გაზრდილი ანტიდასავლური განწყობა და რადიკალური მემარჯვენე ჯგუფები ფეისბუკში, - ასეთია ახლახანს ჩატარებული კვლევის დასკვნა. კვლევის მიხედვით, ბოლო სამ წელიწადში შესამჩნევად გაიზარდა ასეთი განწყობის ფეისბუკგვერდები და მათი აუდიტორიაც. ეს გვერდები დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს აქვს მოწონებული.
ანტიდასავლური დისკურსის ბარომეტრი არის „CRRC-საქართველოს“ პროექტი, რომელიც დეზინფორმაციის და ანტიდასავლური პროპაგანდის გამავრცელებელ ფეისბუკგვერდებს სწავლობს. სულ 70-მდე ასეთი ფეისბუკგვერდი გაანალიზდა, მათ შორის, ქართული მარში, წინააღმდეგობა/Resistance, ქართული ძალა, Antiliberal Channel, ქართული ნაციონალისტური ლეგიონი, ახალგაზრდა პატრიოტები, ეროვნული ლეგიონი, ნაციონალისტური გამოღვიძება, კარდჰუ, ევროპის დაცემა და სხვა.
ფეისბუკგვერდების სიმრავლიდან გამომდინარე, მართლაც გაზრდილია თუ არა ანტიდასავლური განწყობა საქართველოში?!
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ჩვენ კატეგორიულად დავუპირისპირდით რუსეთს და ჩამოვეკიდეთ დასავლეთს, თუმცა ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ამით ქვეყნისთვის პოზიტიური ცოტა რამ ხდება. ნელ-ნელა იმედგაცრუებაც ჩნდება დასავლეთის მიმართ, რადგან 20 წლის წინ რომ გვეგონა, აგერაა დასავლეთი, წავალთ დასავლეთისკენ, უცბად მოგვიგვარდება პრობლემები და დასავლეთ ევროპული სახელმწიფოების დონემდე მივალთ, ასე არ მოხდა. გიორგი ოთხმეზურის მოსაზრებით, ამას თვითონ „ნაციონალური მოძრაობაც“ უწყობს ხელს, რომელსაც გამოჰყავს თავიანთი დასავლელი მომხრეები, რომლებიც დღესაც „ნაცმოძრაობას“ უჭერენ მხარს. თუმცა, ამის მიუხედავად, ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ანტიდასავლური განწყობის ზრდა აპრიორი სულაც არ ნიშნავს რუსეთის ვექტორისკენ სვლას.
„არა ბატონო, რუსეთის ვექტორისკენ სვლაზე არც არის საუბარი. საბჭოთა კავშირის აღდგენა აბსოლუტურად გამორიცხულია, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეთ ზოგიერთებს და ვისაც არ უნდა ჰქონდეს ამის სურვილი. დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა და რეალობაც ისეთია, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და დალაგება აუცილებელია. ნებისმიერ პოლიტიკოსს რომ ჰკითხოთ, ყველა ამბობს, არის ორი გზა - ან ომით, ან დიპლომატიით და დიპლომატია, სამწუხაროდ, რუსეთის მიმართ ნულზეა დასული. თუნდაც აბაშიძე-კარასინის ფორმატი გამუდმებული კრიტიკის ქარცეცხლშია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ერთი სული აქვთ, ეგ ფორმატიც შეწყდეს“,-აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, როდესაც ხელისუფლება რაღაც პრობლემის გამო პოლიტიკურ ველს, პოლიტიკურ სივრცეს უთმობს ასეთ ძალებს, ანტიდასავლური განწყობის ზრდა გარდაუვალია.
„ფაქტია, ამ არჩევნებზეც ასე მოხდა, ხელისუფლებამ ამ ძალებს აქტიურობის ველი გაუხსნა, ინიციატივაც კი დაუთმო. სამწუხაროდ, ხელისუფლებისთვის გეოპოლიტიკური არჩევანი, სახელმწიფოებრივი გრძელვადიანი არჩევანი მეორეხარისხოვან პრობლემად იქცა და პირველხარისხოვან პრობლემად იქცა ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი მეთოდით, ანუ პრინციპით, ეშმაკსაც კი შევეკვრები, ოღონდ ხელისუფლებაში დავრჩე. ეს არის მთავარი და სახიფათო პრინციპი. არა მგონია, ამან კრიტიკულ სახიფათო ზღვარს მიაღწიოს რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ფაქტია, პრობლემა იზრდება“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.