[ახალი 7 დღე.სანდრო ყაველაშვილი]
რამდენიმე ხაზზე მოძრავმა მიკროავტობუსმა მგზავრობის ტარიფი 60 თეთრამდე შეამცირა. ძველებიდან ეს ყველამ არ გააკეთა. როგორც ყველგან, „მარშრუტკებს“ შორისაც არის უმცროს-უფროსობა, კაი ტიპობა, კარგ ტიპებად ის ხაზები ითვლება, რომლებიც ადამიანებით დახუნძლულები დადიან - ხომ გინახავთ ასეთი „მარშრუტკები“ - ადამიანის ზურგი ფანჯარაში, მეორე ფანჯარაში მეორე ადამიანის საჯდომი, მესამეში - ხელი ან ფეხი. ასეთ ტიპებს ვინ აკადრებდა, მგზავრობის ფასი დააკელითო. ისევ ისე დადიან - საკუთარ შიგთავსში ჯოჯოხეთივით ერთმანეთში აზელილი ადამიანებით და ვერც საპატრულო პოლიცია ხედავს ამ ჯოჯოხეთს, ვერც მერია...
ეტყობა, ეს ქართულ სინამდვილეში არსებული მარშრუტკების ავადმყოფობაა. უფრო სწორე, ჩვენი ავადმყოფობა და მძღოლის კარგად მყოფობა. ადრე თითოეული მგზავრი მათთვის 50-თეთრიანს ჰგავდა, ახლა ფასი მოვიმატეთ. გვიყურებენ და მთელი 80 თეთრი ვგონივართ ყოველი.
ახლებსაც იგივე დაემართათ. 61 ნომერ სამარშრუტო ტაქსს თითქმის 20 წუთი ველოდე. არ წავყევი მისსავე მიმართულებით მიმავალ ძველებს და დანჯღრეულებს. ავედი და კონდიცირების სიგრილისგან გავიბადრე. მერე მოვთავსდი ფუმფულა სავარძელზე და ჩემი გაოფლილი კისრისკენ მოშვერილი „ვენტილიატორის“ ფრთა ოდნავ გვერდზე შევაბრუნე. მივდივარ და ვფიქრობ: კარგია! რაღაც მაინც კარგია ამ ქალაქში. როგორ დაგენანება ასეთ კომფორტში 80 თეთრი. სკამები ივსება. ყველას კმაყოფილი სახე აქვს. მიდის და მისრიალებს მიკროავტობუსი.
ვაა! უცებ თვალებს არ ვუჯერებ. მანქანას ადამიანების მთელი ჯგუფი აჩერებს და ესეც უჯერებს. სავსეა მანქანა. ადამიანები ამოდიან: ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე. ისევ აჩერებს: მეექვსე... ისევ: მეათე, მეცამეტე.
-ბიჭო, - ეუბნება ერთი ქალაქელი სიმპატიური ბიძა მძღოლს. გვასუნთქე. ხომ ამბობდნენ, ახალ მანქანებში ფეხზე წაკუზულები არ იდგებიანო.
-რა? ვინ აპროტესტებს? გაგიჩერო, ბიძაჩემო? ჩადი და ტაქსით წადი, მარტო იჯდები.
მეც ვერევი:
-მართალს გეუბნება ეს კაცი. ამ პატარა მანქანებში ადამიანების ფეხზე დაყენება ადრეც აკრძალული იყო და ახლაც აკრძალულია.
მძღოლს ნერვები აეშალა.
-არ გამაგიჟოთ! ძველებში თუ ასხდებოდით ერთმანეთს, ახლა ვერ აგიტანიათ? აბა, მარტო ორი კაცისთვის ვიარო? იცი, რამდენი იყო შესატანი, მანქანა რომ მოეცათ?
და ასე შემდეგ. მანქანის მგზავრები ორად გაიყვნენ. ფეხზე მდგომების უმეტესობა მძღოლოს მხარეს დადგა. დამსხდრებისა - ჩემს მხარეს. არც ერთი არ ვთმობთ. ისმის კივილი, ერთმანეთის შეურაცხყოფა. ერთ ქალს ფეხზე მდგომმა გოგონამ მოუწოდა, გახდი, ორი კაცის ადგილს რომ იკავებო. ალბათ გოგონას ეგონა, ქალი თუ გამხდარი იქნებოდა ორკაციან სავარძელში თვითონაც დაეტეოდა.
მძღოლი გვემუქრება ჩვენ და მერიას ერთად:
-არ დაგვაყენებინებენ ხალხს ფეხზე და მივუყრით გასაღებებს. დაქოქონ მერე უგულავამ და შარანგიამ და იარონ რამდენიმე კაცით.
მანქანას ჩემს გაჩერებამდე რამდენიმე მეტრით ადრე ახალგაზრდა კაცი აჩერებინებს და ჩასვლის წინ გვეუბნება: ვინც ეშმაკ და ქაჯ სააკაშვილთან არის შეკრული, ის ყველაზე მეტს ლაპარაკობს. თორემ მე რომ ხმა ამოვიღო, ამაღამ წამიყვანენ!
არ ვიცი, მერე რა მოხდა „მარშრუტკაში“. ახალგაზრდა კაცს მეც ფეხდაფეხ ჩავყევი.
1122
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85