„ბრძოლა მიმდინარეობს შავი ზღვის აკვატორიისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან სახიფათოა“

„ბრძოლა მიმდინარეობს შავი ზღვის აკვატორიისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან სახიფათოა“

„ბატონო პუტინ, გთხოვთ, გაეთრიეთ უკრაინიდან!“ - ეს უკრაინის პრეზიდენტის მესიჯია. პეტრო პოროშენკოს სურს, პრეზიდენტმა ტრამპმა ეს სიტყვები ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტზე გადასცეს.

პეტრო პოროშენკოს თქმით, რუსეთის რეალური მიზანი ზღვის ოკუპაციაა და რუსეთი უკრაინას თავს იმის გამო ესხმის, რომ უკრაინას არ სურს რუსეთის იმპერიის ნაწილი იყოს.

პარალელურად, უკრაინის მთავრობამ ნატოს მოკავშირე ქვეყნებს შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო გემების გაგზავნა და იქ გემების მუდმივად დარჩენა შესთავაზა, რადგან ეს გლობალური საფრთხის წერტილია. უკრაინის მთავრობის ეს გადაწყვეტილება 25 ნოემბერს მომხდარმა დაპირისპირებამ გამოიწვია, როცა რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს და სახიფათო მანევრირების მომიზეზებით ცეცხლი გახსნეს, რასაც 6 უკრაინელი მეზღვაურის დაჭრა მოჰყვა.

მოსკოვი მიიჩნევს, რომ ქერჩის სრუტე რუსეთის ტერიტორიული წყლების ნაწილია, უკრაინა და საერთაშორისო თანამეგობრობა კი არ ცნობს ყირიმის ანექსიას და სრუტის საერთაშორისო სტატუსს იშველიებს.

უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი აცხადებს, რომ რუსეთი შავ ზღვაზე ახორციელებს აგრესიას და ექსპანსიას. უკრაინელი დიპლომატის თქმით, შავი ზღვა ჩვენი საერთო შეშფოთების საგანია, რადგან მისი უსაფრთხოება საკვანძო საკითხია საქართველოსთვის, უკრაინისთვის და შავი ზღვის სხვა ქვეყნებისთვის.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ქერჩის სრუტე შავ და აზოვის ზღვებს აკავშირებს, ეს ნიშნავს, რომ ქერჩის სრუტის ჩაკეტვა და უკრაინის აზოვის ზღვისპირა ქალაქების იზოლაციაში მოქცევა პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვისაც, მათ შორის, საქართველოსთვისაც. ამასთან, წესით, საინტერესო უნდა იყოს ის საკითხიც, რა პოზიციას დაიკავებს შავი ზღვის აუზის ერთ-ერთი ქვეყანა - თურქეთი, რომელიც, მართალია, ნატო-ს წევრია, მაგრამ რუსეთთან დაახლოებას წარმატებით უთავსებს ნატო-ს წევრობას და რუსული სარაკეტო სისტემითაც იარაღდება.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ საკითხს მაინცდამაინც საქართველოსთან არ დააკავშირებდა, რადგან აზოვის ზღვის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უფრო ძალების მოსინჯვას უნდა ჰგავდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის.

„ამას გარკვეული ტაქტიკური, მოკლევადიანი მიზნები უნდა ჰქონდეს. ისიც გასაგებია, რომ დასავლეთს სურს შავ ზღვაში თავისი აქტიურობის გაზრდა. რუსეთი კი თავისი ქმედებით აჩვენებს, რომ ამას არ დაუშვებს. ამ საქმეში კატალიზატორად გამოყენებულია უკრაინა, რადგან უკრაინელებს სამი კატერი მაინც ჰყავთ, ჩვენ ერთი კატერიც არ გვყავს და ეს კარგია, რომ არ გვყავს კატერი, რადგან ეს დიდი გეოპოლიტიკური თამაშებია, რაც არა მგონია, ჩვენ დონემდე მოგვწვდეს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და, შეკითხვის საპასუხოდ, რამდენად სახიფათოა ჩვენთვის რუსეთ-თურქეთის ალიანსი, განმარტავს, თუ ასეთი ალიანსი შედგა, რასაკვირველია, ჩვენთვის სერიოზული ხიფათის შემცველი იქნება.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთს ძალიან დიდი ინტერესი და დიდი პრეტენზიაც აქვს შავი ზღვის მიმართ, რადგან მას არ სურს შავი ზღვისპირეთის დაკარგვა და სურს, შავი ზღვის აკვატორია მისი გავლენის სფერო იყოს. თუმცა ახლა საუკეთესო დრო არ არის ამისთვის, ამიტომაც რუსეთი ახდენს პროვოცირებას და შიგადაშიგ ავლენს თავის ძალას.

„სამწუხაროდ, კიდევ დიდხანს შესწევს რუსეთს იმის ძალა, ხელიდან არ გაუშვას პრიორიტეტები, რაც მას გააჩნია შავ ზღვაზე. არც უკრაინის გაშვება უნდა რუსეთს, მაგრამ არა მარტო რუსეთსა და თურქეთს აქვთ ინტერესი შავ ზღვაზე, არამედ ამერიკასაც. 2008 წლის ომის დროს ერთადერთი, რაც ამერიკელებმა გააკეთეს, შემოიყვანეს გემები და საპორტო ქალაქ ფოთში დააყენეს, რათა ფოთი არ დაეკავებინა რუსეთს. ახლაც ბრძოლა მიმდინარეობს შავი ზღვის აკვატორიისთვის და ძალიან სახიფათო სიტუაციაა ჩვენთვის, რადგან რუსეთ-თურქეთის შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით და ფრონტის წინა ხაზზე ჩვენი ყოფნა არაფრით არ შეიძლება“, - აცხადებს გიორგი ოთხმეზური და განმარტავს, რომ, მართალია, თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ დღესაც თურქეთში ასწავლიან, რომ ბათუმი თურმე თურქების საკუთრება ყოფილა, რომელიც მათ რუსებმა წაართვეს. მთლიანი აჭარის მიმართ თურქების პრეტენზია კი ყველასთვის ცნობილია.

გიორგი ოთხმეზურის განმარტებით, ასეთ სურვილებს თურქები არც მალავენ და ესეც კიდევ ერთი დიდი დანაშაულია „ნაცმოძრაობის“, რომ მათ ათეულ ათასობით თურქს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა. საუბარია იმაზე, რომ საქართველოდან წასვლის წინ სააკაშვილმა თურქეთის 7 ათას მოქალაქეს ბრმად მისცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა.

„რომელიმე ქვეყანაში ასეთი რამ მომხდარა? ვინ მოგვცემს გინდ ამერიკის, გინდ ინგლისის, გინდ საფრანგეთის მოქალაქეობას, იქაური ენა და იმ ქვეყნის ისტორია თუ არ ვიცით? ან რაიმე წვლილი თუ არ გვაქვს შეტანილი იმ ქვეყნის განვითარებისთვის?“