სანამ სესხების ჩამოწერის პროგრამა ამოქმედდებოდეს, მის ირგვლივ უკვე ათასგვარი ჭორი აგორდა და რაც მთავარია, სხვადასხვა მანიპულაციები დაიწყო. ზოგიერთი ამას წინასაარჩევნოდ იყენებდა, ზოგი კი - სარგებლის მიღებისთვის. განსაკუთრებით საინტერესოა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მდგომარეობა, რადგან გარკვეულ ნაწილს არც კი აძლევს ხელს ვალების განულების ივანიშვილისეული ვარიანტი.
ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა მიკროსაფინანსოებისა და ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების მხრიდან წამოწყებულ მანიპულაციებთან დაკავშირებით შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:
„იცით, რომ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ ადამიანებს, რომელთა ვალის ძირი თანხა 2000 ლარამდე შეადგენს, 15 დეკემბრიდან ვალი უნულდებათ. თუ ადამიანს რამდენიმე სესხი აქვს სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში და თითოეული იმ სესხის ძირი თანხა 2000 ლარამდეა, „შავი სიიდან“ ამ ადამიანებსაც ამოშლიან და თითოეული ასეთი სესხი გაუნულდებათ.
პირობა ასეთია, რომ ე.წ. პრობლემური სესხის მქონე პირს 2018 წლის იანვრის შემდეგ არ უნდა ჰქონდეს გადახდილი არც ერთი ლარი იმ მიკროსაფინანსო კომპანიისთვის, სადაც ვალი (ან რამდენიმე ვალი) აქვს; ანუ ცვლილება და ე.წ. ვალის განულება შეეხება პირს, ვისაც აქვს 2000 ლარამდე ვალი (ძირი თანხა) და 2018 წლის შემდეგ არაფერი არ აქვს გადახდილი მსესხებელი კომპანიისთვის, რის გამოც მისი სესხი პრობლემურად ითვლება.
ბოლო დღეებში უკვე რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ იმ კონკრეტული მიკროსაფინანსოებიდან, სადაც ადამიანს აქვს ვალი აღებული 2000 ლარამდე და 2018 წლის შემდეგ არაფერი გადაუხდია – ურეკავენ ადამიანებს და ეუბნებიან: თქვენ გაქვთ ამდენი და ამდენი სესხი, გაქვთ დავალიანება და თუ გინდათ სესხის გადანაწილებაზე მოვილაპარაკოთ, მინიმუმ 5 ლარი მაინც ჩარიცხეთ ახლა ჩვენთანო და შემდეგ უკვე გადახდის გრაფიკზე მოვილაპარაკოთო, რა დავალიანებაც გაქვთ ჩვენთან, იმის ნახევარს გადაგახდევინებთ მარტო, ან შეიძლება უფრო ნაკლებსაც, მთავარია რამე თანხა დააფიქსიროთ ახლა ჩვენს ანგარიშზეო...
ანუ რა გამოდის: მსესხებელს, რომელსაც 2018 წლის მერე არაფერი არ აქვს გადახდილი ვალის დასაფარად და რომელიც ხვდება ე.წ. „შავ სიაში“ და ვალი გაუნულდება – ურეკავენ მიკროსაფინანსოები და სთავაზობენ, თუნდაც 5 ლარი გადაიხადოს ადამიანმა მათ ანგარიშზე, რომ მერე „გადახის გრაფიკი შესთავაზონ“, ან „მხოლოდ ძირი თანხა გადაახდევინონ“.
რეალურად კი, გამოდის შემდეგი: თუკი პირი წამოეგება მათ ანკესს და თუნდაც 5 ლარს გადარიცხავს ახლა მათ ანგარიშზე, ის ავტომატურად გახდება ე.წ. გადამხდელი და დიდი ალბათობით, მომენტალურად ამოვარდება იმ „შავი სიიდან“, რომელშიც ახლა იმყოფება და ვალი ვეღარ გაუნულდება“, - აღნიშნავს ჟურნალსტი.
მიმდინარეობს სხვა ტიპის მანიპულაციებიც. მაგალითად, მოსახლეობას ატყობინებენ, რომ მათ საბანკო ვალდებულება დაფარულია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გააქტიურდა არჩევნების წინა დღეებში. სხვათა შორის ამის შესახებ მთავრობაშიც სმენიათ, თუმცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანისთვის მაინც დაუჯერებელია თუ ვინ ატყუებს მოსახლეობას.
მინისტრის გარკვევით ამბობს, რომ არანაირი სესხის განულება არ ხდება და ეს ცრუ ინფორმაციაა. ჯერჯერობით პროექტი არათუ დაწყებული, დაზუსტებულიც კი არ არის.
„ჯერ ერთი ეს ფაქტები არ დასტურდება და ვერ დავიჯერებთ. როგორ წარმოგიდგენიათ როდესაც ვიღაცა ვიღაცასთან მივა როგორ მოატყუებს? როცა მთელი მთავრობა იძახის, რომ ეს პროცესი რეალურად 15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ვინ მოტყუვდება? ეს ხომ ისეთი ტყუილია, რომელსაც მოკლე ფეხები აქვს. ამიტომ არ მჯერა, რომ ასე ხდება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.