისწინეს, რომ ეს ყველაფერი მცირე დროის შემდეგ ნელდება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, რაც მოსალოდნელი იყო და მომავალშიც გაგრძელდება.
ხელოვნური მანიპულაციით ბიტკოინის ფასის ზრდა შესაძლებელია, თუმცა, მერწმუნეთ, ეს მხოლოდ დროებითი პროცესი იქნება“, - განაცხადა თოქმაზიშვილმა.