„წინა ხელისუფლების დროს ყველა ბიზნესს პროკურატურა აკონტროლებდა, ახლა - ბანკი“

„წინა ხელისუფლების დროს ყველა ბიზნესს პროკურატურა აკონტროლებდა, ახლა - ბანკი“

ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში მიიღო, მიუხედავად ამისა, ამ სფეროში 4 წლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. ბიზნესი კვლავ დიდი პრობლემების წინაშეა, ხოლო ბანკებთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობა მუდმივად ფართოვდება.

პირველ ეტაპზე არაპროფილურ აქტივებზე უარის სათქმელად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ. 2017 წლის ბოლოს კი პარლამენტმა ისევ მიიღო კანონი „კომერციული ბანკის რეგულირების შესახებ კანონი“, რითაც ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა დამატებით აეკრძალათ. თითქოსდა ბანკებს არაპროფილური ბიზნესის ფლობის უფლება ერთი შეხედვით აღარ აქვთ, მაგრამ სპეციალისტები ღიად აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილაა.

როგორ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, დიდი ხანია შემუშავებულია კანონპროექტი „კომერციული ბანკების რეგულირების შესახებ“, სადაც დარჩენილია ისეთი ღია მუხლები, რომელიც რეალურად კრძალავს არაპროფილური აქტივების ფლობას. კვირიკაშვილის პრემიერობის და ქუმსიშვილის ვიცე-პრემიერობის დროს, ეს დამატებითი დებულებები მომზადებული იყო, თუმცა მათი კანონზე დართვა აღარ მოხდა.

„კანონი მივიღეთ 2017 წლის დეკემბერში. მაშინ ითქვა, რომ დამატებითი დებულების სახით 3-4 თვეში ცვლილებები უნდა შესულიყო. კერძოდ, ჩავდიოდით ბანკების დამფუძნებლების დონემდე, ვისაც კი წვდომა აქვს ნებისმიერ ინფორმაციასთან, კლიენტის ბიზნესგეგმა იქნება თუ სხვა საქმიანობა, ისე, რომ მათ და მათ ოჯახის წევრებს არ ჰქონოდათ უფლება დაეწყოთ არაპროფილური ბიზნესი. შედგებოდა სია და ეს დაიდებოდა ეროვნულ ბანკში. ეს მომზადებული იყო ქუმსიშვილის და მურთაზ კიკორიას მიერ. უბრალოდ, მაშინ კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა დატოვეს თავიანთი თანამდებობა. შედეგად, ეს საკითხიც გაჩერდა“, - განუცხადა „კომერსანტს“ ჭიჭინაძემ.

ცვლილებათა პაკეტის თანახმად, უნდა გაკეთდეს დამფუძნებლების სია, რომლის მიხედვითაც, ბანკის დამფუძნებელს ან მის ოჯახის წევრს, თუ ამავე საფინანსო ინსტიტუტის არაპროფილურ ბიზნესში ექნება 3 პროცენტზე მეტი, ეს უკვე არაპროფილურ საქმიანობად ჩაითვლება.

ბანკების არაპროფილურ საქმიანობასთან დაკავშირებით დიდ პრობლემები აქვს ბიზნესს. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელ ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, თუ ბანკების არაპროფილური საქმიანობა საბოლოოდ არ აიკრძალება, საფრთხე მუდმივად იარსებებს არა მარტო დეველოპერული, არამედ სხვა ბიზნესებისთვისაც, სადაც ბანკებს აქვთ პირდაპირი ინტერესი.

„ჩვენ აქამდეც ვაპროტესტებდით, რომ ბანკებს აქვთ არაპროფილური ბიზნესი. მათი ინტერესი, საბანკო სფეროს გარდა, უამრავ სხვა პროფილს მოიცავს - ღვინისა და კონიაკის საწარმოები, ტურისტული ფირმები, სამედიცინო და საგანმანათლებლო სფერო და სხვა, რაც ბიზნესის განვითარებას კლავს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

როდესაც მეწარმეს ბანკისთვის კონკურენციის გაწევა არ შეუძლია, ბიზნესი მოისპობა და გახდება მონოპოლია ბანკების ხელში.

წინა ხელისუფლების დროს ყველა ბიზნესს პროკურატურა აკონტროლებდა, ახლა - ბანკი. როდესაც ფინანსური ინსტიტუტი უკვე გლეხისთვისაც იქცევა კონკურენტად,

დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს საქართველოში ბიზნესის კეთება არის წამგებიანი. ბევრად მომგებიანია, თანხა შეიტანო ბანკში და წლიურად 10 პროცენტი მოიგო, ვიდრე ბიზნესი გააკეთო და გაკოტრდე. ასეთ პირობებში ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარიც წარმოუდგენელია“, - აცხადებს როსტომაშვილი და დასძენს, რომ არაპროფილური ბიზნესი არის ქართული ეკონომიკის დამანგრეველი.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სებ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა - საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა კანონში, რომელმაც ძალიან კარგი საფუძველი შექმნა იმისთვის, რომ ბანკებს არ ჰქონდეთ არაპროფილური აქტივები.

„დეპუტატთა ნაწილი ითხოვს კომერციული ბანკების დიდი წილის მფლობელ აქციონერებს აეკრძალოთ სხვა ბიზნესების ფლობა. ეს საკითხი ჩვენ შევისწავლეთ, 2016 წლის წლიურ ანგარიშში 6 ქვეყნის მაგალითიც მოვიყვანეთ ამასთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც ისრაელის მოდელთან იყო ახლოს. იგი განვიხილეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად და მათი დასკვნა იყო ასეთი, რომ არაა ეს სწორი მიმართულება, რადგან თუ არის რაიმე პრობლემები კონკურენციასთან დაკავშირებით, ეს უნდა გადაწყდეს რეალურ სექტორში კონკურენციის სააგენტოს დახმარებით და ვფიქრობ, პარლმენტარებიც იმუშავებენ ამ საკითხზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.