წავა თუ არა

წავა თუ არა "ოცნება" ვადამდელ არჩევნებზე?

“რაც უფრო ადრე ჩაატარებს არჩევნებს, უფრო მეტი მანდატის მოპოვების შანსი აქვს, რადგან მისი ნდობა მცირდება"

რამდენად შესაძლებელია მაჟორიტარობა გაუქმდეს და პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდეს არა 2024 წელს, არამედ რამდენიმე თვეში და ამ ახალი - პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს? პოლიტოლოგები და იურისტები აცხადებენ, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა ამ ცვლილების ბერკეტი მხოლოდ „ქართული ოცნების" ხელშია და ამდენად ვარაუდია, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა თითქმის გამორიცხულია, პროპორციული სისტემის 2020 წლამდე გადმოვადებისთვის კი ბრძოლა ღირს.

არჩევნების მეორე ტურის მეორე დღეს ფილარმონიაში შეკრებილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაცხადა, რომ ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებენ, ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და რაც მთავარია, პროპორციული სისტემით.

ახალი კონსტიტუციით, რომელიც 16 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება, მაჟორიტარული წესის გაუქმება და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება 2024 წლიდანაა შესაძლებელი, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნით ეს ჩანაწერი უნდა შეიცვალოს და მომდევნო არჩევნები ჩატარდეს მაჟორიტარების გარეშე, თანაც არჩევნები არა 2020 წელს, არამედ ვადაზე ადრე უნდა ჩატარდეს.

კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაიას თქმით, თეორიულად შესაძლებელია პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნები მოესწროს, თუმცა ეს ნაკლებად პერსპექტიული და ლოგიკურია და თვლის, რომ მთავარი პოლიტიკური ამოცანა 2020 წლისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უნდა იყოს.

მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად აუცილებელია კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს და თუკი პარლამენტის ¾ დაუჭერს მხარს პროპორციულ სისტემას, კანონის მიღებას 3 თვეზე მეტი არც დასჭირდება.

„კონსტიტუციის შესაცვლელად ორი გზა არსებობს. ერთი გზა გულისხმობს, რომ პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ით დამტკიცდეს კანონპროექტი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მეორე მოწვევის პარლამენტის თანხმობაა საჭირო, ამიტომ ეს 2020 წლამდე წარმოუდგენელია მოხდეს. ასევე არსებობს მეორე გზა, პარლამენტის 3/4-ის მიერ დამტკიცდება ჩვეულებრივი კონსტიტუციური კანონპროექტი და დაახლოებით 2-3 თვეში ეს ყველაფერი ძალაში შევა. დღეს მოქმედი კონსტიტუციით საკონსტიტუციო კანონის ძალაში შესვლას 2 სესია სჭირდება, მაგრამ ახალი კონსტიტუციური რედაქციით, რომელიც ახლა შევა ძალაში, 3/4-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში მეორე სესია საჭირო აღარ არის," - აღნიშნავს ჩოკორაია.

მისი თქმით, თეორიულად ასევე შესაძლებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც, მაგრამ ამისათვის უმრავლესობამ თავად უნდა შექმნას ხელოვნური კრიზისი.

„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა რამდენად შესაძლებელი იქნება, არ ვიცი. ამას დიდი პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება და რეალურად ეს ყველაფერი ხელისუფლებამ უნდა მოინდომოს, იმიტომ რომ, პარლამენტის დათხოვნას თავისი კონსტიტუციური პროცედურები აქვს. მთავარი ამოცანა უნდა იყოს ბრძოლა პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად. ეს უფრო პერსპექტიული და ლოგიკურია. თეორიულად, თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოინდომებს ხელისუფლება, მან თავად უნდა გადადგას ნაბიჯები. პარლამენტის დათხოვნა ორ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდება პარლამენტის მიერ, ან პრემიერ-მინისტრი თავისი ნდობის საკითხს დააყენებს პარლამენტის წინაშე, პარლამენტი მას ნდობას არ გამოუცხადებს და თან ახალ პრემიერს არ აირჩევს. ეს იმ კონფიგურაციაში, რაც ახლა პარლამენტშია, წარმოუდგენელია, თუ უმრავლესობა თვითონ არ მოინდომებს ამას, "- ამბობს ჩოკორაია.

კონსტიტუციონალისტი ამბობს, შესაძლებელია ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებზეც წამოვიდეს, მაგრამ თვლის, რომ სტაბილურობისთვის, ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მოხდეს შეთანხება პროპორციული სისტემის შემოღებაზე და 2020 წლისთვის კარგი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.

განსხვავებული მოსაზრება აქვს იურისტ ლევან ალაფიშვილს, რომელიც თვლის, რომ სწორედ ქვეყნის განვითარებისთვის უმჯობესი იქნება თუ მმართველი ძალა დათანხმდება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად რიგგარეშე არჩევნებიც ჩატარდება.

ალაფიშვილის აზრით, თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, „მივიღებთ ძალიან მყიფე, ტურბულენტურ 2-წლიან გარემოს, რომელიც შეიძლება ასე ადვილად გასავლელი სულაც არ აღმოჩნდეს და შესაბამისად ხელისუფლება, რომელსაც ხელთ კონსტიტუციური უმრავლესობა ექნება, არ იქნება დაზღვეული იმ ცდუნებისგან, რომ ეს შეუზღუდავი ძალაუფლება და დამატებული პრაქტიკულად ამოუწურავი ფინანსური რესურსი გამოიყენოს საკუთარი პარტიული დღის წესრიგის შესაბამისად, რაც ქვეყნის დემოკრატიას კიდევ უფრო მეტად აზიანებს.

„ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება სტაბილურობა და რეფორმები. ამიტომ ამ ტურბულენტურ 2-წლიან პერიოდში არც იმისგან ვართ დაზღვეული, რომ მთავრობა იქნება უფრო მეტად პოპულისტი და არა რეფორმებზე ორიენტირებული, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკური განვითარება ვერ იქნება ისეთი, როგორც ჩვენ გვჭირდება. შეიძლება, მინიმუმ 2 წელი შევალიოთ მყიფე ორ თუ სამ პოლიტიკურ ძალას შორის ქიშპობას, შეჯიბრს - ვინ უფრო პოპულისტი იქნება, ვინ უფრო მეტად მოაწონებს, მოისყიდის, მიიმხრობს ამომრჩეველს. სახელმწიფოს მართვის გარდა შეიძლება ვნახოთ პოლიტიკური ძალების მასკარადი," - აღნიშნავს ალაფიშვილი.

რას იზამს ხელისუფლება, დათანხმდება თუ არა ოპოზიციის მიერ გახმოვანებულ მოთხოვნებს?

ლევან ალაფიშვილის თქმით, ხელისუფლება დგას არჩევანის წინაშე, პარტიული ინტერესები გადასწონის თუ სახელმწიფო ინტერესები და ეს ეხება როგორც პროპორციულ სისტემაზე მსჯელობის დაწყებას, ასევ ვადამდელი არჩევნების თემის განხილვასაც.

როგორც კონსტანტინე ჩოკორაია ამბობს, თეორიულად შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება რაღაც ეტაპზე ხელისუფლებისთვის უკეთესიც იყოს.

„რაც უფრო ადრე ჩაატარებს არჩევნებს, უფრო მეტი მანდატის მოპოვების შანსი აქვს, რადგან მისი ნდობა ნელ-ნელა კიდევ უფრო შემცირდება, ეს ტენდენცია ჩანს. მით უმეტეს, სწრაფად არჩევნების ჩატარება ნიშნავს სწრაფად ფინანსების და რესურსების მობილიზებას, რაც ხელისუფლებას შეუძლია. თუმცა მეორე ამბავია, რომ ხელისუფლებას კიდევ 2 წელი აქვს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში იყოს. იმიტომ რომ, რაც არ უნდა სწრაფად ჩაატარონ არჩევნები, შეიძლება საერთოდ დაკარგონ უმრავლესობა პარლამენტში და დაკარგონ ხელისუფლება, ამიტომ გააჩნია, როგორ შეხედავენ ამ პროცესს," - აღნიშნავს ჩოკორაია.

მისი თქმით, რას იზამს ხელისუფლება, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა თვლის, რომ პროპორციული სისტემის შემოღებაზე უნდა დათანხმდეს, რადგან ეს აუცილებელია ქვეყნის ინტერესებისთვის.

„თუმცა ძალიან მიჭირს, დღეს, არჩევნების შემდეგ, ვთქვა, გააკეთებს თუ არა ამას ხელისუფლება. ვნახოთ," - დასძენს ჩოკორაია.